Accessibility links

მეათე სტუდია


527-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 527-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის შესახებ, რომელსაც 5 წელი შეუსრულდა; შევეხებით საქართველოს ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის პრობლემატიკას; მოგითხრობთ ერთ დოკუმენტურ ფილმზე "თელასის" შესახებ; შემოგთავაზებთ სიუჟეტს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო პოპულარულ სასმელზე; გადაცემას დაასრულებს რუბრიკა "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი".
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

[მუსიკა]

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტი 5 წლისაა

ბიძინა რამიშვილი:
5 წელი - თითქოს და საიუბილეო თარიღად არ გამოდგება, თუმცა დღეს მაინც ვისრგებლებთ საბაბით და გიამბობთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტზე, რომლის საქმიანობაც უფრო მეტად აფხაზეთშია ცნობილი. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები უკვე ხუთი წელია, მიზანმიმართულად და უხმაუროდ ცდილობენ ძალიან რთული მისიის შესრულებას - ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას. როგორ გაჩნდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის ჩამოყალიბების იდეა, 5 წლიანი ისტორიის მანძილზე რა მიღწევებსა და წარუმატებლობებზე შეიძლება საუბარი - ამის გარკვევას თამარ ჩიქოვანი შეეცადა

თამარ ჩიქოვანი:
თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩაფიქრებულია, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის 5 წლისთავი მარტში აღინიშნება. ამ იუბილეზე თბილისში აუცილებლად ჩამოვლენ სოხუმიდან ის აფხაზები, რომლებმაც თანამშრომლობა თბილისელ პარტნიორებთან ამ 5 წლის წინ დაიწყეს.

მაინც, როგორ გაჩნდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის შექმნის იდეა - ინსტიტუტის უცვლელი ხელმძრვანელის ზურაბ შენგელიას თქმით, იდეა იმპულსურად არ მოსულა:

[ ზურაბ შენგელიას ხმა] " ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ჩვენმა ქვეყანამ კონსტიტუციაში ჩაწერა აფხაზური ენის სახელმწიფო სტატუსი აფხაზეთში ქართულთან ერთად. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ინიციატივით მოხდა ეს და მქონდა ამაში მონაწილეობა მიღებული. აქედან დაიწყო ყველაფერი."

ყველაფერში იგულისხმება, მაგალითად, პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს კონსტიტუციის ქართულ ენაზე თარგმნა, დაბეჭდვა და აფხაზეთში დარიგება. ასევე პირველად ისტორიაში ქართულ-აფხაზური სასაუბროს შედგება და გამოცემა. ასევე პირველად ისტორიაში, აფხაზურენოვანი რადიოს "ჰარას" დაფუძნება და მაუწყებლობა.

რაც არ უნდა უჩვეულოდ გამოიყურებოდეს, ამ ინსტიტუტის საქმიანობის ჩამონათვალისას ხშირად გიხდება თქმა, რომ ეს პირველად მოხდა. კიდევ რამდენიმე მაგალითი - ომის დამთვრების შემდეგ, ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის მიერ პირველად მოეწყო თბილისში აფხაზეტში მაცხოვრებელი რამდენიმე ახალგაზრდა აფხაზი მხატვრის გამოფენა; პირველად ითარგმნა ქართულად და გამოიცა ომის შემდგომი თაობის აფხაზი პოეტების ლექსები; პირველად მოხერხდა აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების დასვენების ორგანიზება სოხუმში.

დაგროვილი გამოცდილების მიუხედავად, თუ, პირიქით, ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ზურაბ შენგელია დანამდვილებით ასახელებს, რა საქმეს არ უნდა შეეჭიდოს ინსტიტუტი:

[ ზურაბ შენგელიას ხმა] "ალბათ, ჯერ ადრეა, რომ ინსტიტუტი ჩაერიოს პოლიტიკაში. მას შეუძლია გარკვეული რეკომენდაციები, მიმართულებები მოამზადოს, მაგრამ კონკრეტული ტექნოლოგიების შემუშავება, პოლიტიკური რეცეპტების მომზადება - ალბათ, ჯერ ადრეა, რადგან ჩვებ ეს მიზანი არასდროს არ გვქონია. ინსტიტუტი ყოველთვის ცდილობდა, კავშირი ჰქონოდა არა ხელისუფლებასთან, არამედ იქაურ საზოგადეობასთან. და ეს კავშირი ყოფილი ხელისუფლების გვერდის ავლით და არა ხელისუფლების დახმარებითა და ხელისუფლების ხელდასმით."

ერთი მცდელობა, ედუარდ შევარდნაძე დაეკავშირებინა აფხაზურ საზოგადეობასთან - სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა. ორი წლის წინ, რადიო "ჰარას" მსმენელთა შორის სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარებისას, რადიოს თანამშრომელმა შეკრიბა აფხაზი მოსახლეობის კითხვები ედუარდ შევარდნაძისადმი. ზურაბ შენგელიამ ეს კითხვები პრეზიდენტ შევარდნაძეს გადასცა პასუხის მოლოდინით. სამწუხაროდ, ედუარდ შევარდნაძე ისე გადადგა თანამდებობიდან, რომ კითხვებზე საპასუხოდ ვერ მოიცალა.

ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ზურაბ შენგელია ჯერჯერობით ფრთხილი ოპტიმიზმითაა განწყობილი:

[ ზურაბ შენგელიას ხმა] " ამ ხელისუფლებას აქვს ერთი პლუსი - ეს ხელისუფლება არ აის მონაწილე იმ ავანტიურის, რომელიც გადაიზარდა ომში. ეს უდავოდ დიდი პლუსია, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ ათწლიანი სიჩუმე გააბათილოს ამ პლუსმა. მე მგონი, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, განსაზღვროს, რას ნიშნავს სახელმწიფო ვალდებულება ამ საზოგადეობის, ამ კულტურის, ამ ეთნოსის მიმართ."

და ბოლოს - კიდევ ერთი იდეა, რომელიც, ალბათ, ადრე თუ გვიან, რეალობად იქცევა - ზურაბ შემგელიას უნდა, თბილისში იარსებოს სახლმა, სადაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების კვლევის ცენტრი დაიდებს ბინას. სხვათაშორის, ამ იდეას მომხრეები აფხაზეთშიც ჰყავს, რომლებიც მზად არიან, საკუთარი ხარჯები გაიღონ ასეთი სახლის მშენებლობისთვის.
დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


საქართველოს ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის პრობლემატიკა

ბიძინა რამიშვილი:
კლიმატის გლობალური დათბობის გამო მთელ მსოფლიოში შეინიშნება სტიქიური მოვლენების რიცხვისა და ინტენსივობის მკვეთრი ზრდა. ამასთან დაკავშირებით დასკვნები წარმოადგინეს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ და კლიმატის ცვლილების სამთავრობოთაშორისო ექსპერტთა კომიტეტმა. ორივე ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნით, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი და მეტი ქვეყანა ზარალდება სტიქიური მოვლენებისგან, ზარალი კი დაახლოებით 100 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. რა გავლენას ახდენს საქართველოსა და მის ეკონომიკაზე მსოფლიოში არსებული მდგომარეობა? ამ პრობლემატიკის გარშემო გიორგი კაკაბაძე ესაუბრა საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ ბერაძეს.


"გაუნათებელი სინათლე" - ფილმი თელასისა და ქართველების შესახებ

ბიძინა რამიშვილი:
ხუთშაბათს, 19 თებერვალს თბილისში, კინოთეატრ რუსთაველში შედგა ერთჯერადი ჩვენება ფილმისა "Power Trip", რომელიც ქართულად "გაუნათებელ სინათლედ" თარგმნეს. ფილმის რეჟისორია პოლ დევლინი, ხოლო იდეა ეკუთვნის პირს ლუისს, "ეი-ი-ეს თელასის" ერთ-ერთ მენეჯერს. არ ვამბობთ ყოფილ მენეჯერს, რადგან "ეი-ი-ეს"-ს საქმიანობა თბილისში წარსულს ჩაბარდა. სანამ კორპორაცია თელასის მფლობელი იყო, ლუისიც მისი მენეჯერი გახლდათ. ეს დოკუმენტური ფილმიც სწორედ თელასის საქართველოში გაწეულ საქმიანობაზე მოგვითხრობს, მაგრამ ასეთი აღწერა უაღრესად მშრალი, თითქმის არაფრისმთქმელია. უფრო მეტს "გაუნათებელი სინათლის" შესახებ დავით პაიჭაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ.

დავით პაიჭაძე:
დაახლოებით ერთსაათიანი ფილმი გასაკვირად ბევრ ამბავს იტევს: დაწყებული ლეგენდით, როგორ ერგოთ ქართველებს ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა, დამთავრებული გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტით. ძირითადი მოტივი, რომლის ფონზე ხან სხვათა შორის, ხან გაკვრით და ხანაც საფუძვლიანად გვიამბობენ სრულიად სხვადასხვა, ენერგეტიკულ კრიზისთან თითქოსდა დაუკავშირებელ ამბებს, კორპორაცია "ეი-ი-ეს"-ის საქართველოში საქმიანობაა. ჩვენების შემდეგ ჟურნალისტსა და დოკუმენტალისტს, "სტუდია რე"-ს დირექტორს, მიხეილ მირზიაშვილს ვთხოვე აზრის გაზიარება.

[მირზიაშვილის ხმა] "მომეჩვენა, რომ ძალიან კარგად გაკეთებული ფილმია. კითხვას, რომელიც დასვა მთხრობელმა, პასუხი გაეცა: შეძლებს თუ არა ამერიკული კომპანია, მისცეს ქართველებს შუქი? ვერ მისცა და წავიდა... ძალიან მომეწონა, რომ ასეთ მოკლე დროში, კარგი რიტმით და ტემპით, აღწერილი იყო სიტუაცია, სადაც ეს მოვლენები ვითარდებოდა; ანუ, ერთი დრამატურგიული ხაზი მიუყვებოდა კომპანიას, რომელიც რაღაც პროექტს ახორციელებს, მაგრამ რა გარემოში ახორცილებს ამ პროექტს, ეს გარემო კარგად იყო მოცემული".

ფილმში ჭარბად არის გამოყენებული ჟურნალისტური მასალა: ვგულისხმობთ არა მხოლოდ ამა თუ იმ საინფორმაციო გადაცემაში გასულ კადრებს. "გაუნათებელი სინათლის" ოპერატორია ვალერი ოდიკაძე, ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის თანამშრომელი. ამიტომაც გასდევს მთელ ფილმს "ჟურნალისტური ესთეტიკის" კვალი. "რუსთავი-2"-ის გადაცემის, "60 წუთის" წამყვანმა, აკაკი გოგიჩაიშვილმა ფილმის სანახაობრივი ასპექტი ასე დაახასიათა:

[გოგიჩაიშვილის ხმა] "ჩემთვის მოულოდნელი იყო ასეთი ტექნიკის გამოყენება. ტელევიზიაში მომუშავე ხალხი მსგავსი კადრების, ვიდეომასალის უმეტესობას ვუწოდებთ ნაგავს. ის არ გადის ეთერში: მოძრავი კადრები, როცა კამერა ყანყალებს და ფოკუსი გაბლანდულია და ა.შ. სრულიად მოულოდნელი იყო, რომ ასეთი "ნაგვით" დამზადებულმა მასალამ, საერთო ჯამში, მსოფლიო მასშტაბის ფურორი მოახდინა: მოიგო არაერთი პრიზი, ახლა მიდიან კალიფორნიაში, "ემი"-ს დაჯილდოებაზე, სადაც ასევე დიდი შანსი აქვთ, რომ მოიგონ პრიზი და ამის შემდეგ მიდიან ჰონკონგში ფილმის საჩვენებლად".

