Accessibility links

logo-print

კოფი ანანი ინტენსიურად ჩაება ერაყის პრობლემის მოგვარებაში


ანდრო ეული, პრაღა გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გადაწყვიტა გააფართოვოს კონტაქტები ერაყის ლიდერებთან,

რათა დაჩქარდეს ქვეყანაში გარდამავალი მთავრობის შექმნა. ანანის თქმით, ერაყელები პირდაპირი არჩევნების ჩატარებას ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ ბოლოს მაინც მოხდა აზრთა ერთიანობა, რომ არარეალური იქნება ამგვარი არჩევნების მოწყობა 30 ივნისამდე, როცა ამერიკა-ბრიტანეთის დროებითმა ადმინისტრაციამ ერაყელებს უნდა გადასცეს ქვეყნის მართვის სადავეები. გესაუბრებათ ანდრო ეული

ამჯერად, როცა შეერთებული შტატებისა და ერაყის ოფიციალურ წარმომადგენლებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ ქვეყნის მართვის სადავეების გადაცემა ერაყელთათვის 30 ივნისს, დღის წესრიგში ჩნდება მთავარი საკითხი - როგორი უნდა იყოს ერაყში გარდამავალი მთავრობის სტრუქტურა.

ლიპლომატებს გაეროში მიაჩნიათ, რომ გარდამავალმა მთავრობამ უნდა შეწყვიტოს თავისი საქმიანობა მომავალი წლის დასაწყისში, როცა დამთავრდება სამზადისი ერაყში თავისუფალი და სამართლიანი საყოველთაო არჩევნების ჩასატარებლად.

ხუთშაბათს კოფი ანანი თავის უფროს მრჩეველს ლახდარ ბრაჰიმის, საარჩევნო საკითხებში ცნობილ ექსპერტებს, უშიშროების საბჭოს წევრებსა და ათობით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ეთათბირა. მოგვიანებით ანანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაეროს წარმომადგენლები ერაყელებთან ერთად, გარდამავალი მთავრობის "მექანიზმის შექმნას" შეეცდებიან [კოფი ანანის ხმა]: "ჩვენ არანაირ ვარიანტს არ ვანიჭებთ უპირატესობას. მიგვაჩნია, რომ ამაზე თავად ერაყელებმა უნდა იმსჯელონ. მათ უნდა აიღონ ხელში ინიციატივა, განიხილონ ეს საკითხი, ჩვენ კი, მათთან ერთად
შევეცდებით კონსენსუსის მიღწევას".

მრავალი დიალომატი გაეროში მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პირდაპირი საყოველთაო არჩევნები ერაყში მომავალი წლის დასაწყისში გაიმართოს. ერაყელი შიიტების ლიდერი აიათოლა ალი ას-სისტანი თავდაპირველად დაჟინებით მოითხოვდა, რომ ეს არჩევნები 30 ივნისისათვის ჩატარებულიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ლახდარ ბრაჰიმისთან გამართა მოლაპარაკება შიიტების წმიდა ქალაქ ნაჯაფში, ას-სისტანიმ შეცვალა თავისი პოზიცია.

მას შემდეგ, რაც კოფი ანანი უშიშროების საბჭოს წევრებს შეხვდა, გერმანიის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში გიუნტერ ფლოიგერმა განაცხადა, რომ საყოველთაო არჩევნები ერაყში სათანადო დონეზე უნდა ჩატარდეს [გიუნტერ ფლოიგერის ხმა]: "ბრაჰიმიმ, როგორც ჩანს, დაარწმუნა ას-სისტანი იმაში, რომ დროის ესოდენ მოკლე შუალედში შეუძლებელია ამის გაკეთება. ერაყელები, ვისთანაც ბრაჰიმის ჰქონდა მოლაპარაკება ერთ აზრისა არიან იმაში, რომ კანონიერი მთავრობის შექმნა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზითაა შესაძლებელი, და რომ ამგვარი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია ოპტიმალური პირობების შექმნა".

ერაყის მმართველმა საბჭომ მომავალ კვირაში უნდა დაასრულოს დროებითი კონსტიტუციის პროექტის შედგენა. ამ დოკუმენტში კონკრეტულად უნდა იქნეს განსაზღვრული ქვეყნის ფედერაციული მოწყობის საკითხი, აგრეთვე ისლამის როლი მომავალი მთავრობის საქმიანობაში.

ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსს პოლ ბრემერს მიაჩნია, რომ ხსენებული კონსტიტუციის პროექტი სეკულარულ, დემოკრატიულ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული, თუმცა პროექტში უნდა იყოს მოხსენიებული ის ფაქტი, რომ ერაყი ისლამური სახელმწიფოა.
XS
SM
MD
LG