Accessibility links

logo-print

"მრეწველებისა" და "ახალი მემარჯვენეების" მემარჯვენე ოპოზიციური გაერთიანება შედგა


ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ახალმა მემარჯვენეებმა მრეწველთა პარტიასთან საარჩევნო ალიანსი შექმნეს. საარჩევნო ბლოკი რეგისტრაციაში "მემარჯვენე ოპოზიციური გაერთიანების"

სახელით გატარდება. ერთიანი საარჩევნო სიის პირველი ნომერი გოგი თოფაძე იქნება, მეორე ნომერი კი - დავით გამყრელიძე. ამ უკანასკნელის განცხადებით, უახლოეს მომავალში მრეწველებისა და ახალი მემარჯვენეების ერთ პოლიტიკურ ძალად შერწყმაა მოსალოდნელი. ამის პირობაა მონათესავე იდეოლოგია და ბიზნესინტერესები. ორი გავლენიანი მემარჯვენე პარტიის ერთ პარტიად ტრანსფორმირება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება. რაც შეეხება თავად არჩევნებს, მიუხედავად საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი რამდენიმე საათისა, "მემარჯვენე ოპოზიციური გაერთიანების" ლიდერებს მაინც ბლოკის გამსხვილების იმედი აქვთ. შანსები მცირეა, მაგრამ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკება ედეპე-ტრადიციონალისტების არანაკლებ ამბიციურ მემარჯვენე ბლოკთან პრაქტიკულად ჯერ არ დასრულებულა.

მრეწველებმა და ახალმა მემარჯვენეებმა დაბლოკების შესახებ განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 19 თებერვალს, სამუშაო დღის მიწურულს, შეიტანეს. ამ დროისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიათა დაბლოკების თარიღი 21 თებერვლის 18 საათამდე ჰქონდა გადაწეული. საკითხი მრეწველებისა და ახალი მემარჯვენეების მიერ იყო ინიცირებული. მოუსმინეთ მრეწველთა ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ტყემალაძეს.

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] "ამ ორი დღით კიდევ გვინდოდა მიგვეცა საშუალება იმ მემარჯვენე ძალებისათვის, ვისაც კი ექნება სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის. ჩვენი კარი ღიაა, რა თქმა უნდა, კონსულტაციების შემდეგ."

მემარჯვენე ალტერნატივად წოდებულ ედეპე- ტრადიციონალისტებთან კონსულტაციები ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. მთელი ამ ხნის მანძილზე, ედეპე-ტრადიციონალისტების თავშეკავების ძირითად მიზეზად მრეწველებისა და ახლების მკვეთრად გამოხატული ბიზნესინტერესები სახელდებოდა. ისინი დღესაც არ ცვლიან პოზიციას და დაბეჯითებით აცხადებენ, რომ მემარჯვენეებისა და მრეწველების პარლამენტში მოხვედრის ძირითადი მიზანი საკუთარი ბიზნესის ლობირებაა. შესაბამისად, დაბლოკების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი რამდენიმე საათით ადრე, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ დიდი მემარჯვენე ოპოზიციური გაერთიანება არ შედგება. ამაზე მეტყველებს ედეპე-ტრადიციონალისტების ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის, შემდეგი განცხადებაც:

[გუბაზ სანიკიძის ხმა]"განსხვავებული ხედვები გვაქვს ქვეყნის მომავალზე, როგორც უახლოეს მომავალში, ისე შორეულ მომავალში. მე მგონი, ორიგინალური არა ვარ ახლა მე და ისეთს განსაკუთრებულს არ ვამბობ-ისინი პოლიტიკაში არიან მხოლოდ იმიტომ, რომ დაიცვან თავიანთი ბიზნესი. მაგრამ ეს არ გამოუვათ, ვარწმუნებ მე მათ. მე ვეჭვობ, რომ ეს გაერთიანება გამოვიდეს."(სტილი დაცულია)

თავის მხრივ, "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" თავმჯდომარე გოგი თოფაძე მემარჯვენე ოპოზიციური გაერთიანების საპროგრამო მოტივებად შემდეგ ასპექტებს გამოყოფს:

[გოგი თოფაძის ხმა] "უნდა მოხდეს ლიბერალიზაცია, უნდა ბიზნესს ავხსნათ ბორკილები. ეს არ არის მარტო ლიბერალიზაცია, ეს არის -ბიზნესსამყაროსთვის შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ინვესტორიც მოდიოდეს და ადგილობრივი ბიზნესმენები, საქმიანი წრეები ჩაერთვნენ ამ საქმეში და მათ ჰქონდეთ საშუალება თავიანთი საქმიანობის განვითარების. ეს არის ლეიტმოტივი ჩვენი ორივე პოლიტიკური პარტიის და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ერთად ამას უფრო მივაღწევთ."(სტილი დაცულია)

"ახლებისა" და "მრეწველების" ეს მიზნები არახალია. ძირითადი სიახლე მხოლოდ ისაა, რომ მემარჯვენე ოპოზიციური გაერთიანება ხელისუფლების კონსტრუქციული ოპონირებისთვისაა განწყობილი.
XS
SM
MD
LG