ყველაზე თვალშისაცემი "გაუნათებელ სინათლეში" მისი, ვთქვათ ასე, ფორმისა და შინაარსის დიქოტომიაა: ფილმი მოგვითხრობს დრამატულ, ხშირად ტრაგიკულ მოვლენებზე (მთხრობელის როლში აქ თვითონ პირს ლუისია, ფილმის იდეის ავტორი), მაგრამ თხრობა მიმდინარეობს ასეთი შინაარსისათვის უჩვეულოდ დინამიურად, მაჟორულად, ხალისიანადაც კი. მავან ქსენოფობს, განსაკუთრებით, ანტიამერიკანისტს ეს, შეიძლება, ცინიზმად მოეჩვენოს, აქაოდა, ამერიკელებს რა ენაღვლებათ, ჩამოვიდნენ, ჩალის ფასად ჩაიგდეს ხელში ენერგეტიკული ობიექტები, ფული გააკეთეს და წავიდნენ... მაგრამ ცინიკური ეს ფილმი ნამდვილად არ არის. მართალია, სურათი უწინარესად ამერიკული კომპანიის მოღუაწებასა და მოთმინებას ასახავს, მაგრამ ჟურნალისტი ლიკა ბასილაია ამბობს, რომ "გაუნათებელ სინათლეში" მთავარი ადამიანური სითბო და თანაგრძნობაა. რაც შეეხება პირს ლუისს,

[ლიკა ბასილაიას ხმა] "მე ვიცნობ ამ ბიჭს, ჩემი მეგობარია ძალიან დიდი ხნის. ძალიან უყვარს ქართველები, აფასებს მათ ნიჭს, პოტენციალს... სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, კორუფციაზე ლაპარაკის დროს, უთქვამს, რომ ერთი თაობა, ანუ 25 წელი მაინც არის საჭირო ცხოვრების გაუმჯობესებისათვის. ხალხი, რომელიც სულ ახლახანს სახელმწიფო მმართველ რგოლებში და წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა, ქვეყანას ვერ შეცვლისო".

"გაუნათებელი სინათლე" სრულდება გაურკვეველი და ტრაგიკული განწყობით: "თელასს" ყიდულობს რუსული კომპანია "რაო ეეს"-ი, ხოლო თავად ფილმი ეძღვნება 2002 წლის აგვისტოში გარდაცვლილი, "ეი-ი იეს თელასის" ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის ხსოვნას, რომლის მკვლელობა დღემდე არ არის გახსნილი. მე შევნიშნე, რომ კინო "რუსთაველი" ყველაზე პირქუშად თელასის ახლანდელმა, რუსმა მენეჯერებმა დატოვეს.
დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


რატომ ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა ბერლინში ვიზიტისას ჩაიზე?

ბიძინა რამიშვილი:
ახლა კი ჩაის დრო მოვიდა. დიახ, საუბარი გვექნება ქართველების და არა მხოლოდ ქართველების ერთ-ერთ საყვარელ სასმელზე. უკანასკნელ დღეებში ჩვენი გადაცემების ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთში საქართველოს პრეზიდენტის ჩავლილი ვიზიტია. მაგრამ დღეს კვლავ დავუბრუნდებით მიხეილ სააკაშვილის სხვა ვიზიტს, რომელმაც უფრო ადრე ჩაიარა, - მის სტუმრობას გერმანიაში, - საიდანაც იანვრის ბოლოს რამდენიმე სპეციალური რეპორტაჟი შემოგთავაზეთ. თუ რა კავშირია საქართველოს პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტსა და ჩაის შორის, ახლავე შეიტყობთ მარიამ ჭიაურელისგან. მე კი, თქვენის ნებართვით, ჩაის გეახლებით...

