Accessibility links

logo-print

სააკაშვილი-ბუშის შეხვედრა გამოაჩენს რა არის პრიორიტეტული აშშ-ს თვის საქართველოში


ერთი დღით ადრე საქართველოსა და შეერთებული შტატების

პრეზიდენტების შეხვედრამდე ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ "ჰიუმან რაიტს უოჩმა" პრეზიდენტ ბუშს მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობის შესახებ შეახსენოს. "ჰიუმან რაიტს უოჩის" მოხსენებაცა და ამ ორგანიზაციის ევროპა-შუა აზიის განყოფილების დირექტორის მოწოდებაც არის ძალიან კრიტიკული და სრულ დისონანსში მოდის არა მხოლოდ საქართველოს ახალი ხელისუფლების, საერთაშორისო საზოგადოებრიობის განწყობასთანაც მის მიმართ. ეს არის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გამეფებული ეიფორიის დასრულების ერთგვარი მცდელობა. რატომ მოხდა, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტის მეორე ოფიციალური ვიტის დროსვე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ასეთი კატეგორიული განცხადების მოწმე ვხდებით?

"ბუშმა უნდა უთხრას პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ შეერთებული შტატების დახმარება საქართველოსთვის დამოკიდებული იქნება ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვაზე", - აცხადებს "ჰიუმან რაიტს უოჩის" ევროპა-შუა აზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებებლი რეიჩელ დენბერი და განაგრძობს - "მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთავრობა უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, შეიმჩნევა შემაშფოთებელი ტენდენციები, რომლებიც საფუძველშივე უნდა აღმოიფხვრას". მე ორგანიზაციის ნიუ იორკის ოფისში დავუკავშირდი რეიჩელ დენბერს და ვკითხე რამდენად ითვალისწინებს ხოლმე თეთრი სახლი მისი ორაგნიზაციის ცნობებსა და მოწოდებებს. რეიჩელ დენბერმა მიპახუსა:

[დენბერის ხმა]
"იმედი მაქვს, ბუშის ადმინისტრაცია, ისევე, როგორც - სხვა ქვეყნების მთავრობები, გაერო, ევროპის საბჭო, თავად საქართველოს ხელისუფლება და ყველა ორგანიზაცია, რომლებზე ზეგავლენის მოხდენასაც ვცდილობთ, სერიოზულად მოეკიდებიან ჩვენს წუხილს".

ჩემი მეორე შეკითხვაც სავარაუდო პასუხს მოითხოვდა. კერძოდ, რეიჩელ დენბერს ვთხოვე ეპასუხა, რამდენად შესაძლებლად მიაჩნია, რომ ჯორჯ ბუში სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ ასეთი საყოველთაო საერთაშორისო სიმპათიისა და მხარდაჭერის ფონზე თითს დაუქნევს საქართველოს პრეზიდენტს. რა უფრო პრიორიტეტული იქნება შტატების პრეზიდენტისთვის შეხვედრის საერთო ხასიათი, თუ ახალგაზრდა პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგება:

[დენბერის ხმა]
"მე არ მიმაჩნია ისინი ურთიერთგამომრიცხავად. პირიქით - ეს ურთიერთხელშემწყობი ინტერესებია. საქართველოს ხელისუფლებას ახლა უდიდესი მხარდაჭერა აქვს როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის გარეთაც. ბუშის ადმინისტრაციაშიც და სხვა უწყებებშიც არის გარკვეული შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ჩქარობს ადამიანის უფლებათა სფეროში უკვე ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებული პრობლემების გადაჭრას".

რეიჩელ დენბერს მიაჩნია, რომ სწორედ ახლა - საწყის ეტაპზევეა მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებების დაცვაზე ყურადღების გამახვილება. დენბერი იმედოვნებს, რომ ბუშის ადმინისტრაცია შეეცდება დაარწმუნოს სააკაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის პრიორიტეტულობაში:

[დენბერის ხმა]
"სწორედ ახლა, საწყის ეტაპზეა მნიშვნელოვანი, რომ ბუშის ადმინისტრაციამ სათანადო მითითება მისცეს საქართველოს ხელისუფლებას და მე მგონია, რომ სააკაშვილთან შეხვედრისას ბუში სწორედ ასე უნდა მოიქცეს".

ასეთი განცხადების გაკეთებისას "ჰიუმან რაიტს უოჩის" ევროპა-შუა აზიის განყოფილების დირექტორი ამ ორგანიზაციის აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მისიის ხელმძღვანელის - მატილდა ბოგნერის მოხსენებას ეყრდნობა. ბოგნერი ამ წლის იანვრამდე უზბეკეთის მისიას ხელმძღვანელობდა. აქვე გეტყვით, რომ უზბეკეთში მოღვაწეობისას ბოგნერი ყველაზე მეტად იმაზე წუხდა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა არ ითვალისწინებდა "ჰიუმან რაიტს უოჩის" რეკომენდაციებს უზბეკეთში ადამიანის უფლებათა უსასტიკესად დარღვევების გამო მისი ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების თაობაზე. ამის მიზეზი კი შტატების უფრო სტრატეგიული მნიშვნელობის ინტერესი - ტერორიზმთან ბრძოლა გახლდათ. საქართველოს შესახებ ბოგნერის მოხსენების ყველაზე მწვავე ნაწილად უნდა მივიჩნიოთ ქვეთავი "სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას წამებისა და შესაბამისი სამართლებრივი პროცესის შესახებ". ჩევნს რადიოსთან სატელეფონო საუბრისას მატილდა ბოგნერმა განაცხადა:

