Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ რამსფელდის ვიზიტი უზბეკეთში


ანდრო ეული, პრაღა ერაყსა და ქუვეითში სტუმრობის შემდეგ, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი 24 თებერვალს ტაშკენტში ჩავიდა

უზბეკეთის პრეზიდენტთან, ისლამ კარიმოვთან მოსალაპარაკებლად. ორმხრივი თანამშრომლობის პრობლემები, რეგიონალური უშიშროება და მეზობელ ავღანეთში შექმნილი ვითარება იქნება რამსფელდისა და კარიმოვის მოლაპარაკებათა დღის წესრიგში. ეს რამსფელდის მესამე სტუმრობაა შუა აზიის ამ რესპუბლიკაში განვლილი 2 წლის მანძილზე. ტაშკენტიდან დონალდ რამსფელდი ჯერ ყაზახეთს, ხოლო შემდეგ ავღანეთს ეწვევა.

მოგეხსენებათ უზბეკეთი, შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირე გახდა ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებულ ომში 2001 წელს, როცა ტაშკენტმა სამხრეთ უზბეკეთში მდებარე ხანაბადის სამხედრო-საჰაერო ბაზის გამოყენება შესთავაზა ამერიკის ჯარს სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად ავღანეთში.

ასოშიეიტედ პრესის სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუში უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სადიქ საფაევმა შაბათს განაცხადა, რომ ვიდრე ანტიტერორისტული ოპერაციები ავღანეთში არ დამთავრდება, ამერიკის ჯარს შეუძლია დარჩეს უზბეკეთში და კვლავაც ისარგებლოს ხანაბადის სამხედრო-საჰაერო ბაზით.

მაგრამ, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აკრიტიკებენ ამერიკა-უზბეკეთის ალიანსს, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ტაშკენტი უხეშად არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებს.

ნიუ-იორკში დაფუნებული "ჰიუმენ რაიტს უოჩის" წარმომადგენელი ჟან-პოლ მართოზი მოუწოდებს რამსფელდს - შეახსენოს უზბეკეთის ხელმძღვანელობას, რომ ადამიანის უფლებათა მიუტევებელი დარღვევები დაბრკოლებას შეუქმნის ამერიკა-უზბეკეთის თანამშრომლობას [ჟან-პოლ მართოზის ხმა]: "ვისურვებდით, რომ დონალდ რამსფელდმა არაორაზროვნად განუცხადოს პრეზიდენტ კარიმოვს, რომ მას ვითარების გაუმჯობესება მართებს ადამიანის უფლებათა სფეროში. მიგვაჩნია, რომ ურთიერთსაწინააღმდეგოა ის ნაბიჯები, პენტაგონმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა რომ გააკეთეს გასულ თვეს", - განაცხადა ჟან-პოლ მართოზიმ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა იანვარში არ დაამტკიცა უზბეკეთისათვის განკუთვნილი დახმარების პროგრამა, რაც იმით დაასაბუთა, რომ ქვეყანაში კვლავაც გრძელდება მოქალაქეთა წამება პოლიციელების მიერ და უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. ხოლო თეთრი სახლის ადმინისტრაციას განზრახული აქვს გაზაფხულზე განაახლოს უზბეკეთისათვის დახმარების მიწოდება.

გასულ წელს უზბეკეთმა 86 მილიონი დოლარის დახმარება მიიღო შეერთებული შტატებისაგან, ხოლო ყაზახეთმა - 92 მილიონი დოლარისა.

მაიკლ სვინი თანაავტორია საანგარიშო მოხსენებისა შუა აზიაში შეერთებული შტატების სტრატეგიის შესახებ, რომელიც საგარეო პოლიტიკის შემსწავლელმა ინსტიტუტმა მოამზადა. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში სვინიმ თქვა, რომ მისი ღრმა რწმენით, უზბეკეთთან სტრატეგიული ალიანსი შეერთებული შტატების რეგიონული უშიშროების ინტერესებს უთხრის ძირს [მაიკლ სვინის ხმა]: "კარიმოვს არ გამოუვლენია სურვილი ჭეშმარიტად ეკონომიკური და პოლიტიკური რეძფორმების განხორციელებისა, რაც მან 2002 წლის მარტში ივალდებულა სტრატეგიული პარტნიორობის ხუთმუხლიანი შეთანხმების ხელმოწერისას. არსებობს საფრთხე ამერიკის იმიჯის შელახვის, აგრეთვე ანტი-ამერიკული განწყობის გაღვივებისა შორეულ პერსპექტივაში, თუკი ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცებთ ურთიერთობას უზბეკეთთან, იმ დროს, როცა კარიმოვს კვლავაც არ სურს ვითარების შეცვლა" - განაცხადა მაიკლ სვინიმ.

საგარეო პოლიტიკის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ მომზადებულ საანგარიშო მოხსენებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონმა 2006 წლის იანვრამდე უნდა მისცეს კარიმოვს ვადა არსებითი პროგრესის მისაღწევად ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების განხორციელებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს მაიკლ სვინი, ვაშინგტონმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი და გაწყვიტოს ყოველგვარი კავშირი უზბეკეთთან.

რამსფელდის ჩასვლამდე, უზბეკეთის სასამართლომ სამშაბათს ფატიმა მუკადიროვა გაათავისუფლა. ამ თვის დასაწყისში მუკადიროვას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს იმისათვის, რომ აკრძალული რელიგიური პამფლეტები აღმოაჩნდა. ადამიანის უფლებათა აქტივისტების თქმით,
ხელისუფლება მუკადიროვას გაჩუმებას ცდილობს მას შემდეგ, რაც მან ციხის ადმინისტრაციას წაუყენა ოფიციალური ბრალდება, რომლის თანახმად მუკადიროვის ვაჟს, ციხის თანამშრომლებმა წამებაში ამოხადეს სული.
XS
SM
MD
LG