[ხმაური და მუსიკა]

მარიამ ჭიაურელი:
ყველაფერი დაახლოებით 4500 წლის წინ დაიწყო. ჩინეთში იმპერატორი შენ ნუნი ზეობდა: გონიერი მმართველი, მეცნიერების მოტრფიალე, ხელოვანთა მფარველი. ერთ მშვენიერ დღეს (ზაფხული იდგა) იმპერატორმა ბაღში დასვენება მოისურვა და ხის ძირას ჩამოჯდა, მსახურები კი წყალს უდუღებდნენ, რასაც მათი მბრძანებელი (როგორც აღვნიშნეთ, მეცნიერების მოტრფიალე) ჰიგიენის მოსაზრებებით მოითხოვდა. და მოხდა ისე, რომ ადუღებულ წყალში ხის ფოთოლი ჩავარდა, რომლის სურნელებამ - ეს ჩაის ფოთოლი გახლდათ - თვით იმპერატორი მოხიბლა...

თუ ლეგენდას დავუჯერებთ, ჩინელებმა, და საერთოდ, ადამიანებმა ასე დაიწყეს ჩაის სმა. დანამდვილებით კი, ისტორიულ წყაროებზე დარყდნობით, იმის თქმა შეიძლება, რომ ჩაის სმა მართლაც ჩინეთში დაიწყეს მრავალი საუკუნის წინ. იქიდან კი ჩაი მთელს მსოფლიოში გავრცელდა, დღეს, თუ წყალს არ ჩავთვლით, ყველაზე გავრცელებულ სასმელად ითვლება და - ლეგენდარული ჩინელი იმპერატორის არ იყოს -ზოგჯერ სახელმწიფოს მეთაურთა ფიქრისა და მსჯელობის საგანიც ხდება ხოლმე. ასე მოხდა მაგალითად საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში - მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში ვიზიტისას, 29 იანვარს შეხვდა ჩაისმწარმოებელ კომპანია "მარტინ ბაუერის" წარმომადგენლებს. რას შეეხო საუბარი - ამაზე ცოტა ქვემოთ. ჯერ "მარტინ ბაუერის" საქმიანობაში გაგვარკვევს ამ კომპანიის საქართველოს განყოფილების გენერალური დირექტორი კოკი ცეცხლაძე: [კოკი ცეცხლაძის ხმა - იხ. აუდიოვერსია]

ფირმა მარტინ ბაუერის წყალობით არის, გვითხრა კოკი ცეცხლაძემ, რომ ქართული ჩაი გზას იკვლევს მსოფლიოში - არამარტო ბრუნდება ტრადიციულ ბაზარზე, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, არამედ ადგილს იმკვიდრებს დასავლეთშიც. ქართულ ჩაის ყიდულობენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები ლიპტონი, ტუაინინგსი. თუმცა, როგორც მე შევნიშნე, მათ ნაწარმზე ჩვეულებრივ მაღაზიაში ვერ აღმოაჩენ წარწერას "ქართული ჩაი". რატომ? [კოკი ცეცხლაძის ხმა - იხ. აუდიოვერსია]

მოკლედ, მარტინ ბაუერი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია და ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ბერლინში სტუმრობისას ამ კომპანიის წარმომადგენლებთან ცალკე შესახვედრად მოიცალა. მარტინ ბაუერი -საქართველოს პრეზიდენტი დავით დუმბაძე, ასეთ აზრს გამოთქვამს: [დავით დუმბაძის ხმა - იხ. აუდიოვერსია]
დავით დუმბაძემ ახსენა მარტინ ბაუერის პრეზიდენტი, ბატონი ვედელი - ადოლფ ვედელი. ჩვენ მას გერმანიაში დავურეკეთ და ვკითხეთ, რაზე ისაუბრეს ბერლინში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე:

[ვედელის ხმა]: "პირველ რიგში, ერთმანეთი გავიცანით. ბატონ პრეზიდენტს მანამდე არ ვიცნობდი. მაგრამ საუბარი კონკრეტულ თემებსაც შეეხო - ჩვენს კომპანიას პრეზიდენტის მხარდაჭერა ესაჭიროება. ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გვიწევდა ასეთ მხარდაჭერას და გაგვიხარდა, რომ ხელის შეწყობას მიხეილ სააკაშვილიც დაგვპირდა. საქმე ეხება ჩაის მრეწველობის განვითარებას. 1995 წლის შემდეგ საქართველოში დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა - უარყოფითიც და დადებითიც. დღესაც არის პრობლემები, რომლებიც მოსაგვარებელია". ერთ ასეთ პრობლემად ადოლფ ვედელმა ენერგოკრიზისი დაასახელა. მისი განმარტებით, ჩაის მოსავლის აღებისა და გადამუშავებისას აუცილებელია ენერგიით უწყვეტი მომარაგება - წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაი გადამუშავებისას ფუჭდება და მოსავალი, მასთან ერთად კი მთელი წლის შრომა, უბრალოდ წყალში გეყრება...

[ვედელის ხმა] "შეხვედრაზე 5 საკითხს შევეხეთ - და პრეზიდენტი სააკაშვილი დაგვპირდა, რომ ყველა საკითხში მხარს დაგვიჭერს. ჩვენი პირისპირ მოლაპარაკების გარდა გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა 12 ცნობილი გერმანული ფირმის, მათ შორის "დაიმლერ-კრაისლერის", "სიმენსის" მონაწილეობით - ამ შეხვედრასაც დავესწარი. ლაპარაკი იყო იმაზე, თუ რა გზას დაადგება საქართველო და რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი იქ ჩასული ფირმების ხელშესაწყობად. რეაქცია ძალიან პოზიტიური იყო. ვფიქრობ, სააკაშვილმა სწორ სიტყვებს მიაგნო შეხვედრის მონაწილეების, ფირმების დასაინტერესებლად, მათში მოტივაციის გასაღვიძებლად. მისი თქმით, ყველა, ვინც საქართველოში ჩავა და იქ ფულის დაბანდებას დააპირებს, პირადად პრეზიდენტის მხარდაჭერას მიიღებს. და ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი გზა საქართველოს მიმზიდველად წარმოსაჩენად".

კომპანია "მარტინ ბაუერს" საქართველო, როგორც ჩანს საკმარისად მიმზიდველად მიაჩნია, რახან მრავალი სირთულის მიუხედავად თითქმის ცხრა წელია ჩაის წარმოებაში ჩართული. როგორც "მარტინ ბაუერ -საქართველოს" პრეზიდენტმა დავით დუმბაძემ გვითხრა, კომპანია ათასობით ადამიანს ასაქმებს.
[დავით დუმბაძის ხმა - იხ. აუდიოვერსია]

აქვს თუ არა ჩაის, ქართულ ჩაის, რომლის დამზადებაში ამ ადამიანების ხელი ურევია, რაიმე განსაკუთრებული მახასიათებლები, თუნდაც გამორჩეული ფერი, სურნელება, ან სხვა თვისება? კოკი ცეცხლაძე მპასუხობს: [კოკი ცეცხლაძის ხმა - იხ. აუდიოვერსია]

იმედია, ძალიან დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს საქართველოს მოღონიერებამდე, მანამდე კი ჩაი დავლიოთ - თუ ყურად ვიღებთ ტიჩ ნათ ჰანის რჩევას - დავლიოთ ნელა, მოწიწებით, და ნუ ვიჩქარებთ.


საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი

ბიძინა რამიშვილი:
ამ დღეებში გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, აგრესიული, არაკეთილგანწყობილი პიროვნებები, გენეტიკურად უფრო მეტად არიან მიდრეკილი თამბაქოს მოწევისადმი. კალიფორნიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გამოკვლევა ჩაუტარდა ორ ჯგუფს. აღმოჩნდა, რომ ნიკოტინზე უფრო აქტიურად რეაგირებდა ის ჯგუფი, რომელშიც აგრესიული ხასიათის ადამიანები იყვნენ თავმოყრილი. გამოკვლევის ავტორთა აზრით, მტრულად განწყობილ, აგრესიულ ადამინებს იმთავითვე აქვთ ნიკოტინის მიმართ სისუსტე, განურჩევლად იმისა, გასინჯული აქვთ თუ არა თამბაქო.
არამწეველებო, ყოველი შემთხვევისთვის უფრთხილდით სიგარეტიანებს!

