Accessibility links

logo-print

14 თებერვალს ბერლინში საზეიმოდ დაიხურა 54-ე საერთაშორისო კინოფესტივალი


14 თებერვალს ბერლინში საზეიმოდ დაიხურა 54-ე საერთაშორისო კინოფესტივალი,

რომლის საკონკურსო და კონკურსგარეშე პროგრამაზე რადიო "თავისუფლებამ" ერთი კვირის წინ გიამბოთ. დღეს მინდა მოგითხროთ იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასეს კინემატოგრაფისტებმა "ბერლინალეს" ჟიურის გადაწყვეტილება.

"ბერლინალეს" დასკვნითი პრესკონფერენცია სტვენით დაიწყო - ჟურნალისტებმა, აი, ასეთი ხმური ატეხეს, როცა ჟიურიმ პრიზით საუკეთესო მუსიკისათვის დააჯილდოვა იტალიური ფილმი "პირველი სიყვარული":

[ხმა: ჟიურის პრესკონფერენცია - სტვენა]

მაგრამ ფრენსის მაკდორმანდი - ბერლინის წლევანდელი ჟიურის თავმჯდომარე, ამერიკელი მსახიობი, რომელიც კინოს მოყვარულებს, პირველ რიგში, ძმები კოენების ფილმით, "ფარგოთი", დაამახსოვრდათ, საკმაოდ ექსცენტრიული ქალბატონი აღმოჩნდა. მაკდორმანდი სტვენამ არ დააბნია: "მიდით, უსტვინეთ, ჯერ კიდევ სადა ხართო," - მიმართა მან ჟურნალისტებს... როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ კინოკრიტიკოსები წლევანდელი ჟიურის ვერდიქტით აღშფოთდებოდნენ, ამიტომ ხელების ქნევით, არცთუ ისე ბუნებრივი სიცილითა და სახის მანჭვა-გრეხვით გადაწყვიტა თავის დაცვა.

შედეგებით, მართლაც, ბევრი დარჩა უკმაყოფილო, მათ შორის, ფესტივალზე აკრედიტებული 25-მდე ქართველი ჟურნალისტი... როცა მაკდომარდმა "ბერლინალეს" გამარჯვებულები დაასახელა, ახლა უკვე ჩვენ და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა დავიწყეთ სტვენა და ფეხების ბაკუნი, მაგრამ უმრავლესობა არ აგვყვა... პირიქით, ხუთასამდე ჟურნალისტი ასეთი ოვაციებით შეხვდა ჟიურის, მართლაც რომ, ექსცენტრიულ გადაწყვეტილებას - მთავარი პრიზით აღნიშნულიყო გერმანულ-თურქული ფილმი "კედლის პირისპირ":
[ხმა: ჟიური აცხადებს ფესტივალის გამარჯვებულს]

მოგვიანებით ჩვენ გავესაუბრეთ გამარჯვებულს, გერმანიაში მცხოვრებ 30 წლის თურქ რეჟისორს ფატიხ აკინს, რომელიც თავადაც ვერ მალავდა გაოცებას ჟიურის გადაწყვეტილების გამო:

[ფატიხ აკინის ხმა]:"გუშინ კრიტიკოსთა საერთაშორისო ორგანიზაციის პრიზი როცა გადმომცეს, ვიფიქრე, საკმარისია- მეთქი, ამაზე მეტს არ ველოდი. ახლა კი მთავარი პრიზი მივიღე - ეს, ალბათ, მეტისმეტია."

დიდ საერთაშორისო კინოფესტივალებზე ჟიურის ვერდიქტს სკანდალი და მითქმა-მოთქმა არაერთხელ გამოუწვევია. ამ თვალსაზრისით, ხშირად იხსენებენ კანის 1999 წლის კინოფესტივალს. მაშინ ჟიურის თავმჯდომარემ, კანადელმა რეჟისორმა დევიდ კრონენბერგმა ჩირადაც არ ჩააგდო პედრო ალმოდოვარის, პიტერ გრინუეის, დევიდ ლინჩის, ჯიმ ჯარმუშის ფილმები და კანის ფესტივალის მთავარი პრიზი ყველასათვის უცნობ რეჟისორებს, ძმებ დარდენებს გადასცა. კანის ფესტივალის შედეგებით უკმაყოფილო ალმოდოვარმა დაიფიცა, რომ აღარასოდეს მიიღებდა მონაწილეობას ეგრეთ წოდებულ "ა" კლასის კინოფესტივალებში... ალმოდოვარს სხვა რეჟისორებმაც მიბაძეს. მაგრამ ბოიკოტი დიდხანს არ გაგრძელებულა. 2004 წლის "ბერლინალეს" კონკურსში თანამედროვე კინოს ცოცხალი კლასიკოსები იყვნენ წარმოდგენილნი: თეო ანგელოპულოსი, კენ ლოუჩი, პატრის ლეკონტი, ერიკ რომერი... სწორედ კლასიკოსებმა შექმნეს ფესტივალის მთავარი ინტრიგა - საინტერესო იყო, თუ ვის აირჩევდა აქედან ჟიური. საინტერესო იყო ისიც, თუ რა ბედი ეწეოდა საკონკურსო პროგრამის უდავო ლიდერს, ამერიკელი რეჟისორის რიჩარდ ლინკლეიტერის სურათს "მზის ჩასვლის წინ" - ერთადერთ საკონკურსო ფილმს, რომლის დასრულებისას ფესტივალის დარბაზში მქუხარე ოვაციები გაისმა, მთავარი როლის შემსრულებლების ითან ჰოუკისა და ჯული დელფის პრესკონფერენციაზე კი ნემსიც ვერ ჩავარდებოდა. აქ განაცხადა სწორედ ითან ჰოუკმა:

[ითან ჰოუკის ხმა]: "პირველი ფილმი ისე დამთავრდა, რომ გაგრძელებას მოითხოვდა, თუმცა ძალიან გვეშინოდა, რადგან მე და ჯული იმხანად ახალგაზრდები ვიყავით. პირველი ფილმი იმდენად პირადული იყო, რომ მეორე სურათის მარცხი პირველ ფილმსაც დააზარალებდა."

