Accessibility links

logo-print

საერთაშორისო სასამართლო იორდანეს ნაპირზე დამცავი კედლის მშენებლობის კანონიერებას იხილავს


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს 23 თბერვალს, ჰააგაში მოქმედმა საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა იმასთან დაკავშირებით,

რომ ისრაელი ეგრედ წოდებულ "უშიშროების კედელს" აშენებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. კედელმა აზრთა მკვეთრი დაპირისპირება გამოიწვია იმთავითვე, როცა ისრაელმა ორი წლის წინათ, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

ისრაელი აცხადებს, რომ დამცავი კედელი აუცილებელია, რათა პალესტინელთა თვითმკვლელმა ტერორისტებმა ვეღარ შესძლონ ისრაელში შეღწევა, როგორც ეს კვირას მოხდა იერუსალიმში, როცა ავტობუსში მოწყობილმა აფეთქებამ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აი რა განაცხადა ამ ინციდენტთან დაკავშირებით ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დანიელ შეკმა [დანიელ შეკის ხმა]: "ესაა მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვისათვის განკუთვნილი დროებითი, და ადვილად დასანგრევი ნაგებობა, რომელიც, ვიტყოდი, შესანიშნავად არსულებს ფუნქციას. გუშინ რომ გვქონოდა ეს კედელი შემოვლებული იერუსალიმის გარშემო, დღეს ჩვენ არ მოგვიხდებოდა 8 შვილის დამარხვა".

და თუ ისრაელს სასიცოცხლო მნიშვნელობის საშუალებად მიაჩნია კედლის აგება, პალესტინელები ამ დაგეგმილ 700-კილომეტრიან ბარიერში, ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწის უკანონო მიტაცების მცდელობას ხედავენ. მათივე თქმით, კედლის უკვე აგებულმა ნაწილმა აურაცხელი სიძნელე შეუქმნა პალესტინელებს, ვინაიდან მრავალი ფერმერი - თავის სავარგულებს, სხვები კი - სამუშაო ადგილებს მოსწყვიტა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, აგრეთვე "ემნისტი ინტერნეიშნელმა" ამ დღეებში განაცხადეს, რომ ხსენებული კედლის აშენებით ისრაელი საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს, აგრეთვე ჟენევის მეოთხე კონვენციას არღვევს.

23 თებერვლის სხდომაზე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, 15-წევრიან ჟიურის პირველი ჩვენება გაეროში პალესტინელთა მუდმივმა წარმომადგენელმა ნასერ ალ-ქიდვამ მისცა [ნასერ ალ-ქიდვას ხმა]: "ეს კედელი, თუკი დასრულდება მისი მშენებლობა, დასავლეთი ნარიპის მხოლოდ ნახევარს დაუტოვებს პალესტინელ ხალხს, თანაც მათი დასახლებები, კედლის გამო, მოწყვეტილი იქნება ერთი მეორეს. შედეგად, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება ორი სახელმწიფოს თანაარსებობის ჩარჩოებში ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება".

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გასულ დეკემბერს მიმართა საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით - გაარკვიოს, რამდენად კანონიერია ისრაელის მხრიდან მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ზემოხსენებული კედლის მშენებლობა.

აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სასამართლოს დადგენილებას არ ექნება კანონის ძალა, თუმცა თუ გადაწყვეტილება ისრაელის წინააღმდეგ იქნება მიღებული, ეს კიდევ უფრო აამხედრებს დამცავი კედლის მოწინააღმდეგე ქვეყნებს, და შესაძლოა ისრაელის წინააღმდეგ სანქციებით მიღებითაც დამთავრდეს.

ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ჰააგაში დაწყებულ სასამართლო პროცესს, სამაგიეროდ წარადგინეს იურიდიული დასკვნა, რომელშიც გამართლებულია დამცავი კედლის მშენებლობა. ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს მიაჩნია, რომ ეს საქმე საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ ექვემდებარება [არიე შარონის ხმა]: "შეუძლებელია მოიყვანო უკეთესი მაგალითი ცინიზმისა, ვიდრე გადაწყვეტილება, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში გაიმართოს პოლიტიკური დისკუსია, დისკუსია იმ კედლის წინააღმდეგ, რომელმაც სიცოცხლე უნდა შეუნარჩუნოს ხალხს".

შეერთებული შტატები და ევროპის მრავალი სახელმწიფო წინააღმდეგი არიან ასევე იმისა, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დამცავი კედლის მშენებლობასთან დაკავშირებული საქმის განხილვა, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ამ პროცესმა შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესი.
XS
SM
MD
LG