Accessibility links

logo-print

გავიდა თუ არა საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ბოლო ვადა


როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის მიერ საქართველოში ვიზიტისას გამოთქმული მოსაზრებებიდან ჩანს, ევროსაბჭო მიესალმება, თუ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციურ

პარტიათა ფართო სპექტრი იქნება წარმოდგენილი. ვალტერ შვიმერმა ღიად განაცხადა, წვრილ პოლიტიკურ ძალებს არა აქვთ შანსი თუნდაც 4 პროცენტიანი ბარიერი გადალახონ და ამიტომ ასეთი ჯგუფები ერთიან საარჩევნო სიაში უნდა გაერთიანდნენო. ჯერჯერობით ამ ნაბიჯის გადადგმა სულ 5-მდე პარტიამ მოახერხა, სხვები კი ჯერაც კონსულტაციებით არიან დაკავებულნი, მიუხედავად იმისა, რომ 19 თებერვლის 18 საათზე ბლოკების რეგისტრაციის პროცედურა უნდა დასრულებულიყო.

ჯერჯერობით ვალტერ შვიმერის რეკომენდაციათა გათვალისწინება რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ და სახელისუფლებო ძალამ შეძლო. წინასაარჩევნო ვადებით შეზღუდულმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ბურჯანაძე-დემოკრატებმა ერთიანი პარტიის შექმნა ვერ მოასწრეს და ბლოკის შექმნაც ვერაფრით მოახერხეს. მათი არჩევნებში ერთად მონაწილეობის საკითხი მარტივად მოგვარდა: გაერთიანებული დემოკრატების პოლიტიკურმა პარტიამ თვითლიკვიდაცია გადაწყვიტა და ნაციონალური მოძრაობის პარტიას შეუერთდა.

ასეთი რადიკალური ნაბიჯები ვერ გადადგეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელთა ნაწილს ბლოკებად გაერთიანებაც კი უჭირთ.
მემარცხენე ძალთა გაერთიანების პრობლემებზე 18 თებერვალს გესაუბრეთ. დღემდე ვერაფრით ხერხდებოდა მემარჯვენე ძალების - მრეწველებისა და ახლების - ერთ ბლოკად შეკვრა. არადა, ექსპერტების შეფასებით, არც ერთ მათგანს არ გააჩნდა 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის არავითარი შანსი. სწორედ მრეწველთა ინიციატივით შევიდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბლოკების რეგისტრაციის ვადის გადაწევის პროექტი. მე ამ ნაბიჯის კომენტირება მრეწველთა ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ტყემალაძეს ვთხოვე.

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] "30 წმ"

მიუხედავად იმისა, რომ მრეწველებმა და ახლების გაერთიანებამ, სახელწოდებით "მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველები და ახლები" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია მოასწრო, კომისიამ მაინც დააკმაყოფილა პარტიათა მოთხოვნა და ბლოკების რეგისტრაციის ვადა 2 დღით გაახანგრძლივა.

დღეისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბლოკად გაერთიანების განცხადება შეტანილი აქვთ ეროვნულ-დემოკრატებს და ტრადიციონალისტებს. ამ ბლოკის სიას სათავეში აკაკი ასათიანი ჩაუდგება. გაერთიანება გადაწყვიტეს მონარქისტულ-კონსერვატიულმა და კონსერვატიულმა პარტიებმა. არჩევნებზე ერთიანი სიით წარდგებიან ასევე ჰელსინკისა და საქართველოს ღვთიშვილთა კავშირები.

უკვე გაერთიანებული პარტიები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი არჩევნების შედეგების მიმართ და აცხადებენ, რომ პარლამენტში მოხვედრის გზაზე 7%-იანი ბარიერი მათ ხელს ვერ შეუშლის. ედპ-ტრადიციონალისტები ამომრჩეველთა ხმების 10-15 პროცენტს, ხოლო მრეწველები - ახლები 10-12 პროცენტს ვარაუდობენ.

მმართველი პოლიტიკური ძალა კი ვალტერ შვიმერის რეკომენდაციის - 7 პროცენტიანი ბარიერის 4-5 პროცენტამდე შემცირების - მიუღებლობას სულ სხვაგვარად ასაბუთებს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრით, მთელი ოპოზიციაც რომ გაერთიანდეს, ის ამომრჩეველთა 3 პროცენტზე მეტს ვერ მოიპოვებს.
XS
SM
MD
LG