[მუსიკა]

გერმანიაში ახალჩასული იმიგრანტებისთვის საქმის გასაადვილებლად მთავრობის ინიციატივით გამოიცა გზამკვლევი, რომლის მიზანია გერმანიისა და გერმანელების გაცნობაში დაეხმაროს ნაკლებად გათვითცნობიერებულებს. წიგნში მოცემულია პრაქტიკული ხასიათის ინფორმაცია: როგორ გაიაროთ რეგისტრაცია პოლიციაში, როგორ იპოვოთ ბავშვთა ბაგა-ბაღში ადგილი და ა.შ. ამ ტიპის სხვა გამოცემებისგან განსხავებით, მასში არის მოცემული მასალა "გერმანული სულის", წმინდა გერმანული ღირებულებების შესახებაც. წიგნში ლამის ოდებს უმღერიან საათის კულტს, სიზუსტეს, ზედმიწევნით პუნქტუალობას. საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელთა თქმით, იმიგრანტებს წინაწარ ამზადებენ და უადვილებენ საზოგადოებაში ინტეგრაციას. მაგრამ ბოროტი ენები ამბობენ, რომ პირიქით, გერმანიის მთავრობა ამგვარად ცდილობს დააშინოს იმიგრანტები, რათა მათ საერთოდ წაერთვათ ამ უკიდურესად მოწესრიგებულ ქვეყანაში მოხვედრის სურვილი.

[მუსიკა]

ბანკების ძარცვა არასოდეს ყოფილა დაგვიანებული. ეს დაადასტურა ტეხასის შტატის მკვიდრმა, 92 წლის ჰანტერ რაუნტრიმ, რომელსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაუნტრიმ, რომელიც შეერთებული შტატების ყველაზე ხანდაზმული მძარცველია, პირველად 80 წლის ასაკში გაძარცვა ბანკი. მისი თქმით, ბანკმა იგი მოატყუა ამიტომაც რაუნტრიმ შური იძია მასზე. უკანასკნელი ინციდენტისას უხუცეს მძარცველს ბანკის თანამშრომლების დარწმუნება მოუწია, რომ იგი მართლაც ბანკის გასაქურდად იყო მისული. სასამართლო პროცესზე, რომელიც ამ დღეებში გაიმართა, რაუნტრი ხელჯოხზე დაყრდნობილი მივიდა, ყურებში კი სასმენი აპარატი ეკეთა. როგორც ჟურნალისტებს უთხრა, სულაც არ არის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო, ვინაიდან ციხეში უკეთესად კვებავენ, ვიდრე ხანდაზმულთა სახლში.

[მუსიკა]

როგორც სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სი იტყობინებოდა ხუთშაბათს, კინოფილმ "ბეჭდების მეუფის" მესამე ნაწილმა "მეფის დაბრუნებამ" მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ კინოსურათებს შორის მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მას მერე, რაც შემოსული თანხის მიხედვით ამ დღეებში გაუსწრო ფილმს "ჰარი პოტერი და ბრძენთა ქვა". პირველი ადგილი კვლავაც უპყრია ფილმს "ტიტანიკი". "ბეჭდების მეუფის" მესამე ნაწილმა დღეისთვის 958 მილიონი დოლარი მოგება მოიტანა. ტიტანიკის რეკორდამდე კი ძალზე შორია. ამ ფილმის ჩვენებით, რომელშიც მთავარ როლებს ლეონარდო დი კაპრიო და კეიტ უინსლეტი ასრულებენ, 1997 წელს კინოსალაროებში მილიარდ 778 მილიონი დოლარი შევიდა.

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG