Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ამზადებენ ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ მებრძოლებს?


შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის მთავარ სიახლედ საქართველოსთვის სამხედრო სფეროში დახმარების გაგრძელება იქცა.

ამერიკის კონგრესში შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აპრილიდან ამოქმედდება ახალი სამხედრო დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებში საქართველოში 2 სამხედრო ბრიგადა მომზადდება. ამასობაში კი 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა სახელობის სამხედრო პოლიგონზე დასასრულს უახლოვდება "წვრთნისა და აღჭურვის" ქართულ-ამერიკული პროგრამა. ამერიკელი ინსტრუქტორები და მათი ქართველი შეგირდები მძიმე ტექნიკას საბრძოლო სროლებისა და მარშისთვის ამზადებენ.

ბოლო კვირაა ასე იწყება ყოველი დღე ვაზიანის პოლიგონზე: საბრძოლო სროლები, საცეცხლე მომზადება და მძიმე ტექნიკის მარში - ასეთი ინტენსიური ვარჯიშები კარგა ხანია არ ახსოვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომელსაც სახელმწიფოს მწირი ბიუჯეტი ელემენტარული საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად თუ ჰყოფნის. ამ მხრივ, მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის ჯავშანსატანკო ასეულის მებრძოლებს, რომლებიც "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში მეორე თვეა გადიან მომზადებას, შეიძლება ითქვას, რომ გაუმართლდათ. ქვედანაყოფის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ ილია ლუტიძის თქმით, ვარჯიშების ჩასატარებლად საჭირო საბრძოლო მასალითა და ტყვია-წამლით ქართველი სამხედროები ამერიკის მხარემ მოამარაგა:

[ილია ლუტიძის ხმა] "ყველაფერი - ჯარისკაცისა და ოფიცრის აღჭურვილობა, ამერიკიდან არის ჩამოტანილი და, აგრეთვე, ჭურვებიც და ტყვია-წამალიც ყველა ცეცხლსასროლ იარაღსა და ჯავშანტექნიკაზე."

"წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ბოლო ფაზით ქართული ქვედანაყოფის მომზადება ერთბაშად რამდენიმე სასწავლო წერტილზე წარმოებს. ტანკისტებსა და ჯავშანმანქანების მძღოლ-მექანიკოსებს ამერიკელი ინსტრუქტორები ვაზიანის პოლიგონზე წვრთნიან, ბატალიონში შემავალ ქვეითებსა და ინჟინრებს კი - კოჯორში. კვირის დასაწყისში ქართველ სამხედროებს "ღია კარის" დღე ჰქონდათ ჟურნალისტებისთვის. ფრონტალურად ჩამწკრივებული საბრძოლო მანქანებიდან ტანკისტები საოცარი სიზუსტით არტყამდნენ მიზანში. თუმცა ვარჯიშის გაცილებით რთული ეტაპი მომავალ კვირას დაიწყება - ჯავშანსატანკო ასეულის მებრძოლებს საბრძოლო სროლები უშუალოდ სვლის დროს მოუწევთ, რაც ეკიპაჟისაგან ბევრად მეტ ოსტატობას მოითხოვს. ასეულის მეთაური ილია ლუტიძე დარწმუნებულია, რომ ამერიკელი ინსტრუქტორების მითითებებს მათი ქართველი შეგირდები ზუსტად შეასრულებენ:

[ილია ლუტიძის ხმა] "როგორ ვუგებთ ერთმანეთს? ამერიკელიც დაინტერესებულია, რომ გვასწავლოს და ჩვენც მონდომებული ვართ, რომ ვისწავლოთ და ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. ერთად ვსვამთ და ერთად ვჭამთ."

დაახლოებით ერთ თვეში ქართველი მებრძოლები და მათი ამერიკელი ინსტრუქტორები დაემშვიდობებიან ერთმანეთს. "წვრთნისა და აღჭურვის" ქართულ-ამერიკული ერთობლივი პროგრამა, რომელიც 2002 წლის აპრილში დაიწყო, ზუსტდა 2 წლის შემდეგ, 2004 წლსი 22 აპრილს, დასრულდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG