Accessibility links

logo-print

აკმაყოფილებს თუ არა საქართველოს ახალი ხელისუფლების ნაბიჯები ევროსაბჭოს ფუძემდებლურ პრინციპებს


ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი შესრულებულია, ხოლო დანარჩენი ვალდებულებების რეალიზების ვადები - დარღვეული. გარდა ამისა,

ირკვევა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების ნაბიჯები ყოველთვის როდი ემთხვევა ევროპის საბჭოს ფუძემდებლურ პრინციპებს. ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა საქართველოში თავისი ვიზიტის დასრულებისას განაცხადა. მიუხედავად შვიმერის მიერ გამოთქმული რეკომენდაციებისა, საქართველოს ხელისუფლება შვიმერის საქართველოში ყოფნისას და მისი გამგზავრების შემდეგაც კვლავ განაგრძობს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ევროპის საბჭოს უკმაყოფილებას იწვევს.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის აჭარაში ვიზიტისას განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანწილად დაჩრდილა ვალტერ შვიმერის მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გამოთქმული მოსაზრებები. თუმცა მათი უმრავლესობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობების თემა. ერთ-ერთი მათგანია საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისობა ევროპის საბჭოს ვენეციის კონვენციასთან.

[ვალტერ შვიმერის ხმა] "ჩემი თვალსაზრისით, საკონსტიტუციო შესწორებანი უნდა იყოს დროებითი, რადგან ისინი მთლიანად არ ეთანხმება ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ, საერთოდ,, საქართველო მთლიანად ეთანხმება და მიჰყვება ევროსაბჭოს სტანდარტებს. არა იმისათვის, რომ ევროსაბჭოს ასიამოვნოს, არამედ ეს თავად საქართველოსთვის კეთდება."

თუ რაში ეწინააღმდეგება საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მე ამის კომენტირება ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის წევრს არმაზ ახვლედიანს ვთხოვე:

[არმაზ ახვლედიანის ხმა] "ეს შენიშვნები იყო იურიდიული, სამართლებრივი ხასიათის და შეეხებოდა, ერთი მხრივ, პარლამენტის უფლებების შეზღუდვას, პრეზიდენტის უფლებების გარკვეულად გაზრდას და, საერთოდ, პრაქტიკულად იმ ცვლილებებს, რომელიც ჩვენ მივიღეთ მინისტრთა კაბინეტის შემოღებით."

ვენეციის კომისიის დასკვნაში ისიც ეწერა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ექსპერტიზისთვისა და საზოგადოებრივი განხილვისთვის გამოყოფილი დრო არ იყო საკმარისი ცვლილებების არსის გასაცნობიერებლად.

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კი საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ევროპის საბჭოს დასკვნების მიმართ, აი, ასეთი დამოკიდებულება აქვს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჯერ შვიმერმა აქო ბოლომდე... ამბობს, ყველაფერი არ იქნა მთლად გათვალისწინებული, მაგრამ კარგი ნაბიჯიაო. ახლა, ყველაფერი ჩემმა მტერმა გაითვალისწინა, ყველა მეცნიერის ნააზრევი, მაგრამ, რა თქმა უნდა, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია."

დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება აქვს ევროსაბჭოს რეკომენდაციების მიმართ საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის მისამართით ვალტერ შვიმერმა არაერთი შენიშვნა გამოთქვა:

[ვალტერ შვიმერის ხმა] "საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეხვედრისას მე ხაზი გავუსვი იმ გარემოებას, რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული, ისევე როგორც ადამიანის უფლებები, თუნდაც ისეთ ბრძოლაში, როგორიცაა ბრძოლა კორუფციისა და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ. მან დამარწმუნა, რომ ყველანაირი საკანონმდებლო პროცედურები ამ შემთხვევაში დაცულია ხოლმე და მას პატივს სცემენ. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ, ალბათ, საკმარისად არა."

ვალტერ შვიმერმა ასევე ხაზი გაუსვა კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის დროს ბიზნესისა და პრესის ფუნქციონირების მიმართ სამართალდამცველთა ფრთხილი დამოკიდებულების აუცილებლობას.

[ვალტერ შვიმერის ხმა] "ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური პრინციპი კანონის უზენაესობისა გახლავთ ის, რომ შენარჩუნებული იქნეს უდანაშაულობის პრეზუმპცია. პროკურორების ქმედებანი უკანონობისა და არალეგალური ტრანსფერების აღკვეთისას ისე უნდა იყოს მომართული, რომ თავიდან იქნეს აცილებული ეჭვმიტანილი საწარმოს იმ ზომამდე დაყადაღება და შევიწროება, რომ ის იძულებით ბანკროტი გახდეს."

ჯერჯერობით საქართველოში განვითარებული მოვლენები საწინააღმდეგო სურათს ქმნის. თუმცა ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე მსჯელობა, თუ როგორი იქნება ევროსაბჭოს რეაქცია, რადგან, ისევე როგორც საქართველოში, ევროპაშიც საქართველოს ახალი ხელისუფლების დაპირებების რეალიზებას ელოდებიან.
XS
SM
MD
LG