Accessibility links

logo-print

რა საჭიროა ქალთა კვოტები?


მსოფლიოში არ მოიძებნება ქვეყანა,

ქალები პოლიტიკურ სარბიელზე მოღვაწეთა ნახევარს რომ შეადგენდნენ, ანუ პოლიტიკა შეესაბამებოდეს მოსახლეობის შემადგენლობას: ქალებსა და მამაკაცებზე, როგორც ცნობილია, რაოდენობრივად მოსახლეობის დაახლოებით 50-50 პროცენტი მოდის.

რატომ არის ასე? ქვეყნის მართვაში ქალთა პასიურობის ისტორიული, სოციალური, კულტურული, ტრადიციული ასპექტების დადგენას მეცნიერების არაერთი დარგი ცდილობს და მათს დასკვნებში გარკვევას დღეს არ ვაპირებთ. დღეს გიამბობთ ერთ მეთოდზე, რომელიც პოლიტიკოსებს შორის ქალთა რიცხვის გაზრდას ემსახურება და, როგორც ჩანს, სულ უფრო ფართო გავრცელებას ჰპოვებს.

ეს მეთოდი კვოტების დაწესებაში მდგომარეობს. თუ რას ნიშნავს ეს, მსმენელისთვის, ალბათ ცნობილია, მაგრამ მოდით, ერთად გავიხსენოთ: "კვოტა" (ლათინური სიტყვა) რისამე დასაშვებ რაოდენობას, მიღებულ ნორმას ნიშნავს. სხვადასხვა ქვეყანაში, დავუშვათ, რელიგიური, ეთნიკური, ლინგვისტური უმცირესობებისათვის დაწესებულ შეღავათს, რათა პარლამენტში მათი წარმომადგენლებიც მოხვდნენ და უმცირესობათა ინტერესებზე ყურადღების გამახვილება შეძლონ. იგივე პრინციპს ეფუძნება ქალთა კვოტები - მრავალ ქვეყანაში კვოტების მეშვეობით არის გარანტირებული პარლამენტში, მთავრობასა, თუ პარტიულ სიაში ქალთა გარკვეული რაოდენობის მოხვედრა. თუ რატომ უწევენ ასეთ შეღავათს ქალებს, რომლებიც, მოგეხსენებათ, უმცირესობას არსად, არც ერთ ქვეყანაში არ წარმოადგენენ, ამაზე ცოტა ქვემოთ.

გასულ კვირაში ერაყში ამერიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პოლ ბრემერმა გააკეთა უჩვეულო განცხადება ქალთა კვოტების თაობაზე: ის ერაყში ქალებისათვის პოლიტიკურ სარბიელზე კვოტების დაწესებას მიემხრო, რაც უჩვეულოა სწორედ ამერიკელი პოლიტიკოსისათვის, რომლის სამშობლოში ქალთა კვოტებს არ სცნობენ. განსხვავებით, თუნდაც შვეციისაგან. კვოტების სისტემა იქ მრავალი წელია მოქმედებს და წარმატებითაც: შვეციაში პარლამენტართა 45 პროცენტზე მეტს, ანუ თითქმის ნახევარს შეადგენენ ქალები.

თითქმის ასეთივე ამბიციური მიზანია დასახული ერაყის ახალი კონსტიტუციით: მასში ლაპარაკია 40 პროცენტზე, რომელსაც გარდამავალი პერიოდის პარლამენტში ქალები უნდა შეადგენდნენ. ქალთა კვოტები შემოიღეს ავღანეთშიც.

[ჯული ბალინგტონის ხმა] "ვფიქრობ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კვოტები სულ უფრო ფართოდ ვრცელდება. ის კი არა, ზოგ ქვეყანას კვოტების "ციებ-ცხელება" მოედო - უწინარეს ყოვლისა გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყნებს, სადაც საარჩევნო, ან პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონები გადასინჯვისა და დებატების საგანია", ამბობს სტოკჰოლმში განთავსებული "დემოკრატიისა და არჩევნების საერთაშორისო ინსტიტუტის" მკვლევარი ჯული ბალინგტონი. მას ჩვენი კორესპონდენტი კეტლინ ნოქსი ესაუბრა. [ჯული ბალინგტონის ხმა] "პოსტ-კონფლიქტური და გარდამავალი პერიოდის ქვეყნებს ეძლევათ უნიკალური შანსი, შეცვალონ "თამაშის წესები". ასეთ სიტუაციაში უფრო ადვილია კვოტების დაკანონება, ვიდრე ქვეყანაში, სადაც კანონები უკვე დაწერილია და მოქმედებს. ბოლოხანს ქალთა კვოტები შემოიღეს სამხრეთ აფრიკაში, მოზამბიკში, ბოსნიაში, კოსოვოსა და რუანდაში. მათს მაგალითს ახლა კონფლიქტგამოვლილ სხვა ქვეყნებშიც მიბაძავენ: მაგალითად ავღანეთში, სადაც ახალი პარლამენტის მანდატების 25 პროცენტი ქალებისთვისაა განკუთვნილი".

მაგრამ, კაცმა რომ თქვას, რა საჭიროა კვოტების დაწესება? განა ნებისმიერმა ადამიანმა - ქალმა თუ მამაკაცმა - თავისი უნარითა და შრომისმოყვარეობით, შეღავათებისა და განსაკუთრებული ხელშეწყობის გარეშე არ უნდა დაიმსახუროს პარლამენტარის მანდატი? განა ყველა ერთნაირ შანსს არ იმსახურებს? განა სამართლიანია ქალის არჩევა მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქალია? განა ეს მისი კონკურენტი მამაკაცის, შესაძლოა, უკეთესი კანდიდატის დისკრიმინაციას არ ნიშნავს?

თუ ტიმ საიმონდსა და მის თანამოაზრეებს დავუჯერებთ - არა. და უსამართლობაზე, ან დისკრიმინაციაზე ამ შემთხვევაში ლაპარაკიც კი ზედმეტია. ტიმ საიმონდსის ორგანიზაცია მრავალ ქვეყანაში ატარებს ტრენინგებს ქალთა პოლიტიკური საქმიანობისათვის მოსამზადებლად, თვით საიმონდსი კი ამბობს: [ტიმ საიმონდსის ხმა] "ისტორიულად, ქალები ყოველთვის ჩამოშორებული იყვნენ ძალაუფლებას. ისინი უნდა დამორჩილებოდნენ მამაკაცთა პარლამენტების, მამაკაცთა რელიგიებისა და მამაკაცთა სტრუქტურების მოთხოვნებს. ქალები არასოდეს, ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებშიც კი არ ყოფილან წარმოდგენილი ისე, როგორც მოსახლეობაში მათ რაოდენობას, ან უნარს შეესაბამება. ამიტომ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკაში ქალთა წინსვლისათვის და რასაც ზოგი არაბუნებრივ, ხელოვნურ მეთოდად მიიჩნევს (კვოტებს ვგულისხმობთ), ჩათვალეთ, რომ არის სისტემა გარღვევის მისაღწევად, რათა ქალები დიდი რაოდენობით შევიდნენ პარლამენტებში".

ტიმ საიმონდსის აზრით, ეს ეხება კონფლიქტგამოვლილ, გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყნებსაც. [ტიმ საიმონდსის ხმა] "თუ პირველივე პარლამენტში არ აირჩევენ ქალებს და თან დიდი რაოდენობით, ისინი გარღვევას კიდევ 20-30 წელი ვერ მიაღწევენ. ჩვევას იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ როცა პარლამენტში მამაკაცები შევლენ, ცვლილება ძნელი იქნება. ასეთი პარლამენტის მუშაობა კი ქალებს ბევრს ვერაფერს არგებს. ასეთი პარლამენტი, თითქოს, ვერც კი ამჩნევს ქალთა საჭიროებებს, მამაკაცები თავიანთ საქმეებზე ზრუნავენ და ქალები სულ უფრო გულგრილი ხდებიან პოლიტიკური პროცესებისადმი. ეს ძალიან ცუდი პროცესია".

ეს რომ არ მოხდეს, კვოტებია საჭირო, ფიქრობს ტიმ საიმონდსი და არა მარტო ის: სტოკჰოლმში განთავსებული "დემოკრატიისა და არჩევნების საერთაშორისო ინსტიტუტის" ინფორმაციით, მსოფლიოს 80 ქვეყანაში ან უკვე დაწესებულია ქალთა კვოტები, ან მიმდინარეობს მზადება მათ დასაწესებლად. ამ ქვეყნებს არ მიეკუთვნება საქართველო, მაგალითად, მეზობელი სომხეთისაგან განსხვავებით. ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით. არადა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით: [სააკაშვილის ხმა] "ჩემი იდეალია, რომ საქართველოს პრეზიდენტიც ქალი იყოს (ოღონდ, ეს ბურჯანაძეს არ უთხრათ), პარლამენტის თავმჯდომარეც ქალი იყოს და საერთოდ, მინისტრების უმრავლესობა იყვნენ ქალები. მართლა მიმაჩნია, რომ ეს იქნება ქვეყნისათვის კარგი."

თუ მიხეილ სააკაშვილის ეს იდეალი რეალობად იქცა, საქართველოში ქალთა კვოტების რა გითხრათ, მამაკაცთა კვოტები კი ნამდვილად საჭირო გახდება.
XS
SM
MD
LG