Accessibility links

logo-print

საფინანსო პოლიციის ფორმირება 1 მაისამდეა ნავარუდევი


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი 1 მაისამდე საქართველოში ახალი სტრუქტურის, საფინანსო პოლიციის, ფორმირება უნდა დასრულდეს. ამ უწყების მიმართ ხელისუფლება დიდ ოპტიმიზმს, ექსპერტები კი, პირიქით,

გარკვეულ სკეფსისს ამჟღავნებენ. რა ფორმით და რის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩამოყალიბდება საფინანსო პოლიცია?

საფინანსო პოლიციის შექმნის ნოვაცია ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის და იგი ითვალისწინებს ჩამოყალიბებას, ფაქტობრივად, ახალი ძალოვანი უწყებისა, რომლის ხელშიც კონცენტრირებული იქნება ეკონომიკური დანაშაულის აღმოჩენა, ძიება და სასამართლოსთვის მასალების გადაცემა. ამგვარი იდეა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მინისტრის მიერ არაერთხელ გამოკვეთილა, თუმცა ოპერატიული ფუნქციების ფინანსური უწყებისათვის დელეგირებას აქამდე არანაირი რეალური შედეგი არ გამოუღია.

ამ ინიციატივის ავტორები ფინანსური პოლიციის ჩამოყალიბების აუცილებლობას იმით ხსნიან, რომ ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის სადავეები ერთ სტრუქტურაში უნდა იყოს მობილიზებული. პროექტი ითვალისწინებს ფინანსური პოლიციისათვის შსს-ს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს მსგავსი ფუნქციების მინიჭებას. ამ სამსახურის შექმნის შემდეგ გაუქმდება შსს-ს ე.წ. მეექვსე განყოფილება, რომელიც ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სტრუქტურა იყო.

დღესდღეობით ფინანსურ დანაშაულს ებრძვის რამდენიმე სტრუქტურა, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე ნახსენები მეექვსე განყოფილება, უშიშროების სამინისტრო და საგადასახადო ლეგიონი, ასევე საგადასახადო და საბაჟო უწყებები. პარლამენტისათვის შეთავაზებული ვარიანტით, ამიერიდან ამ ტიპის დანაშაულს მხოლოდ ფინანსური პოლიცია შეებრძოლება. ექსპერტები, წინა წლების გამოცდილებისა და საგადასახადო ლეგიონის მაგალითის შესაბამისად, ფიქრობენ, რომ ამ ტიპის, ფაქტობრივად, ძალოვანი სტრუქტურის შექმნა, რეალურ შედეგს ვერ გამოიღებს, მით უფრო, თუ ის იმ უწყების მზრუნველობის ქვეშ მოექცევა, რომელიც თავად წარმოადგენს ფინანსური ოპერაციების ფორპოსტს და ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის წარმმართველ ორგანოს. ამასთან, წინა წლების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით სწორედ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების მიმართ არსებობდა ყველაზე მეტი პრეტენზიები. ანუ ფინანსურმა პოლიციამ თავისი რესურსების მობილიზება უნდა მოახდინოს იმ სისტემის მიმართ, რომლის ერთ-ერთ ნაწილსაც თავად წარმოადგენს.

ოპონენტები ფიქრობენ, რომ, თუ ფინანსურ დანაშაულთან მებრძოლი სტრუქტურის შექმნა ან არსებულის გაძლერება გვსურს, იგი ან დამოუკიდებლად უნდა ფუნქციონირებდეს და პასუხისმგებელი იყოს პრეზიდენტის ან პარლამენტის წინაშე, ან უპრიანი იქნება მისი ისევ შსს-ში დატოვება, ოღონდ, თუ გამოირიცხება პარალელიზმი სხვა უწყებებთან.

მიუხედავად საწინააღმდეგო აზრისა, ამ უწყების შექმნა დღის წესრიგში დგას და მასზე მთავრობა საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების იმედსაც ამყარებს, თავად პოლიციის ფორმირების დასრულებას კი ფინანსთა სამინისტრო 1 მაისამდე ვარაუდობს.
XS
SM
MD
LG