მაგრამ რიჩარდ ლინკლეიტერი მარცხს გადაურჩა. უფრო მეტიც, კრიტიკოსებს შორის ბევრი იყო ისეთი, ვინც "მზის ჩასვლის წინ" უკეთესადაც მიიჩნია, ვიდრე ათი წლის წინ გადაღებული ფილმი "მზის ამოსვლის წინ"... კლასიკოსებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, - არავინ ელოდა, მაგალითად, 83 წლის ერიკ რომერისგან ისეთ აქტუალურ, ისეთ საღ და იუმორით სავსე ფილმს, როგორიცაა მისი ახალი ნამუშევარი "სამმაგი აგენტი" - ამბავი იმაზე, თუ როგორ სწრაფად იცვლება პოლიტიკური სიტუაცია მსოფლიოში და როგორ ვერ ახერხებს, ვერ ასწრებს ადამიანი გაერკვეს, თუ რა ხდება, ვერ ასწრებს "ჩამოაყალიბოს" თავისი პოზიცია. "ბერლინალეზე" აკრედიტებული ქართველი ჟურნალისტების აზრით, ეს ფილმი განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის... საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის აქტუალურია "ბერლინალეს" კონკურსში ჩართული ბრიტანელი რეჟისორის კენ ლოუჩის სურათი "თამამი კოცნაც", რომელშიც ლოუჩმა დრამატული ამბავი შეუწყნარებლობასა და ქსენოფობიაზე მისთვის უჩვეულო "ჰეპი ენდით" დაასრულა. თუმცა ჩვენი დელეგაციის წევრები სრულიად დარწმუნებულები იყვნენ, რომ "ოქროს დათვი" ერგებოდა ბერძენ რეჟისორს თეო ანგელოპულოსს ფილმისთვის "ტრილოგია - მიწა ტირის"... თუნდაც იმიტომ, რომ კანისა და ვენეციის კინოფესტივალების ლაურეატს "ბერლინალეს" კონკურსში არასდროს მიუღია მონაწილეობა. თანაც, "მიწის ტირილი" ერთადერთი საკონკურსო ფილმი იყო, რომელშიც ავტორმა მთლიანად დაძლია სატელევიზიო კინოს ესთეტიკა, გადაიღო ის, რასაც "კინო" ჰქვია - შეიძლება ითქვას, "კინოფრესკა", რომელსაც თანამედროვე კინორეჟისორები, უბრალოდ, ვეღარ იღებენ. ფილმის დასრულების შემდეგ კი პრესკონფერენციაზე განაცხადა:

[თეო ანგელოპულოსის ხმა]: "ეს ფილმი მეოცე საუკუნის თავისებური დასკვნაა - ცხოვრება ქალისა, რომელმაც მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი გაიარა... მეც მთელი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ხომ მეოცე საუკუნეში გავატარე, ეს იყო ჩემი იმედის, ჩემი ოცნებების საუკუნე."

მაგრამ ჩვენ უკვე არა მეოცე, არამედ ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ და კინო, რომელსაც მაღალ ხელოვნებასთან კავშირი აქვს, უბრალოდ, აღარ არის მოდაში... ყოველ შემთხვევაში, ასეთი კინო აღარ უყვართ ბერლინის კინოფესტივალზე, სადაც წლევანდელი "ვერცხლის დათვის" ლაურეატმა, არგენტინელმა რეჟისორმა დენიელ ბურმანმა პირდაპირ განაცხადა: რა დროს ესთეტიკაა, რა დროს ხელოვნებაა, როცა სამყარო ინგრევაო... ასე რომ, ტყუილად ღელავდა ფრენსის მაკდორმანდი - "ბერლინალეს" წლევანდელმა ჟიურიმ "დათვები" გაუნაწილა იმათ, ვინც ეგრეთ წოდებულ "სოციოლოგიურ კინოს" აკეთებს... სხვაგვარად რომ ვთქვათ, "აქტუალური საგაზეთო სტატიების ეკრანიზაციებს" ანიჭებს უპირატესობას, ე.ი. იმას, რაც ძალიან მოსწონთ ევროპელ კინოლიბერალებს. ერთი რამ არის მხოლოდ საგულისხმო: "ბერლინალეს" წლევანდელ ლაურეატებს შორის ვხედავთ არგენტინაში, კოლუმბიაში, სამხრეთ კორეაში გადაღებულ ფილმებს... ევროპული ფილმი ერთადერთია და ისიც გერმანიაში მცხოვრები თურქი ემიგრანტების გასაჭირს ასახავს... ევროპული და ამერიკული კინო მოდას ისევ არ ემორჩილება... "სოციოლოგიური კინოს" თაყვანისმცემლებისგან განსხვავებით, ევროპელი და ამერიკელი კინემატოგრაფისტების უმრავლესობას კარგად ესმის, რომ წლევანდელ "ბერლინალეზე" გამარჯვებულ სურათებს ისტორია ძალიან მალე დაივიწყებს. თუმცა ისტორიისთვის ვის სცხელა, როცა სამყარო ინგრევა.
XS
SM
MD
LG