Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან აბაშიძე თბილისში ჩამოსვლას არ ჩქარობს - პრეზიდენტი ტონს ამკაცრებს


ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი 20 თებერვალს ბათუმს ეწვევა. მის დასახვედრად, ოფიციალური ბათუმის გარდა, სერიოზულად ემზადება ოპოზიციური გაერთიანება "ჩვენი აჭარაც".

"ჩვენი აჭარა" ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ბათუმში მრავალათასიან მიტინგს დაახვედრებს და აჭარაში დემოკრატიული გარდაქმნებისათვის მხარდაჭერას სთხოვს. გრანდიოზული მანიფესტაცია ბათუმის ერთ-ერთ სკვერში პარასკევს 12 საათზე დაიწყება. პარალელურად საპროტეტსო აქციები გაიმართება ქედაში, ხულოსა და შუახევში. საპროტესტო ღონისძიებები 3 ძირითად თემას მოიცავს: აჭარის მოსახლეობაში ასლან აბაშიძის ხელისუფლების მიერ იარაღის მასობრივად დარიგება, 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და აჭარიდან საგანძურის გატანის შემსწავლელ სამთავრობო კომისიაში ოპოზიციონერთა შეყვანა. ვალტერ შვიმერს აჭარა საპროტესტო მღელვარებით დახვდება. უკვე შეიძლება იმის თქმაც, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ამ მღელვარების რადიკალურად განეიტრალებას ვერ შეძლებს. იგი ასლან აბაშიძის თბილისში ჩამოყვანას არ აპირებს.

პრესასთან საუბარში ვალტერ შვიმერმა აღნიშნა, რომ მისი ბათუმში ჩასვლის მიზანი მედიატორის ფუნქციის შესრულება არ არის. ამას გარდა, ასლან აბაშიძის თბილისში ჩამოყვანის პუნქტი არსად ფიგურირებს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის სამუშაო პროგრამაში. პროგრამაში ცვლილების შეტანა პრაქტიკულად შეუძლებელია იმ ფონზე, როცა ასლან აბაშიძე თბილისში ჩამოსვლის ნებას თავად არ ამჟღავნებს. ავსტრიიდან დაბრუნების შემდეგ, 18 თებერვალს, მან განაცხადა, რომ თბილისში მანამდე არ ჩამოვა, ვიდრე ცენტრში არ გამოიძიებენ ყველა ტერორისტულ აქტს, რომელიც გასულ წლებში მის წინააღმდეგ იგეგმებოდა. როგორც დედაქალაქში აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დეპუტატი ჰამლეტ ჭიპაშვილი შენიშნავს, ასლან აბაშიძის ეს განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ იგი ხელოვნურად არიდებს თავს დედაქალაქში სტუმრობას. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამისათვის ჯერჯერობით არც კონკრეტული მიპატიჟება არსებობს და არც სერიოზული, საქმიანი საბაბი.

[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა] "თუკი არ იქნება რაღაც ისეთი საკითხი გადასაჭრელი, რომლის გადაჭრისათვის, ვთქვათ, აუცილებელია ავტონომიის მეთაურის თბილისში ყოფნა, მე არ მგონია, რომ... ეხლა ტყუილად რატომ უნდა მოხდეს მისი ჩამოსვლა. ეს არის რეგიონის ხელმძღვანელი, ავტონომიის მეთაური და აქ არ უნდა იყოს ესეთი არავითარი აჟიოტაჟი, ჩამოვა თუ არ ჩამოვა. საქმიანი ატმოსფეროდან გამომდინარე, რომელიც იქნება მომავალში, ალბათ, მრავალი ასეთი, ალბათ, ბატონი ასლანიც არ დააყოვნებს და ჩამოვა."(სტილი დაცულია)

შედარებით განსხვავებულ პოზიციაზეა ასლან აბაშიძის პრესმდივანი თამარ გუდავა. იგი ადასტურებს, რომ აჭარის მეთაურის დედაქალაქში ჩასვლის ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი მისი დაუცველობა და უსაფრთხოების არასაიმედოობაა.

[თამარ გუდავას ხმა] "ყველა საქმე, რომელიც ბატონ ასლანის წინააღმდეგ წინა ხელისუფლებას უნდოდა, ყოველ შემთხვევისთვის, განეხორციელებინა, ყველა ტერაქტი, რომ დაიწყებს გენერალური პროკურატურა, დღევანდელი ჩვენი ნაქები გენერალური პორკურატურა ხო იძიებს, ძაან დიდი ენთუზიაზმით მუშაობს, აი, ერთ საქმესაც რომ დაიწყებს და მივალთ ჩვენ იქამდე, რომ მივიღებთ რაღაც შედეგს, მაშინ შეიძლება ისაუბროს ვინმემ უსაფრთხოებაზე. დღეს, მე მგონი, ამაზე ნაადრევია ლაპარაკი." (სტილი დაცულია)


მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ხელისუფლება ასლან აბაშიძის ულტიმატუმს ტერაქტების გამოძიების თაობაზე ჯერ არ გამოხმაურებია, გენერალური პროკურატურა ასლან აბაშიძის უსაფრთხოების თემაზე უკვე ალაპარაკდა. გენერალური პროკურორის მოადგილე ვალერი ხაბურძანია ასლან აბაშიძეს სრულ დაცულობას პრეზიდენტის სახელით დაჰპირდა. ცენტრალური ხელისუფლების სიტყვიერ პირობას აჭარის მეთაური არასერიოზულად ეკიდება. ცენტრსა და რეგიონს შორის დაპირისპირება კი, როგორც ჩანს, ახალ ფაზაში გადადის. ამაზე მეტყველებს აჭარის ოპოზიციური გაერთიენებების მიერ ასლან აბაშიძის რეჟიმის დასამხობად დაწყებული საპროტესტო აქციების განახლებაც ახალი ლოზუნგით - "წადი, ასლან". 20 თებერვალს კი აჭარაში უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ყველაზე გრანდიოზული საპროტესტო მანიფესტაცია იგეგმება.
XS
SM
MD
LG