Accessibility links

მოსკოვში ვატიკანის დესპანი ქრისტიანთა ერთობის მოწოდებით გამოდის


ამ კვირაში მოსკოვს სტუმრობდა ვატიკანის ელჩი, კარდინალი ვალტერ კასპერი, რომელიც მართლმადიდებელი რუსეთის დედაქალაქში გამოვიდა მოწოდებით, ქრისტიანებს შორის ერთობა უნდა დამყარდესო.

ცოტა ვინმეს თუ სჯერა, რომ ათასწლოვანი განხეთქილება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებს - კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას - შორის უცბად მოისპობა. კარდინალმა კასპერმა, რომელიც რომის პაპის ქრისტიანთა ერთობის ხელშემწყობი საბჭოს თავმჯდომარეა, მოსკოვში, კათოლიკურ ეკლესიაში, მესა ჩაატარა. ის რუსეთში ადგილობრივი კათოლიკე ეპისკოპოსების მოწვევით ჩავიდა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავრებსაც შეხვდა. კარდინალმა გაიმეორა რომის პაპის მოწოდება ორ ეკლესიას შორის ურთიერთობის გამოსწორების აუცილებლობის შესახებ: [კასპერის ხმა]
"ჩვენ გვსურს ბოლო მოვუღოთ სხვადასხვა ეკლესიებს შორის არსებულ ეჭვებსა და გაუგებრობებს. გასაკეთებელი ბევრია შერიგებისა და თანამშრომლობისთვის." კასპერის მოწოდება, ისევე როგორც მისი განცხადება, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ჭეშმარიტი ეკლესიაა, რომლის მრევლსაც პატივი უნდა ვცეთ და არა კათოლიკური პროზელიტიზმის სამიზნე გავხადოთო, აშკარად მიმართული იყო იმ პროტესტის საპასუხოდ, რუსეთში ვატიკანის აქტიურობას რომ მოჰყვა. სოციალიზმის დამხობის შედეგად, რუსეთში კათოლიკური ეკლესიების აღდგენისა და ვატიკანის კვლავ ქვეყანაში, ასე ვთქვათ, შეშვების შემდეგ, რუსეთის პატრიარქატი მზარდ შეშფოთებას გამოხატავდა, მართლმადიდებელი მღვდლების სიტყვებით თუ ვიტყვით, კათოლიკე მღვდლების მიერ "სულების მითვისების" გამო. ვატიკანი უარყოფს, რომ რაიმე პოლიტიკას ახორციელებდეს მრევლის გადასაბირებლად, და აცხადებს, რომ მისი ახალი წევრები ურწმუნობიდან მოქცეული რუსეთის მოქალაქეები არიან და არა მართლმადიდებლები. მაგრამ თვით რუსეთის ეკლესიის მამამთავარი ალექსეი მეორე, ლაპარაკობდა რა კათოლიკეთა აგრესიულ პროზელიტიზმზე, არაერთგზის უარყოფითად შეხვდა პაპის სურვილს ოფიციალური ვიზიტით სწვეოდა რუსეთს. შეცვლის თუ არა რაიმეს კარდინალის ამჟამინდელი ვიზიტი? - ჰკითხა რადიო "თავისუფლებამ" დიაკვან ანდრეი იურჩენკოს, რომელიც 90-იან წლებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ორთიერთობათა განყოფილებაში მუშაობდა. იურჩენკო მიიჩნევს, რომ მხოლოდ სიტყვები არ კმარა. მისი თქმით, ვატიკანს მსგავსი რამ ადრეც განუცხადებია, მაგრამ რუსეთის ეკლესიაში ამას ეჭვით უყურებდნენ:
