Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია "იბერიასა" და კომპანია "ომეგასთან" დაკავშირებული აჟიოტაჟი


საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ოპონენტებს კიდევ ერთხელ მისცა საბაბი, დაედანაშაულებინათ იგი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაში. ხუთშაბათს, დილის 10 საათზე,

პროკურატურის გამომძიებლებმა, რომლებსაც ხელთ ჰქონდათ სასამართლოს სანქცია, ერთდროული ჩხრეკა ჩაატარეს ფირმა "ომეგას"ცენტრალურ ოფისსა და მის საკუთრებაში არსებულ ყველა კერძო კომპანიაში, რომელთა შორის დამოუკიდებელი ტელეკომპანია "იბერიაც" შედის. გამოძიება ტელევიზიის შენობაში ეძებდა საბეჭდ დანადგარებს ყალბი აქციზური მარკებისათვის, რომლებსაც, პროკურატურის მტკიცებით, ფირმა "ომეგა" კონტრაბანდული სიგარეტის რეალიზებისთვის გამოიყენებდა. ჩხრეკა უშედეგოდ დამთავრდა, სამაგიეროდ, ერთი საათით შეფერხდა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მუშაობა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

შავნიღბიანმა სპეცრაზმელებმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან "ომეგა ჯგუფის"ცენტრალური და რეგიონული ოფისების ბლოკირება დილის ათი საათიდან დაიწყეს, შენობებში შესულმა გამომძიებლებმა კი ჩაატარეს ჩხრეკა და დალუქეს ფირმის ყველა ოფისი. გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, გამომძიებელთა ამ მოქმედებას საფუძვლად დაედო მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს სანქცია, რომელიც ულიცენზიო სიგარეტის მოძიების მიზნით გაიცა:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] "ჯგუფის ცალკეული კომპანიების მიერ ხდებოდა აჭარის ტერიტორიაზე ფიქტიური აქტივების შესყიდვა, შემდგომ ისინი კრედიტს ისვამდნენ ბიუჯეტში, გადასახადების სახით, და შემდგომში თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას. და ეს გახდა საფუძველი, რომ დღეს დაიწყო გარკვეული აქტიური ქმედებები ამ საქმესთან დაკავშირებით."

გენერალური პროკურატურა ამტკიცებს, რომ გამომძიებლებმა ერთ-ერთ შენობაში რამდენიმე, ყალბი აქციზური მარკების საბეჭდი, დანადგარი იპოვეს. "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელი, პარლამენტარი ზაზა ოქუაშვილი, რომლის მფლობელობაშიც შედის რამდენიმე მსხვილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - მათ შორის, პოლიგრაფიული ფირმა "ომეგა თეგი", ლიტერატურული ჟურნალი "ომეგა", ყოველკვირეული გაზეთი "ახალი ეპოქა" და ტელეკომპანია "იბერია", პროკურატურის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს:

[ზაზა ოქუაშვილის ხმა] "წარმოდგენა არა აქვს, როგორ კეთდება მარკა, როგორ კეთდება საქმე. მაგან მხოლოდ ნგრევა იცის. რა ყალბი მარკა? აბა, მანახვოს სად არის?"

ტელეკომპანია "იბერიის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ლიუბა ელიაშვილი, რომელსაც რევოლუციური ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს, ამტკიცებს, რომ 19 თებერვალს მოწყობილი სპეცოპერაციით ხელისუფლება მისთვის არახელსაყრელი დამოუკიდებელი ტელოკომპანიის დახურვას ცდილობს:
[ლიუბა ელიაშვილის ხმა] "ეს ხომ ყველასთვის გასაგებია - არის კერძო ბიზნესთან ბრძოლა იმისთვის, რომ იმ კერძო ბიზნესს აღარ შეეძლოს შეინახოს და დააფინანსოს ტელევიზია."

პროკურატურის გამომძიებლების მიერ "ომეგა -ჯგუფის" ოფისებში ჩატარებულმა ჩხრეკამ ტელეკომპანია "იბერიის" მუშაობის ერთსაათიანი პარალიზება გამოიწვია, რასაც პასუხად ახალი ხელისუფლების საწინააღმდეგო პირველი მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. ტელეკომპანიის მხარდასაჭერად შეკრებილი ასობით თბილისელი მოქალაქე "ვარდების რევოლუციის" გზით მოსულ ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებდა:

[მოქალაქეების ხმა] "ეს არის თავისუფალი აზრის შეზღუდვა." "მე ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა ქვეყნისთვის და საზოგადოებისათვის და დემოკრატიამდე ვერ მიგვიყვანს."


"ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია "იბერიის" ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერიც გამოეხმაურა:

[ვალტერ შვიმერის ხმა] "მიუხედავად იმისა, რომ გენერალური პროკურატურის მიერ განხორციელებული ოპერაცია "ომეგას" ფინანსური პრობლემების გასარკვევად იყო მიმართული, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს ტელეკომპანია "იბერიის" მუშაობას."

იმავე პათოსს ატარებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მიმართვაც. ჟვანიას თქმით, "ომეგას" და "იბერიის" საქმიანობა ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს.


[ზურაბ ჟვანიას ხმა] "ჩემთვის, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლისათვის, ეს არის ერთმნიშვნელოვანი პრინციპი, რომ არავინ უნდა შეაფერხოს გაზეთისა თუ ტელეკომპანიის მუშაობა, რა პოზიციაზეც უნდა იყვნენ ისინი."

პროკურატურის ქმედების შემდეგ ტელეკომპანია "იბერია" დაქსაქსული ოპოზიციის ციტადელად იქცა. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ჟურნალისტ ლიუბა ელიაშვილის საავტორო პროგრამა "დიალოგში" მწვავე განცხადებებს აკეთებდნენ. "ახალი მემარჯვენეების" წევრის, პარლამენტარ ფიქრია ჩიხრაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ, რუსეთის ხელისუფლების მიბაძვით, ხელი აღმართა სიტყვის თავისუფლებაზე:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] "მე მგონი, შემთხვევითი არაა, ჩვენი პრეზიდენტი ასე ძალიან რომ აქებს პუტინს და მოსწონს მისი მეთოდები. მე მგონი, იმავე მეთოდებით აპირებს ამ ქვეყანაში მართვას."

ხუთშაბათ საღამოს ქართველ ჟურნალისტთა ერთმა ნაწილმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყო რუსთაველის გამზირზე და წითელი ვარდებით მორთული კუბო, რომელსაც "თავისუფალი პრესა" ეწერა, პრეზიდენტის კანცელარიის წინ დაასვენა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG