Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლებელია თუ არა საქართველოში ლეგალური ბიზნესის წარმოება


შეიძლება თუ არა საქართველოში ლეგალური ბიზნესის წარმოება ისე, რომ ეს პოლიტიკასთან ან მაღალ სახელისუფლებო წრეებთან არ იყოს დაკავშირებული?

ამ კითხვამ აქტუალობა კიდევ უფრო მეტად მას შემდეგ შეიძინა, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, გადასახადების დამალვისა და სხვადასხვა მაქინაციების ბრალდებით, რამდენიმე ბიზნესი და ბიზნესმენი დაადანაშაულა. საზოგადოებისთვის და, მით უმეტეს, ხელისუფლებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ გასულ წლებში საქართველოში ლეგალური ბიზნესის წარმოება თითქმის შეუძლებელი იყო, თუმცა დასჯით კი მხოლოდ ერთეულები ისჯებიან.

საქართველოში თუ რატომ იყო შეუძლებელი ლეგალური, ეგრეთ წოდებული, თეთრი ბიზნესის წარმოება, ამ კითხვით მეწარმეთა კავშირის ლიდერს ბონდო ზარნაძეს მივმართე:

[ბონდო ზარნაძის ხმა] "ეს იყო სადამსჯელო საგადასახადო კოდექსი, რომელიც 97 წლის სექტემბერში შევიდა ძალაში და, თუ პატიოსნად იხდიდი, სულ, მინიმუმ, 55-60% მთელი შემოსავლებისა უნდა გადაგეხადა ბიუჯეტში და დარჩენილი 40 პროცენტით ყველა ხარჯები უნდა გაგესტუმრებინა, ხელფასებიც უნდა გაგეცა, მოგებაც უნდა მიგეღო და წარმოებაც განგევითარებინა. ასე რომ, ეს გამორიცხული იყო."

ბონდო ზარნაძისვე განცხადებით, განვითარებას მხოლოდ ის ბიზნესი ახერხებდა, რომელიც ხელისუფლებასთან იყო დაახლოებული.

ვარდების რევოლუციის შემდეგ კი, საგადასახადო რეფორმების ნაცვლად, მხოლოდ ის მოხდა, რომ ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ეგიდით ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიძე გია ჯოხთაბერიძე დაიჭირეს, რომელიც მაგთი ჯგუფისა და საკომუნიკაციო კომპანია "მაგთი ჯი-ეს-ემის" დამფუძნებელია. ასევე, საბანკო ანგარიშები და თავად წარმოებაც დაუყადაღეს თამბაქოსა და მედია ბიზნესის ერთ-ერთ მსხვილ სუბიექტს, კომპანია "ომეგას", რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის ასლან აბაშიძის კეთილგანწყობით სარგებლობდა.

პროკურატურის მიერ განხორციელებულ ამ აქციებს გაგრძელება აღარ მოჰყოლია, რადგან პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგადასახადო ამნისტია გამოაცხადა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ მიეცათ "მაგთისა" და "ომეგას", მაგალითად, "კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას" მსგავსი შანსი. ამ კომპანიას სახელმწიფო წლების მანძილზე 5 მილიონ დოლარს ედავებოდა. მისი პრეზიდენტი კი ახლა ბურჯანაძე-დემოკრატების აქტიური მხარდამჭერია.

[ტარიელ ზივზივაძის ხმა] "ბევრ ფაქტს პოლიტიკური ანგარიშსწორების ელფერი სდევს, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ბიზნესმა უნდა დაინახოს, რომ მას ეს შავი, ანუ არალეგალური, საქმიანობა აუცილებლად ძვირი დაუჯდება, და უნდა ეცადოს, ადრე თუ გვიან, მის ლეგალიზებას. ეს, ადრე თუ გვიან, უნდა დაიწყოს და დღეს ეს პროცესი მიმდინარეობს." (სტილი დაცულია)

ეს იყო ამერიკის ვაჭრობისა და კომერციის პალატის ბიზნეს ეთიკის პროგრამის დირექტორის ტარიელ ზივზივაძის კომენტარი. მან ჩემთან ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ბიზნესის ჩრდილიდან გამოსვლას პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ამნისტია მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს, თუმცა კი, მისივე თქმით, ამნისტიით გათვალისწინებული დრო საკმარისი არ არის.
XS
SM
MD
LG