Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ისა და საქართველოს


ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების, ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა.

ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების, ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა.
თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ჯორჯ ბუშმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 1999 წელს, ეუთოს სტამბოლის სამიტზე ნაკისრი ვალდებულებები და საქართველოდან თავისი სამხედრო ბაზები გაიტანოს. [ჯორჯ ბუშის ხმა]: "მოველით, რომ რუსეთის მთავრობა შეასრულებს ეუთოს სტამბოლის სამიტის ვალდებულებებს. სტამბოლის შეთანხმებებში კი ნათლად არის აღნიშნული, რომ რუსეთი უნდა გამოვიდეს ამ ბაზებიდან. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ამ ვალდებულებათა შესრულების თაობაზე როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე პრეზიდენტ პუტინთან." თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ამაყია იმით, რომ შეერთებული შტატებისთვის მხოლოდ მეგობარი კი არა, მოკავშირეც არის. სააკაშვილის თქმით, აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობა ემყარება არა მარტო უსაფრთხოებისა თუ ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობას, არამედ იმასაც, რომ ეს ორი ქვეყანა დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო ფასეულობებს იზიარებს. საქართველოს ტელევიზიით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა იმ თბილსა და არაფორმალურ ატმოსფეროზეც ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტ ბუშთან შეხვედრისას სუფევდა. [მიხეილ სააკაშვილის ხმა]: "მე მადლობელი ვარ, რომ პრეზიდენტმა ბუშმა მიწოდა პირადი მეგობარი, საქართველოს უწოდა მეგობრული ქვეყანა. შეხვედრამ გასტანა ორჯერ უფრო დიდხანს, ვიდრე უნდა ყოფილიყო, ვიდრე იყო დაგეგმილი და, რაც მთავარია, იყო ძალიან არაფორმალური. ჩვენ გუნდთან ერთად ვიყავით, მინისტრებთან და, შეხვედრის ბოლოს, როცა პრესა წავიდა და როცა უკვე ვემშვიდობებოდით ერთმანეთს, პრეზიდენტმა დაიტოვა ყველა, ყველას ცალ-ცალკე გაესაუბრა, გამოკითხა ოჯახის შესახებ, შვილების შესახებ, მოუწერა ხელი ყველას ცალ-ცალკე რაღაც ქაღალდებზე და, საერთოდ, არნახულად თბილი და ისეთი დამოკიდებულება იყო."
XS
SM
MD
LG