Accessibility links

logo-print

საარჩევნო სიების წარდგენა შიდაპარტიული უთანხოების ფონზე


26 თებერვალს, საღამოს ექვს საათზე, დასრულდა 28 მარტს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების საარჩევნო სიების წარდგენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე ადრე ეს პარტიული დისციპლინით ცნობილმა "საქართველოს აღორძინების კავშირმა" გააკეთა, ყველაზე გვიან კი - მმართველმა პოლიტიკურმა ბლოკმა, რომელიც 4 სუბიექტს - "ნაციონალურ მოძრაობას", "გაერთიანებულ დემოკრატებს" "ეროვნულ ძალთა გაერთიანებასა" და "რესპუბლიკურ პარტიას" აერთიანებს. თანაც 23 ნოემბრის "ხავერდოვანი რევოლუციის" ლიდერებს ერთიანი საარჩევნო სიის შედგენა სერიოზული შიდაპარტიული დაპირისპირების ფასად დაუჯდათ.

ყველა საარჩევნო სუბიექტი, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დეპუტატობის კანდიდატთა სია წარადგინა, ტრადიციისამებრ, აქცენტს სიის პირველ ათეულზე აკეთებს. "გამწევი ძალის" თვალსაზრისით, 28 მარტის არჩევნებში მონაწილე წამყვან პარტიათა და ბლოკთა საარჩევნო სიაში ყველაფერი ისე გამოიყურება, როგორც ნავარაუდევი იყო. 7 პროცენტიანი ბარიერის გადასალახავად "საქართველოს დემოკრატიული აღორძინების" კავშირის 235 კაციან სიას სათავეში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე ჩაუდგა, რომელსაც, ოპოზიციური პარტიების გააქტიურების გამო, წელს პირველად მოუწევს სერიოზული ბრძოლა საკუთრივ ავტონომიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად. თუმცა "დემოკრატიული აღორძინების" წევრი გოჩა პაიჭაძე დარწმუნებულია საკუთარი პარტიის წარმატებაში:
[გოჩა პაიჭაძის ხმა] "ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ საკმაო ძალით შევალთ ახალ პარლამენტში."

სრული საბრძოლო შემადგენლობა გამოიყვანეს პოლიტიკურ არენაზე "ლეიბორისტებმა". "სოციალისტური პარტია" კი უჩვეულო ამპლუაში - ლიდერის, ვახტანგ რჩეულიშვილის, გარეშე და დამოუკიდებლად ღებულობს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში. სამაგიეროდ, ერთიანი საარჩევნო სია აქვთ "ახალ მემარჯვენეებსა" და "მრეწველებს", რომლებიც ერთი კვირის წინ გაერთიანდნენ. ერთიანი ძალით იბრძოლებენ 28 მარტის არჩევნებში "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი", რომელიც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში "ბურჯანაძე-დემოკრატებთან" ერთად გამოდიოდა. საერთო სიის სათავეშია ტრადიციონალისტთა ლიდერი აკაკი ასათიანი, რომლის თანამებრძოლი გუბაზ სანიკიძე ასევე მიიჩნევს, რომ მათი სია ყველაზე ღირსეული ადამიანებით არის დაკომპლექტებული:

[გუბაზ სანიკიძის ხმა] "მე ვარწმუნებ ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას, რომ ეს არის ღირსეული ქართველებით დაკომპლექტებულია სია."

ყველაზე დიდი ხმაური ახალი სახელისუფლებო ბლოკის, "ნაციონალური მოძრაობის", ერთიანი საარჩევნო სიის წარდგენას ახლდა. რევოლუციური თანამებრძოლების - მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის მომხრეებს შორის პარიტეტის დადგენა არცთუ ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა. მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია შიდა დაპირისპირების შესახებ, რაც სიაში, პარტნიორებთან შეუთანხმებლად, სრულიად უცნობი სახელების გამოჩენას მოჰყვა. ერთხანს კონსულტაციებზე სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია სერიოზულ კრიზისზეც კი ალაპარაკდა. საბოლოოდ, ბლოკმა "ნაციონალური მოძრაობა" და "გაერთიანებულმა დემოკრატებმა" გადალახეს შიდაპარტიული უთანხმოება და ერთიანი სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყველაზე ბოლოს ჩააბარეს. "გაერთიანებული დემოკრატების" წევრის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ბლოკის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] "მაია ნადირაძე, ელდარ შენგელაია, კოტე გაბაშვილი, ლადო პაპავა, დათო ბერძენიშვილი, ელენე თევდორაძე, რომან გოცირიძე, ვასიკო მაღლაფერიძე, ედუარდ სურმანიძე."

დაბოლოს, 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დებიუტანტიც ღებულობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 150 კაციანი საარჩევნო სია წარადგინა პოლიტიკურმა მოძრაობამ "თავისუფლება", რომლის დამფუძნებელიცაა კონსტანტინე(კოკო) გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, რომელიც 12 წლის განმავლობაში პოლიტიკურ ემიგრაციაში იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG