Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტის საანგარიშო მოხსენება ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ


ანდრო ეული, პრაღა ჩვენს წინა გადაცემაში გაგაცანით ორგანიზაცია "ჰიუმენ რაიტს უოჩის" ანგარიში იმის შესახებ,

თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ. ამჯერად შემოგთავაზებთ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებას გასულ 2003 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ. მოხსენება ოთხშაბათს გამოქვეყნდა ვაშინგტონში. როგორც საანგარიშო მოხსენებაშია აღნიშნული, გასულ 2003 წელს, ადამიანის უფლებათა სფეროში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული ავღანეთსა და ერაყში, ხოლო შუა აზიის რესპუბლიკებში, აგრეთვე ირანში, რუსეთში, ბელორუსიაში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, პაკისტანში, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთში, ამ მხრივ ვითარება გაუარესდა.


საანგარიშო მოხსენების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა [კოლინ პაუელის ხმა]: "ადამიანის უფლებათა დაცვასა და პროგრესს ამ სფეროში პრეზიდენტი ბუში ამერიკის განსაკუთრებულ მისიად მიიჩნევს, და სწორედ ეს მიზანი გახდა ბუშის საგარეო- პოლიტიკური გეზის განუყოფელი ნაწილი. ამიტომაც, ყოველწლიური მოხსენებები მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ - არაა უბრალოდ ინფორმაციული მასალა, ეს - პოლიტიკის უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია".

საანგარიშო მოხსენებაში ნათქვამია, რომ გასულ წელს განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციამ ერაყში წერტილი დაუსვა ადამიანის უფლებათა მიუტევებელ დარღვევებს, რასაც წლების მანძილზე სჩადიოდა სადამ ჰუსეინის რეჟიმი.
ხოლო მას შემდეგ, რაც 2001 წლის მიწურულს იქ თალიბების რეჟიმი დაემხო, ავღანეთში გრძელდება დემოკრატიზაციის პროცესი და არსებითი პროგრესიც იქნა მიღწეული ადამიანის უფლებათა სფეროში.

მოხსენების ავტორებს მიაჩნიათ, რომ ირანში, გასულ 2003 წელს, კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა: ქვეყანაში მოქალაქეთა გაუჩინარების, წამებისა და ყოველგვარი გასამართლების გარეშე სიკვდილით დასჯის არაერთი შემთხვევა იქნა აღრიცხული.

მოხსენებაში რუსეთია გაკრიტიკებული ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობის გამო და აღნიშნულია ამასთანავე, გასული წლის ბოლოს ჩეჩნეში მოწყობილი საპრეზიდენტო არჩევნები, აგრეთვე დეკემბრის საპარლამენტო არჩევნები რუსეთში,
ვერ ჰპასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს.

ბელორუსიაში გრძელდებოდა ოპოზიციის დევნა-შევიწროება, ხოლო მეზობელ უკრაინაში, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, 2003 წელს, არ ყოფილა მიღწეული არანაირი პროგრესი, - ნათქვამია საანგარიშო მოხსენებაში.

შუა აზიის რესპუბლიკებში, თუ თურქმენეთს არ მივიღებთ მხედველობაში, გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული რელიგიის თავისუფლების მხრივ. ხოლო ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერებმა სათანადო ზომები მიიღეს პატიმართა წამების აღსაკვეთად. აი რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ლორნ კრეინერმა[ლორნ კრეინერის ხმა]: "როგორც ყაზახეთში, ასევე ყირგიზეთშიც პასუხს აგებინებენ იმ ოფიციალურ პირებს, ვინც პატიმრებს აწამებდა. შუა აზიის ზოგიერთ სახელმწიფოში ხალხს აძლევენ თავშეყრის უფლებას. ხოლო ყაზახეთში, და გარკვეულწილად ყირგიზეთშიც, ვფიქრობ იკლო დისკრიმინაციამ რელიგიურ ნიადაგზე. თუმცა, როგორც ცნობებიდან ირკვევა, რეგიონში მრავლადაა პრობლემები".

საანგარიშო მოხსენებაში ნათქვამია, რომ თურქეთში, გასულ წელს, უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან პატიმართა წამების, ცემისა და ძალადობის რამდენიმე შემთხვევა აღირიცხა, მაგრამ მთლიანობაში მთავრობა იცავდა მოქალაქეთა უფლებებს. რაც შეეხება პაკისტანს, იქ, მოხსენების თანახმად, კვლავინდებურად ირღვევა ადამიანის უფლებები.

სახელმწიფო დეპარტამენტის საანგარიშო მოხსენებაში, ადამიანის უფლებათა ყველაზე მიუტევებელ დამრღვევად, მთელს მსოფლიოში, ჩრდილოეთი კორეაა მოხსენიებული.
XS
SM
MD
LG