Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა "ედუარდ შევარდნაძის ოჯახი შესაძლოა საქართველოდან გაიქცეს", -






ასეთი კომენტარით გამოეხმაურა ბრიტანეთის გაზეთი "ინდეპენდენტი" ცნობას იმის შესახებ, რომ 20 თებერვალს თბილისის აეროპორტში საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა კომპანია "მაგთიკომის" ხელმძღვანელი, ედუარდ შევარდნაძის სიძე გიორგი ჯოხთაბერიძე დააკავეს. გაზეთი წერს:

"საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ჯოხთაბერიძემ წერილობით აცნობა პროკურატურას, რომ შეერთებულ შტატებში აპირებს გამგზავრებას. "გამომძიებლებმა გააფრთხილეს "მაგთიკომის" ხელმძღვანელი, არ დაეტოვებინა თბილისი, მაგრამ ჯოხთაბერიძემ ყურად არ იღო ეს და გაქცევა სცადა" - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, საქართველოს პრეზიდენტმა, 36-წლის მიხეილ სააკაშვილმა, კორუმპირებული მაღალჩინოსნების დაპატიმრება აღუთქვა ხალხს".

მიხეილ სააკაშვილის ამასწინანდელ ვიზიტს მოსკოვში, გაზეთმა "კომერსანტმა" მიუძღვნა ვრცელი კომენტარი, რომელშიც ხაზგასმითაა აღნიშნული ის ფაქტი, რომ კრემლის მთავარი მიზანი სააკაშვილის სტუმრობის დროს, რუსეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ "საზრიანი" დეკლარაციის ხელმოწერა იყო. გაზეთი დასძენს:

"კარგად ინფორმირებული წყაროების ცნობით, კრემლმა მოამზადა შეთანხმების პროექტი, რომელიც საქართველოში, რუსეთის "სასიცოცხლო ინტერესებს" ადასტურებს. შეთანხმების პროექტში გაკვრითაა მოხსენიებული საქართველოდან რუსეთის ორი სამხედრო ბაზის გატანის საკითხი, და ნათქვამია ამასთანავე, რომ თბილისმა "მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით" უნდა სცადოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. კრემლის მხრიდან მძაფრი ზეწოლის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა ხსენებული შეთანხმების პროექტს ხელი არ მოაწერა."

სტატიაში, რომელიც გაზეთმა "ბოსტონ გლოუბმა" გამოაქვეყნა ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი ჯეფრი კუნერი სინანულით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ რუსეთის ჯარი განაგრძობს ბარბაროსობას ჩეჩნეთში, რაც გენოციდის ტოლფასია, ამ დროს მსოფლიო პრესა, შეიძლება ითქვას, დუმს. ჯეფრი კუნერი განაგრძობს:

"ტერორიზმის წინააღმდეგ გაჩაღებული გლობალური ომი საბაბი გახდა კრემლისთვის განაგრძოს ბარბაროსობა ჩეჩნეთში, რაც ფაქტობრივად, გენოციდის ტოლფასია. ამ დროს, დასავლეთი, დუმს. ნაცვლად იმისა, ჩეჩნეთიდან ფედერალური ჯარის გაყვანა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება მოითხოვოს კრემლისაგან, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია ამ ტრაგედიის სამარცხვინო უგულებელყოფის პოლიტიკას განაგრძობს. ვაშინგტონმა, როგორც ჩანს, ირწმუნა კრემლის მტკიცება, რომ ომი ჩეჩნეთში, თურმე, რუსეთის საშინაო საქმეა. დასავლეთის "მაამებლობა" რუსეთისადმი კიდევ უფრო გაათამამებს კრემლს - განაგრძოს თავისი ანტი-დემოკრატიული და ექსპანსიონისტური პოლიტიკა. განსხვავებით მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩადენილი ბარბაროსობისაგან, როცა ნაცისტებმა მილიონობით ებრაელი გამოასალმეს სიცოცხლეს, დღეს დასავლეთი იმით ვერ გაიმართლებს თავს, რომ არ იცის რა ხდება ჩეჩნეთში. ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ საუბედუროდ, დიდად არ გვადარდებს".
XS
SM
MD
LG