[იურჩენკოს ხმა] "ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები საკმარისი არ იქნება საზოგადოების იმ ნაწილის დასამშვიდებლად, რომელსაც ეს პრობლემა აინტერესებს და, ამასთან, სკეპტიკურად არის განწყობილი რუსეთში მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ვატიკანის პოლიტიკისადმი. ეს მათ არ დაამშვიდებს." 1054 წელს გაიყო ქრისტიანული ეკლესია კათოლიკურ და მართლმადიდებელ ნაწილებად. ამ განხეთქილებას სიტყვებით მხოლოდ ვერას მოუხერხებ. თანაც, ვატიკანისა და რუსეთის მართლმადიდებლობის ურთიერთობა, დამატებით, ისტორიულ პრეტენზიებთან და საშინაო პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. მაგალითისთვის კმარა მე-17 საუკუნეში ლიტვასა და პოლონეთში ამ ორი ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულება, ასევე, საბჭოთა პერიოდში კათოლიკეთა საკუთრების კონფისკაცია და დევნა და მოსპობა სამღვდელოებისა, სხვათა შორის, კათოლიკურისაც. მაგრამ რუსეთის საპატრიარქოს ახლანდელ მტრულ დამოკიდებულებას თეოლოგიური საფუძველი ნაკლებად აქვს:
[იურჩენკოს ხმა] "ეს მხოლოდ ქარიშხალია ჭიქაში. აქ, ჩანს, სხვა ამბებსა და სხვა ამბიციებთან გვაქვს საქმე. ლაპარაკია არა იმაზე, რომ კათოლიციზმმა რუსეთში მტკიცედ შეიძლება მოიკიდოს ფეხი, - ამას არავინ მოელის და არავის ამის არ ეშინია. საქმე ის არის, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში არის შიგა ცენტრისკენული ტენდენციები და იმისათვის, რომ დავაშინოთ შიგა დისიდენტები, იწყება ვითომდა რუსეთში არსებული აქტიური კათოლიკური პროზელიტიზმის საწინააღმდეგო პროპაგანდისტული კამპანია". იურჩენკო, ამასთან, არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ეკლესიაში ვატიკანისადმი ნაკლები უნდობლობა იქნებოდა, კათოლიკეებს რომ რუსეთში თავიანთი ეპარქიების აღდგენა მართლმადიდებლებთან შეეთანხმებინათ.
რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს სწავლობს მიშელ ბორდო, ბრიტანეთის კესტონის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი. მან ჩვენს რადიოს უთხრა, რომ, ისტორიული თვალსაზრისით, ვატიკანმა 1917-მდე არსებული ეპარქიები აღადგინა. მისი თქმით, პაპმა არ გაითვალისწინა ის, რომ შეთანხმება რუსებთან ეკლესიებს შორის ურთიერთობას წაადგებოდა:
[ბორდოს ხმა ] "ეს ეპარქიები არსებობდა რევოლუციამდე, სანამ მათ კომუნისტები გააუქმებდნენ. რატომ არ უნდა აღედგინა ვატიკანს ისინი ცალმხრივად? მაინც მგონია, რომ უფრო ახლო დიალოგი უნდა შემდგარიყო. მაკვირვებს მოსკოვში პაპის უნციის როლი თუ როლის უქონლობა. არ ვიცი, რა იღონა ამ მხრივ, აცნობა თუ არა რამე რუსეთის ეკლესიას და პატრიარქატს ეპარქიების აღდგენაზე. მაგრამ ცხადია, რომ ეს ასე უნდა გაეკეთებინა. მაგრამ რატომ არ ქნა ეს, არ ვიცი."
ბორდოს საჭიროდ მიაჩნია ამ ეკლესიების მორიგება, მით უფრო, რომ ამის საშუალებები არსებობს; მისი აზრით, სასკანდალო ამბავია მოსკოვსა და ვატიკანს შორის ასეთი დაპირისპიება, იმ დროს როცა მთელ მსოფლიოში ეკლესიები ერთიანდებიან.
ბრიტანელი ექსპერტი ამბობს, გავკადნიერდები და ვიტყვი, ვატიკანსაც და მოსკოვის საპატრიარქოსაც მართებს, ბევრი რამ ისწავლოსო. მას მაგალითად მოჰყავს კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსი, პატრიარქი ბართოლომეო, რომელიც 300 მილიონი მართლმადიდებლის სასულიერო მეთაურია და შესანიშნავი ურთიერთობა აქვს პაპთანაც.
XS
SM
MD
LG