[ბოგნერის ხმა]
"სამწუხაროა, რომ ხელისუფლება, რომელიც საკუთარ თავს რეფორმატორს უწოდებს, არ ცდილობს გამოასწოროს ისეთი დიდი ხნის პრობლემა, როგორიც არის ძალადობა პოლიციის მხრიდან. ზოგიერთი ადგილობირივი ორგანიზაცია წუხს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობა, განსაკუთრებით საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ, ძლიერდება. და ამის საფუძველი არის ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ პოლიციას აქვს ძალის გამოყენების უფლება კრიმინალებისა და იმათ წინააღმდეგ, ვინც სამართალდამცავებთან არ თანამშრომლობს."

ბოგნერის მოხსენებაში რეკომენდაციის სახით აღნიშნულია: "მთავრობამ უნდა გააკეთოს მკაფიო განცხადება იმის თაობაზე, რომ წამება დაუშვებელია და ამის ჩამდენნი დაისჯებიან".

"ჰიუმან რაიტს უოჩი" საქართველოს პრეზიდენტსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს თავიანთ განცხადებებში ბოლო დროს დაკავებულთა უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში ადანაშაულებს.

გარდა პოლიციის მხრიდან ძალადობისა, ბოგნერის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი საქართველოში სახალხო განხილვის საგანი უნდა გამხდარიყო, რომ არ უნდა შეიზღუდოს ადამიანების უფლება შეიკრიბონ და თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი, რომ მედია საქართველოში ერთფეროვანი გახდა და რომ მედიის თავისუფლებაც ეჭვქვეშ დგას, რომ მძიმე მდგომარეობაა ციხეებში. ცალკე თავი ეძღვნება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჩეჩენი ლტოვილებისა და ე.წ. "თურქი მესხების" უფლებების დაცვასაც.

ყველა იმ დარღვევაზე, რაზეც "ჰიუმან რაიტს უოჩის" საინფორმაციო დოკუმენტშია აღნიშნული, აქამდე უკვე არაერთხელ აღუნიშნავთ საქართველოში მოქმედ ადგილობრივ ორგანიზაციებს. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტმატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარეს ნანა კაკაბაძესაც, რომელიც საქართველოში დღეს არსებული ვითარების შესახებ ამბობს:

[კაკაბაძის ხმა]
"დღეს დღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურად იგნორირებას უკეთებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციების ხმას, სრულ იგნორირებას. ვერ ვიტყვი, რომ წინა ხელისუფლება გამოირჩეოდა გულისხმიერებით, მაგრამ ეს ხელისუფლება უბრალოდ არ სცნობს მათ არსებობას"

24 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე ნანა კაკაბაძე გამოხატავს მადლიერებას "ჰიუმან რაიტს უოჩის" მიმართ:

[კაკაბაძის ხმა]
"აი, ასეთი სამართლიანობა, როგორსაც "ჰიუმან რაიტს უოჩი" ავლენს, ეს არის ყველაზე სერიოზული დახმარება დღეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს და იმ ადამიანებისთვის, რომელთა უფლებები ასე მწარედ ირღვევა დღეს საქართველოში".

ისევე, როგორც "ჰიუმან რიტს უოჩის" წარმომადგენლები, ქართველი უფლებადამცველიც იმედოვნებს, რომ შტატებისა და სხვა ქვეყნების მთავრობებიც ყურად იღებენ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მოწოდებებს:

[კაკაბაძის ხმა]
"კარგი იქნება, თუ ანალოგიურ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს უპირველეს ყოვლისა ამერიკის მთავრობა, რომელზეც მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ჩვენი ხელისუფლების ორიენტაცია და დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ და სხვა მთავრობებიც, რომლებსაც აქვთ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეგავლენის მექანიზმები".

საქართველოს ხელისუფლებას სხვადასხვა ექსპერტები გამოსაცდელ პერიოდად საშუალოდ ნახევარ წელიწადს აძლევდნენ. ქართველმა უფლებადამცველმა ჩემთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ მისი და მისი კოლეგების გათვლით ეიფორიის პერიოდი წელიწადს გასტანდა, თუმცა, ახლა ფიქრობს, რომ ეს პერიოდი ნახევარ წელიწადსაც არ გაგრძელდება, რადგან საზოგადოებისთვის უკვე თვალშისაცემია ის დარღვევები, რაც ხელისუფლების პირველ ნაბიჯებს ახლავს თან.
XS
SM
MD
LG