Accessibility links

logo-print

ქართველი პოლიტიკოსები პრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ღონისძიება პრეზიდენტ ბუშთან შეხვედრა იყო.

ამ შეხვედრის დეტალები, ბუნებრივია, სათანადოდ გააშუქეს მასობრივი ინფორმაციის ქართულმა საშუალებებმაც. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვიზიტსა და აღნიშნულ შეხვედრას სათანადო ყურადღება ვერ დაუთმეს ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც საარჩევნო სიების დაკომპლექტების პროცედურით იყვნენ დაკავებულნი. თუმცა პრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ძირითადი აქცენტი მათთვისსაც გამოკვეთილია და იგი საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას შეეხება.


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე, ანალიტიკოსთა აზრით, უდავოდ, შეიცავდა რუსეთისათვის გამაღიზიანებელ მკაცრ ტონს.

[ჯორჯ ბუშის ხმა] " მოველით, რომ რუსეთის მთავრობა შეასრულებს ეუთოს სტამბულის სამიტის ვალდებულებებს. სტამბულის შეთანხმებებში კი ნათლად არის აღნიშნული, რომ რუსეთი უნდა გამოვიდეს ამ ბაზებიდან. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ამ ვალდებულებების შესრულების თაობაზე როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე პრეზიდენტ პუტინთან."

პრეზიდენტ ბუშის ეს განცხადება საქართველოში თანაბრად სასიამოვნო და მისაღები აღმოჩნდა როგორც პოზიციისთვის, ისე ოპოზიციისთვის. თუმცა, თუ პოზიციას პრეზიდენტ ბუშის ეს გამონათქვამი, გარკვეულწილად, პრეზიდენტ სააკაშვილის წარმატებად მიაჩნია, ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტს არათანმიმდევრულობასა და პოპულიზმში სდებს ბრალს.

[აკაკი ასათიანის ხმა] "უნდა იყოს მოთხოვნა კატეგორიული ჩვენგან, რომ რუსეთმა გაიყვანოს ბაზები და მაშინ მთელი მსოფლიოც კატეგორიულად მოსთხოვს და გაიყვანენ, მაგრამ მე რასაც ვუყურებ, ჰგავს ვალდებულებების აღებას რუსეთისადმი რევოლუციის პერიოდში და ვალდებულებები, ეტყობა, შეეხებოდა ბაზებსაც. რომ ამერიკა იძახის, გაიყვანეთ, და ჩვენი ხელისუფლება ხმას არ ამოიღებს. რუსეთში პირდაპირ ითქვა, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხიო. "(სტილი დაცულია)

საარჩევნო ბლოკ ედეპე-ტრადიციონალისტის ლიდერის აკაკი ასათიანის მოსაზრებას იზიარებს სოციალისტური პარტიის წევრი ზაქარია ქუცნაშვილიც. იგი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის დროს მაქსიმალურად უნდა დაეფიქსირებინა საქართველოს ინტერესები, როგორც რუსული სამხედრო ბაზების, ისე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მდგარი ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალების გაყვანის მიმართულებით. ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არ გაკეთდა; სამაგიეროდ, ნათელია ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს მთავარ პარტნიორად წარმოჩენის მცდელობა, რაც რუსეთის გაღიზიანებას კვლავაც გამოიწვევს. გაღიზიანების ერთ-ერთ საბაბად შეიძლება ჩაითვალოს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებაც იმის თაობაზე, რომ ამერიკასა და საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებთ არა მარტო მეგობრობა, არამედ საერთო ფასეულობებიც. ამასთან დაკავშირებით ზაქარია ქუცნაშვილი იხსენებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის თბილისში სტუმრობისას წარმოთქმულ ერთ-ერთ ფრაზას:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] "ჩვენ არ ვუყენებთ საქართველოს არჩევანს: რუსეთი, ევროპა ან ამერიკა. ჩვენ ვეუბნებით ევროპასაც და რუსეთსაც, ვითანამშრომლოთ საქართველოს დახმარებისთვის. ამიტომ აზრი, რომ, ვთქვათ, რუსეთის გინება ან ევროპის გინება ამერიკის ინტერესებშია, არასწორი და მცდარი აზრია. ამიტომაც ლოგიკური იყო ბუშის პოზიცია კოლინ პაუელის ცნობილი განცხადების შემდეგ, რომ ისინი საქართველოს არ აიძულებენ გააკეთონ არჩევანი ამ სამი ცეტრიდან რომელიმეს სასარგებლოდ.

საქრთველო-ამერიკა-რუსეთის ცნობილი სამკუთხედის იდეოლოგი სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტის პოზიტიურობა და შედეგიანობა, ძირითადად, ამერიკის მხარის მიერ საქართველოს სასიკეთოდ აღებული კურსის ერთგულებაში უნდა ვეძიოთ.
XS
SM
MD
LG