Accessibility links

logo-print

ევოპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირი ბრიუსელში


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს 23 თებერვალს, საგანგებო შეხვედრაზე ბრიუსელში,

ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, იმაზეც იმსჯელეს, რომ მოსკოვს არ სურს თანამშრომლობისა და პარტინორობის შეთანხმება გააფორმოს იმ ათ სახელმწიფოსთან, რომლებიც 1 მაისს გაწევრიანდებიან ევროპის კავშირში. მოქმედი შეთანხმება, რომელსაც რუსეთმა თავის დროზე ხელი მოაწერა, მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელ 15 წევრს ეხება.

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გასულ კვირაში მიიღეს ევროკავშირის ამჟამინდელმა და მომავალმა წევრებმა ნათქვამია, რომ ამ კავშირის შეთანხმება რუსეთთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ ორმხრივი ურთიერთობის "არსებითი ქვაკუთხედია, და 1 მაისს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე კავშირის ათ ახალ წევრზეც უნდა გავრცელდეს.

აი რა განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორმა დიეგო დე ოხედამ [დიეგო დე ოხედას ხმა]: "ჩვენ კონსულტაციები გვაქვს რუსეთთან იმის თაობაზე, რომ პარტნიორობის შეთანხმება ყველა ახალ წევრ სახელმწიფოზე გავრცელდეს. ეს არაა მოლაპარაკება. ესაა რუტინული პროცედურა, რასაც სხვა ქვეყნებთანაც მივმართავთ. ამ დროს რუსეთს განსხვავებული პოზიცია უკავია ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ამ საკითხს ჩვენ ცალკე ვიხილავთ. ეს 2 საკითხი არაა ურთიერთკავშირში. ვიმედოვნებთ, რომ რუსებს ასევე აქვთ გაცნობიერებული იმის საჭიროება, რომ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უნდა მოხდეს თანამშრომლობისა და პარტნიორობის შეთანხმების გავრცელება".

მოსკოვი ამტკიცებს, რომ ხსენებული შეთანხმების გავრცელება ევროკავშირის კიდევ ათ წევრ-სახელმწიფოზე უარყოფით ზეგავლენას იქონიებს რუსეთის საგარეო ვაჭრობაზე. გასულ თვეს რუსეთმა 14 მოთხოვნა წაუყენა ევროკავშირს მოსალოდნელ გაფართოებასთან დაკავშირებით. სახელდობრ მოსკოვს სურს, რომ ევროკავშირის გაფართოების შემდეგ რუსეთში გაიზარდოს ფოლადისა და მარცვლეულის იმპორტი.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, რომლებსაც თანამშრომლობისა და პარტნიორობის შეთანხმება აქვთ დადებული ბრიუსელთან, უკრაინა ასევე გამოთქვა შეშფოთება ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, თუმცა 12 თებერვალს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს აცნობა, რომ კიევი ხელს მოაწერს ოქმს თანამშრომლობისა და პარტნიორობის შეთანხმების გავრცელებასთან დაკავშირებით. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღეს საქართველომ, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და მოლდავეთმა.

ბელორუსიასა და თურქმენეთთან ევროკავშირს არა აქვს დადებული შეთანხმება თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ.



როგორც ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ყველა უთანხმოება რუსეთთან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით მოგვარდება 14 მარტამდე, როცა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამ მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დუბლინში 11 მარტისათვის დანიშნულ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, მისი ირლანდიელი კოლეგა ბრაიან კოუენი და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორი ქრის პატენი.
XS
SM
MD
LG