Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი დემოკრატიის დამარცხებად მიიჩნევს ირანში ახლახან ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს ბრიუსელში, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს,

რომ 20 თებერვლის საპარლამენტო არჩევნები ირანში არადემოკრატიული იყო, რადგან კონსერვატორი მოლებით წარმოდგენილმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭომ 2,000-ზე მეტ რეფორმისტ კანდიდატს აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობა. ევროკავშირის ხელმძღვანელობა ამასთან დაკავშირებით გამორიცხავს ახლო მომავალში მოლაპარაკებათა განახლებას ირანთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის საკითხში.

ევროკავშირის მოლაპარაკება ირანთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის საკითხზე, რაც თეირანს აძლევს ხელს, გასული წლის ივნისში შეწყდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ირანი ბირთვული შეიარაღების პროგრამას ანხორციელებს.

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრაიან ქოუენმა, რომელიც ორშაბათს გამართულ შეხვედრას თავმჯდომარეობდა ბრიუსელში, მოგვიანებით პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 20 თებერვლის საპარლამენტო არჩევნები ირანში, არადემოკრატიული იყო [ბრაიან ქოუენის ხმა]: "ამ შეხვედრის დამთავრებისას ჩვენ ღრმა სინანულსა და გაწბილებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ მრავალ დეპუტატს არ მისცეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, რამაც შეუძლებელი გახადა ირანელი ხალხის ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევანი. მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ირანთან ევროკავშირის ურთიერთობათა გაფართოების მნიშვნელობა და გამოთქვეს სურვილი - მხარი დაუჭირონ ირანში რეფორმისტულ პროცესს. ჩვენ გაწბილებას გამოვთქვამთ იმ ნელი პროგრესის გამო, რაც ადამიანის უფლებათა სფეროში შეიმჩნევა ირანში".

ისლამური რეფვოლუციის გუშაგთა საბჭომ 2,000-ზე მეტი რეფორმისტ კანდიდატს, მათ შორის მეჯლისის ათობით დეპუტატს, არ მისცა საპარლამენტო არჩევნების მონაწილეობის შესაძლებლობა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს, ხავიერ სოლანას, ირანთან ურთიერთობაში აუცილებლად მიაჩნია გარკვეული "ცივი" პერიოდი. ხოლო ესპანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა - ანა პალასიომ და დომინიკ დე ვილპანმა განაცხადეს, რომ ევროკავშირმა არამც და არამც არ უნდა შეწყვიტოს დიალოგი ირანთან. ამგვარი დიალოგი, როგორც დიპლომატები აღნიშნავენ, აუცილებელია იმისთვის, რათა ირანმა კვლავაც დაიცვას ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. ხავიერ სოლანას აზრით, ევროკავშირი უნდა დაელოდოს იმას, თუ რა პოზიციას დაიკავებს ირანის ახალი პარლამენტი [ხავიერ სოლანას ხმა]: "ჩვენ უნდა ვნახოთ, ვინ იქნება ახალ პარლამენტში და როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით ძალზედ ნაადრევია ამის შესახებ რაემის თქმა. მოგეხსენებათ, ჩვენ, ზოგიერთ მეტად საჩოთირო და რთულ საკითხზე ვაწარმოებთ მათთან მოლაპარაკებას, როგორიცაა მაგალითად ბირთვული შეიარაღების პრობლემა, და კვლავაც გავაგრძელებთ ამას".

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს ბრაიან ქოუენს აუცილებლად მიაჩნია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თეირანის შემდგომი თანამშრომლობა.
"მინისტრებმა მოუწოდეს ირანს - კვლავაც გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და არ განაახლოს ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული საქმიანობა", - განაცხადა ბრაიან ქოუენმა.

მოყოლებული გასული წლის შემოდგომიდან, ირანში არ ყოფილა მიღწეული არანაირი პროგრესი ადამიანის უფლებათა სფეროში, და რაც მთავარია, თეირანი განაგრძობს იმ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც ევროკავშირმა კანონგარეშედ გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG