Accessibility links

logo-print

ევროსასამართლოს დელეგაცია თბილისში ჩეჩენთა ექსტრადირებასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს


ჩეჩენთა ექსტრადირების სამართლიანობის, ამას გარდა, საქართველოდან რუსეთში მათი ექსტრადირების მოთხოვნის საფუძვლიანობის გამოსაკვლევად თბილისში ევროსასამართლოს

10 კაციანი დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის წევრები მოწმეების სახით დაჰკითხავენ ევროპის სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღებულ საქმესთან დაკავშირებულ პირებს. გავრცელებული ინფორმაციით, დასაკითხთა სიაში ფიგურირებს ყოფილი გენერალური პროკურორი ნუგზარ გაბრიჩიძეც, რადგან სწორედ მისი გენპროკურორობის პერიოდში იქნა მიღებული გადაწყვეტილება 5 ჩეჩნის რუსეთში ექსტრადირების თაობაზე. ევროსასამართლოს წარმომადგენლებს თბილისში უნდა დაეკითხათ პატიმრობიდან გათავისუფლებული ჩეჩნები, მულკოევი და ალხანოვი, მაგრამ მათ გზა-კვალს ახლობლები ერთ კვირაზე მეტია უშედეგოდ ეძებენ. ევროსასამართლოს დელეგაცია თბილისიდან რუსეთში უნდა გაემგზავროს.

6 თებერვალს სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებული ჩეჩნები, მულკოევი და ალხანოვი, 16 თებერვალს გაუჩინარდნენ. მას შემდეგ ვერც ახლობლებმა, ვერც შესაბამისმა სამსახურებმა მათ ვერსად მიაგნეს. ყოფილი პატიმრები თბილისში ევროსასამართლოს დელეგაციის ჩამოსვლას ელოდებოდნენ, იცოდნენ, რომ მათთვის ჩვენებები უნდა მიეცათ. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მხარეს მოწმეთა პროცესზე გამოცხადების უზრუნველყოფა ევალებოდა. ევროსასამართლოს დელეგაცია თბილისშია, თუმცა მისი წარმომადგენლები მულკოევს და ალხანოვს ვერ დაჰკითხავენ. ადვოკატ ლია მუხაშავრიას თქმით, ეს ვითარება კიდევ უფრო უმძიმებს მდგომარეობას საქართველოს, რომლის წინააღმდეგაც ისედაც სერიოზული სანქციებია მოსალოდნელი. საქართველო დამამძიმებელი მდგომარეობიდან საქმეში ხელისუფლების პირველი პირების ჩარევამაც ვერ გამოიყვანა.

[ხიზრი ალდამოვის ხმა] "პირადად პრეზიდენტმა აიყვანა კონტროლზე ეს ყველაფერი და ერთი კვირა მისცა ძალოვანებს საქმის გასარკვევად. ამის გარდა, პარლამენტის სპიკერმა აიღო კონტროლზე ეს საქმე. თითქმის 10 კაცმა აიღო კონტროლზე, ეძებენ, მე ვერ ვიტყვი, რომ არაფერს აკეთებენ, მაგრამ თუ ეს ხელისუფლების გაკეთებულია, გინდა ეძებე და გინდა არ ეძებე. "(სტილი დაცულია)

საქართველოში ჩეჩნეთის წარმომადგენლის ხიზრი ალდამოვის კომენტარში რუსეთისთვის ჩეჩნების შესაძლო საიდუმლო გადაცემა იგულისხმება. ასეთი ეჭვი არსებობს, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მულკოევისა და ალხანოვის რუსეთისთვის გადაცემას ამ ქვეყნის გენერალური პროკურატურა დაჟინებით მოითხოვდა, არადა, ერთ მათგანს საქართველოში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა, მეორესთან დაკავშირებით კი რუსეთში, ელემენტარულად, ზუსტი ინფორმაცია ვერ მოიპოვეს. აქვე შეგახსენებთ, მულკოევი და ალხანოვი ქართველმა მესაზღვრეებმა 11 ჩეჩენთან ერთად დააკავეს. ეს იყო ჯგუფი, საიდანაც 5 ჩეჩენი რუსეთს გადასცეს ისე, რომ მათ ადვოკატებს ექსტრადირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალებაც კი არ მისცეს. ახლა კი უკვე ევროსასამართლო იმსჯელებს იმაზე, დაარღვია თუ არა საქართველომ ევროკონვენცია ჩეჩენთა ექსტრადირებით. ევროპის სასამართლო მუშაობს საქმეზე "შამაევი და 13 სხვა რუსეთ-საქართველოს წინააღმდეგ", რომლის წარმოებაში მიღებაც ევროსასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციის "კონსტიტუციის 42 მუხლის" მიერ შეტანილმა სარჩელმა განაპირობა.

ევროსასამართლოს პირველი სხდომა თბილისში 23 თებერვალს უზენაეს სასამართლოში შედგა. პროცესზე საქართველოს მხარეს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენდა, რუსეთისას კი - ევროსასამართლოში ამ ქვეყნის წარმომადგენელი. პროცესი დახურული იყო, მასზე წარმოდგენილ მხარეებს აეკრძალათ პრესისთვის კომენტარის გაკეთება. ევროსასამართლოს დელეგაცია მოწმეების დაკითხვას 24 თებერვალსაც განაგრძობდა. თბილისიდან სამუშაოდ ის რუსეთში ჩავა. სტრასბურგში გადაწყვეტილებას საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც "შამაევი და 13 სხვა რუსეთ- საქართველოს წინააღმდეგ" ჰქვია, რამდენიმე თვეში მიიღებენ. ექსპერტების აზრით, ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, საქართველო რუსეთზე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენოს.
XS
SM
MD
LG