Accessibility links

"მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება კარგ სამსახურს გაუწევს თავის მოსახლეობას" - აცხადებს პრეზიდენტი ბუში


გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს, რომ საქართველოსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა

ვაშინგტონში ორი ლიდერის მიერ სრული ურთიერთსიმპატიის ფონზე წარიმართა. მიუხედავად ზოგიერთი ვარაუდისა, არავის არავინ გაუკიცხავს, ან დაურიგებია. ჯორჯ ბუშმა ერთი-ერთზე მიიღო ის, რასაც საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს. ამაზე მეტყველებს ჯორჯ ბუშის განცხადებების იდენტურობა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან. აი, ერთ-ერთი მათგანიც, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასე აფასებს "ვარდების რევოლუციას":

[ბუშის ხმა]
"ვარდების რევოლუცია იყო ისტორიული მომენტი. ეს იყო მომენტი, როცა ხალხმა გამოხატა საკუთარი ნება. ეს იყო მომენტი, როცა შეიცვალა ხელისუფლება იმის გამო, რომ ხალხმა მშვიდობიანად აღიმაღლა ხმა და საქართველოში შთამბეჭდავი გზით მოვიდა ახალი მთავრობა".

მიუხედავად ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ექსპერტის მოლოდინისა, პრეზიდენტ ბუშს ეჭვიც არ ეპარება, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეძლებს საკუარ ხალხს კარგი სამსახური გაუწიოს. კვლავ ჯორჯ ბუშის ნათქვამს გთავაზობთ:

[ბუშის ხმა]
"საქართველოს პრეზიდენტს მოვლენათა კარგი ხედვა აქვს და ეს კარგი ვიზიტი იყო. მჯერა მისი შესაძლებლობების და ვაფასებ მის ხედვას. მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობას მისი ხელისუფლება კარგ სამსახურს გაუწევს".

ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება, რაც ბუშმა შეხვედრის შემდეგ გააკეთა რუსეთს შეეხებოდა. კერძოდ, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს სტამბოლის შეთანხმებების შესრულებისკენ:

[ბუშის ხმა]
"მოველით, რომ რუსეთის მთავრობა შეასრულებს ეუთოს სტამბოლის სამიტის ვალდებულებებს. სტამბოლის შეთანხმებებში კი ნათლად არის აღნიშნული, რომ რუსეთი უნდა გამოვიდეს ამ ბაზებიდან. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ამ ვალდებულებათა შესრულების თაობაზე როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე პრეზიდენტ პუტინთან".

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბუშმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწონა რუსეთთან ურთიერთობის ტაქტიკაც.

[ბუშის ხმა]
"ძალიან მომწონს ის, თუ როგორ ურთიერთობს საქართველოს პრეზიდენტი რუსებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა იყოს დადებითი. ძალიან კარგ და წინდახედულ ნაბიჯად მენიშნა ის, რომ პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი რუსეთში შედგა. ვთვლი, რომ ეს ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი იყო".

საქართველოს პრეზიდენტი, შეიძლება ითქვას, აღფრთოვანებულია ვიზიტის შედეგებითა და იმ ყურადღებით, რომელიც საქართველოს დელეგაციის მიმართ გამოიჩინეს, როგორც მედიამ, ასევე შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ბუშთან შეხვედრას კი სააკაშვილი ასე აფასებს:

[სააკაშვილის ხმა]
"მე არასდროს არ შევხვედრივარ ამერიკის პრეზიდენტს. როგორც მეუბნება თედო ჯაფარიძე, რომელიც არის ვეტერანი ჩვენი დიპლომატიის და როგორც გვითხრა თვითონ კონდოლიზა რაისმა - მთავარმა მრჩეველმა საგარეო პოლიტიკაში, ეს იყო ყველაზე საუკეთესო შეხვედრა, რომელიც როდესმე ჰქონია ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტთან. მ,ადლობელი ვარ, რომ პრეზიდენტმა ბუშმა მიწოდა "პირადი მეგობარი", საქართველოს უწოდა "მეგობრული ქვეყანა". შეხვედრამ გასტაან ორჯერ უფრო დიდხანს, ვიდრე იყო დაგეგმილი და რაც მთავარია - იყო ძალიან არაფორმალური."

საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ კმაყოფილებას გამოთქვამს მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელთან შეხვედრის შედეგის გამო:

[სააკაშვილის ხმა]
"დღეს სრულიად არაორდინარულად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - უახლოეს კვირებში საქართველო უკვე დაიწყებს მსოფლიო ბანკის დაფინანსების მიღებას და ეს არის სრულიად განსაკუთრებული გამონაკლისი. მე ვარ გაოცებულიც და სასიამოვნოდ განცვიფრებული მსოფლიო ბანკის დამოკიდებულებით."

შტატებში ვიზიტის შეფასებისას მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ ახსენა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. როგორც ჩანს, ეს თავადაც შენიშნა, თუმცა ვიზიტის წარმატებულობის ხაზგასასმელად გვერდი ვერ აუარა ყოფილ პრეზიდენტთან შედარებას:

[სააკაშვილის ხმა]
"შევარდნაძეს ახასიათებდა ასეთი რამ. არ მინდა ახლა შევარდნაძეზე ლაპარაკი, მაგრამ ასეთი სტილი იყო - აქ გალანძღავდა რუსებს, მერე ჩავიდოდა რუსეთში და დაუთმობდა ყველაფერს, რისი დათმობაც არ შეიძლებოდა და საბოლოო ჯამში არც ერთის ნდობა არ ქონდა ბოლომდე და არც მეორის. ჩვენ ყველგან ვამბობთ ერთი და იგივეს".

მიხეილ სააკაშვილის შეერთებულ შტატებიში ვიზიტის შესახებ ჩვენს მომავალ გადაცემებში ექსპერტების მოსაზრებებს შემოგთავაზებთ. ჯერჯერობით ნათელია ერთი, რომ შეხვედრის შედეგებით კმაყოფილნი არიან მისი უშუალო მონაწილეები. სხვათაშორის, თავად საქართველოს პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლებაში საქართველოს მიმართ ჯერ კიდევ ეიფორიული დამოკიდებულება შეინიშნება, რაც შეიძლება ვიზიტის ხასიათის ერთ-ერთ ახსნადაც მივიჩნიოთ.
XS
SM
MD
LG