Accessibility links

logo-print

''ქართული სპორტის საუკუნე-დაუვიწყარი სახელები.''


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი. ჩვენი თბილისელი კოლეგა ელგუჯა ბერიშვილი დღევანდელ

სპორტულ პროგრამაში სახელოვან ქართველ ფალავანზე -შოთა ლომიძეზე მოგვითხრობს.

შოთა ლომიძე დაიბადა 1936 წლის 20 იანვარს წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში. საბჭოთა კავშირის ხუთგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიო ჩემპიონატის ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლის მფლობელი, მეხიკოს ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული. სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი. გარდაიცვალა თბილისში 1993 წლის 23 ოქტომბერს.

შოთა ლომიძის სპორტული ჯილდოების სიმრავლე თავისთავად მრავლისმეტყველია და იმის დასტური, რომ საქმე გვაქვს ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს ქართველ მოჭიდავესთან, რომელმაც 1960-იან წლებში გაითქვა სახელი და ჩვენი საფალავნო ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებლად მოგვევლინა. ძველი გულშემატკივრებიც და მწვრთნელ-სპეციალისტებიც ერთ აზრზე დგანან: შოთა ნაღდი მოჭიდავე იყო-ვაჟკაცური, შემტევი, გულიანი, მოკლედ, ისეთი, ლომის გვარის შთამომავალს რომ შეეფერება. მის ძალასა და ოსტატობას ყველა აღიარებდა, მათ შორის-უშუალო კონკურენტებიც. ასეთები კი, შინ თუ გარეთ, ბლომად ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, კიეველი ვლადიმერ გულიუტკინი წერს: "შოთა ჩემზე ექვსი წლით უფროსი იყო. კარგად მახსოვს ჩვენი შეხვედრა ნოვოსიბირსკში, საბჭოთა კავშირის 1966 წლის ჩემპიონატზე. მაშინ პირველად ვიგრძენი მისი დიდი ფიზიკური ძალა და მრავალფეროვანი ტექნიკა. ბევრ ძლიერ მეტოქესთან მიჭიდავია, მაგრამ მისნაირები ცოტა მინახავს."
ნოვოსიბირსკში ლომიძემ ყველას აჯობა და მესამედ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ცოტა ხანში კი პირველი საერთაშორისო ტიტულიც მოიპოვა-ევროპის ჩემპიონატის ფინალი თურქთა ლიდერს, შემდგომში ოლიმპიურ ჩემპიონს ახმედ აიკს მოუგო. მიაქციეთ ყურადღება: დიდ ასპარეზზე გასვლა შოთამ მხოლოდ 30 წლის ასაკში შეძლო და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. იმდროინდელ საბჭოთა ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად და, მაშასადამე, საერთაშორისო სარბიელზე გასასვლელად, მოკავშირე რესპუბლიკათა წარმომადგენლებს ურთულესი გზის გავლა უწევდათ. თუ რუს კონკურენტს აშკარად არ სჯობნიდი, ისე ნაკრებს ვინ გაგაკარებდა. შოთამ საბჭოთა მწვრთნელებისათვის თავისი უპირატესობის დამტკიცება მხოლოდ კარიერის მიწურულს მოახერხა და მთავარი გამარჯვებები სწორედ ვეტერანობის წლებში მოიპოვა. Yყველაზე წარმატებული გამოდგა 1969 წელი: ევროპის ჩემპიონატის მეორე ოქროს მედალს მალე ქვემძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოჰყვა. აქ ხაზი უნდა გაესვას ერთ მნიშვნელოვან გარემოებას: როგორც წესი, შოთა ლომიძე ქვემძიმე წონით კატეგორიაში გამოდიოდა, მაგრამ რაკი ევროპის ჩემპიონატის წინ ალექსანდრე მედვედი შეუძლოდ გახდა, შოთამ მწვრთნელებისგან სასწრაფო დავალება მიიღო-მედვედი უნდა შეცვალო და ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში გამარჯვება არავის დაუთმოო. ქართველმა მოჭიდავემ ეს გამოცდაც წარმატებით ჩააბარა. ამას მოჰყვა უკვე ნახსენები მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც შორეულ არგენტინაში-მარ-დელ-პლატაში გაიმართა. საბჭოთა გუნდში ერთბაშად ოთხ ქართველ ფალავანს უხმეს და ოთხივემ მედალი ჩამოიტანა: ლომიძემ და ზარბეგ ბერიაშვილმა ოქროსი, ტარიელ ალიბეგაშვილმა და ნოდარ ხოხაშვილმა-ბრინჯაოსი. ზორბეგ ბერიაშვილის თქმით, ლომიძეს იმდროინდელ საბჭოთა ნაკრებში ყველანი განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ და ამას, გარდა ტიტულლებისა, ხელს უწყობდა მისი პიროვნული თვისებები.

[ზარბეგ ბერიაშვილის ხმა]: "ირანში ხშირად გვიწევდა ჭიდაობა, ერთხელ ერთმა ირანელმა რაღაც ილეთი გაუკეთა. გაბრაზდა შოთა, მივარდა, ცალი ხელით აიტაცა, კაცო, მერე სკამივით დააბერტყა. მეორე წელს ირანში ვართ ჩასული, შეჯიბრების გახსნაზე ჩამწკრივებულები ვართ, მოვიდა შაჰი რეზა ფეხლევი და სათითაოდ ჩამოგვართვა ხელი. შოთასთან რომ მივიდა, რაღაც ჩაილაპარაკა და ატყდა სიცილი. მერე გავარკვიეთ, შაჰს უთქვამს: ნახეთ, რა უქნიათ, ეს სპილო ისევ ჩამოუყვანიათო."

1970 წელს მიღებული მძიმე ტრავმის გამო, შოთა ლომიძეს კარგა ხანს არ უვარჯიშია და ნაკრებში მისი დაბრუნების პერსპექტივა ერთობ საეჭვო გახდა. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მისმა შემცვლელმა ვლადიმერ გულიუტკინმა მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და წლის სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრებები. ლომიძე და გულიუტკინი 1971 წლის საკავშირო სპარტაკიადის ფინალში დაწყვილდნენ და ამ ბრძოლას ბევრ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. ლომიძემ ამ პრინციპულ შეხვედრაში იმდენად დამაჯერებლად გაიმარჯვა, რომ კვლავ საბჭოთა ნაკრებში უხმეს და სოფიის მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანეს. იქიდან შოთა ორგზის ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა.
XS
SM
MD
LG