Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში გართულდა პოლიტიკური თავშესაფრის მიღება


ანდრო ეული, პრაღა ბრიტანეთში მიღებულმა ახალმა კანონმა, რომლითაც საგრძნობლად გართულდა ქვეყანაში თავშესაფრის მიღება,

შედეგად ის გამოიღო, რომ მრავალი ლტოლვილი ქუჩებში ათევს ღამეს, - ნათქვამია საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც 19 თებერვალს გამოაქვეყნა ბრიტანეთში მოქმედმა ლტოლვილთა ექვსმა წამყვანმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ბრიტანეთში ჩასულ ლტოლვილებს უაღრესად მძიმე პირობებში უხდებათ ცხოვრება მას შემდეგ, რაც მთავრობამ შეუწყვიტა ამ ადამიანებს იმ თანხის გადახდა, რაც ადრე მოქმედი სოციალური დახმარების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

ბრიტანეთში მოქმედმა ექვსმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ინტერვიუ ჩამოართვა ასამდე ლტოლვილს, რომლებსაც მთავრობის მიერ გასულ წელს მიღებული კანონი შეეხო. ამ კანონის ძალით, რომელიც 55-ტე მუხლის სახელითაა ცნობილი, ბრიტანეთი აღარ მისცემს ყოველთვიურ ფულად დახმარებას იმ ლტოლვილებს, ვინც ქვეყანაში ჩასვლისთანავე არ მოითხოვს პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას.

ხუთშაბათს გამოქვეყნებულ საანგარიშო მოხსენებაში ნათქვამია, რომ თითქმის ორი მესამედი იმ ლტოლვილებისა, ვინც ვეღარ ღებულობს ბრიტანეთში ყოველთვიურ ფულად დახმარებას, დღეს ქუჩაში ათენებს ღამეს. ყოველი ათიდან შვიდი, რეგულარულად არ ღებულობს საკვებს, ხოლო ყოველი ათი ლტოლვილიდან 6, ჯანმრთელობის გაუარესებას უჩივის.

აი რა განაცხადა ბრიტანეთში მოქმედი ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სუზი რენშოუმ [სუზი რენშოუს ხმა]: "ამ გამოკითხვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ის, რაც ჩვენი კლიენტებისგან შევიტყვეთ ერთი წლის მანძილზე მას შემდეგ, რაც ეს კანონი ამოქმედდა - იმ ადამიანებს, ვისაც თავშესაფრის მიღება სურს ბრიტანეთში, მძიმე დღეები მოელის, ვინაიდან მთავრობამ შეუწყვიტა მათ დახმარება. ბევრი - ქუჩაში ათენებს ღამეს. მრავლად გვყავს უმწეო კლიენტები, ვინც სამოქალაქო ომს გამოექცა, თან წამებაც გადაიტანა, ამის შემდეგ ისინი აქ ჩამოდიან და ქუჩაში უხდებათ ცხოვრება".

საანგარიშო მოხსენებაში მოყვანილია ბრიტანეთში ჩასული ერთ-ერთი ახალგაზრდა ირანელი მამაკაცის ნათქვამი, ციტატა: "ხან ერთს, ხანაც მეორე ქუჩაში მძინავს. ჩემმა ვექილმა გარკვეული თანხა მომცა, რაც რამდენიმე დღეს მეყოფა გამოსაკვებად. მე, ჩვეულებისამებრ სალოცავად მივდივარ მეჩეთში, სადაც მეძლევა შესაძლებლობა პირი დავიბანო და მოვწესრიგდე. გარეთ ცივა, მე კი, არ მაბადია თბილი ტანსაცმელი", - ციტატის დასასრული.

"ბრიტანეთის მთავრობის მიერ ერთი წლის წინათ მიღებულმა კანონმა, რითაც ლტოლვილებს ყოველთვიური ფულადი დახმარება შეუწყვიტეს, ხალხს იმედგაცრუება, მარტოობა მოუტანა და თან ქურდობისკენ უბიძგა ბევრს, ვინაიდან როცა ქუჩაში გძინავს და არა გაქვს მუშაობის უფლება, სხვა რა უნდა გააკეთო?" - უთხრა ჟურნალისტებს ლონდონში სომალიდან ჩასულმა ლტოლვილმა.
XS
SM
MD
LG