Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირინა სარიშვილ-ჭანტურია პოლიტიკიდან არასამთავრობო სექტორში მიდის


ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ექს-თავმჯდომარე და ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის სპიკერი ირინა სარიშვილ-ჭანტურია არასამთავრობო ორგანიზაცია "სახალხო დაცვის ლიგას" უდგება სათავეში.

ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტებით დაკომპლექტდება და მისი ძირითადი პროფილი უფლებათდაცვითი საქმიანობა იქნება. აქტიური პოლიტიკიდან დროებით სამოქალაქო სექტორში გადასული სარიშვილ-ჭანტურია დახმარების ხელს სთავაზობს რიგით ადამიანებს, ბიზნესმენებს, კომპანიებს, ტელევიზიებს -ანუ ყველას, ვინც თავს ხელისუფლებისგან უკანონოდ დაჩაგრულად მიიჩნევს. თუმცა ფაქტია, რომ ახალი ორგანიზაციის დამკვიდრება რთულია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საკმაოდ ჭრელ და ქმედით არასამთავრობო სექტორშიც. პირველ ნაბიჯებს "სახალხო დაცვის ლიგა" მწირი ფინანსებით, ჯერაც ჩამოუყალიბებელი სტრუქტურით და მყვირალა სავიზიტო ბარათით დგამს.

სავიზიტო ბარათი თავად ირინა სარიშვილ-ჭანტურიას გვარი და სახელია. მართალია, ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე ამ სახელსა და გვარს პოლიტიკური წონა დაეკარგა, მაგრამ შერჩა თვითრეანიმაციის უნარი. თავად ირინა სარიშვილ-ჭანტურია ფიქრობს, რომ "სახალხო დაცვის ლიგას" სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ის უპირატესობა აქვს, რომ მას სათავეში ცნობილი ადამიანი უდგას:

[ირინა სარიშვილ-ჭანტურიას ხმა] "დამერწმუნეთ, მე ჩემს სახელსა და გვარს, რომელიც, შესაძლოა, ამ შემთხვევაში უფრო მყვირალა იყოს, ვიდრე სხვა არასამთავრობოების ხელმძღვანელების, სწორედ იმ მიმართულებით გამოვიყენებ, რომ რამენაირად გავარღვიოთ ის კედელი, რაც ამ შემთხვევაში ადვოკატების და თუნდაც ელემენტარული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხალხს შორის აღმართა ხელისუფლებამ." (სტილი დაცულია)

"ფონდი სახალხო დაცვის ლიგა" - ასეთია ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის სრული დასახელება. ორგანიზაციის დაფუძნებიდან რეგისტრაციამდე გარკვეული დრო უნდა გავიდეს. ამ ხნის მანძილზე, შეიძლება ითქვას, უფრო დაკონკრეტდება შემოსავლის წყაროც, უცხოური დახმარებაც, პროგრამული დაფინანსებაც, შტატებიც და კადრებიც. ამ უკანასკნელის, კადრების, შესახებ ქალბატონი სარიშვილი ახალგაზრდა იურისტებით აპელირებს და ვერ ასახელებს ორგანიზაციის წევრ ვერც ერთ მეტ-ნაკლებად ცნობილ ადამიანს. სახალხო დაცვის ლიგის დაფუძნების შესახებ განაცხადსაც მარტო აკეთებს, ანუ მის მარჯვნივ და მარცხნივ მდგომი სკამები, ტრადიციულად, ცარიელია. ორგანიზაციის შესახებაც ნათელია ორად ორი რამ - ის, რომ მისი ხელმძღვანელი ირინა სარიშვილ-ჭანტურია იქნება და ის, რომ იგი მოქმედ ხელისუფლებას ოპონირებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხიდან გაუწევს.

პოლიტიკოს სარიშვილის აპოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაცია ვარდების რევოლუციის პირმშოა - მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ აუტსაიდერთა რიგში მყოფი სარიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს, მან ახალი პოლიტიკური მოძრაობისთვის პარტნიორები ვეღარ შეკრიბა. შექმნილ ვითარებაში არჩევნებში მონაწილეობის იდეამ აზრი დაკარგა და გამოსავალიც მოინახა. შეიძლება ითქვას, რომ ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია გახდა ის სენსაცია, რომელზეც ირინა სარიშვილ-ჭანტურია უკანასკნელი კვირების განმავლობაში საუბრობდა. საზოგადოებაში აღნიშნულმა განაცხადმა სენსაციის ეფექტი ნამდვილად არ გამოიწვია. თუმცა, მეორე მხრივ, არ შეიძლება ირინა სარიშვილს არ დაეთანხმო იმაში, რომ მოქმედი პოლიტიკოსის არასამთავრობო სექტორში გადასვლის პრეცედენტი ძნელი გასახსენებელია, ყოველ შემთხვევაში, საქართვლოში მაინც.
XS
SM
MD
LG