Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსტი სქესი საარჩევნო სიის სათავეში


საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ რა წარმატებული აღმოჩნდა 2003 წლის ნოემბრის არჩევნებზე "გაერთიანებული-დემოკრატების" საარჩევნო სიაში პირველ ნომრად პარლამენტის მაშინდელი

თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ჩაწერა. მაშინ ზურაბ ჟვანიას არცთუ მაღალი რეიტინგის მქონე საარჩევნო ბლოკის წარმატება, დიდწილად, ქართული პოლიტიკისათვის უჩვეულო -- ლიდერი-ქალბატონის იმიჯის მიზანმიმართულმა ექსპლუატაციამ განაპირობა. როგორც ჩანს, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსული ყოფილი ოპოზიცია ბედისწერის გამოცდას არ აპირებს და საარჩევნო სიის პირველ ნომრად კვლავ მანდილოსანს, ამჯერად უკვე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, მაია ნადირაძეს ასახელებს. საინტერესოა, რასთან გვაქვს საქმე - გენდერული ბალანსის დაცვის მცდელობასა თუ მავან პოლიტიკურ ლიდერთა უბრალო ახირებასთან?


როგორც არ უნდა იყოს, აშკარაა: ხალხს მოსწონს ქალი პოლიტიკური ლიდერის როლში. ყოველ შემთხვევაში, თბილისელები, რომლებსაც ქუჩაში გავესაუბრე, ამ ტიპის მანდილოსნების მიმართ საკუთარი კეთილგანწყობის დამალვას არ ცდილობდნენ.

ისმის ხმები:
[მამაკაცის ხმა] "მე მგონი, კარგი უნდა იყოს. ქალი უფრო ობიექტური იქნება, ვიდრე მამაკაცი."

[ქალბატონის ხმა] "მარტო მამაკაცის აზრი და ჭკუა კი არ უნდა იყოს, ქალის აზრიც უნდა იყოს ჩაქსოვილი. მე ვფიქრობ, ქალები ძალიან ცოტანი არიან პოლიტიკაში, უფრო მეტნი უნდა იყვნენ."

[მამაკაცის ხმა] "მე ვისურვებდი, რომ კი არ ამოეფაროს ვინმე, არამედ დაუჯერონ იმ ქალებს, იმიტომ რომ ქალი, კიდევ ვიმეორებ, ღირსეული წევრია საზოგადოების და, შეიძლება, არანაკლები პოლიტიკოსი იყოს, ვიდრე მამაკაცი."

თუმცა ქალებს ჯერჯერობით წინ მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობაში" ატარებენ. მაია ნადირაძე ქართული პოლიტიკის სინამდვილეში ის ერთადერთი ქალბატონია, ვისაც კოლეგა-მამაკაცებმა საარჩევნო სიის პირველი ნომერი დაუთმეს. სხვა პარტიები, მათ შორის, "ლეიბორისტული პარტია" და "აღორძინება" ტრადიციული პატრიარქალური წყობის ერთგულნი რჩებიან.

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] "პირველ ნომრად კაცი გვყავს, თანაც როგორი!.."

ეს "ლეიბორისტების" ერთ-ერთი ლიდერი ჯონდი ბაღათურიაა, რომელიც, მართალია, მიესალმება მანდილოსნების საარჩევნო სიის სათავეში ჩადგომის ტენდენციას, მაგრამ პირველ ნომერს მაინც კაცისთვის, ანუ შალვა ნათელაშვილისთვის, იმეტებს:

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] "იცით, რა, მე ვფიქრობ, საკმაოდ სასიამოვნო ტენდენციაა, იმიტომ რომ ქალები, გარდა იმისა, რომ სიას ვიზუალურად ალამაზებენ, ასევე ურთიერთობის ფორმებსაც, მე ვფიქრობ, უფრო ხვეწენ და უფრო მეტ ესთეტიკას სძენენ." (სტილი დაცულია)

მანდილოსნების პარტიულ დაწინაურებაში უფრო მეტს, ვიდრე ესთეტური და ვიზუალური ეფექტებია, სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია ხედავს:

[ემზარ ჯგერენაიას ხმა] "ჩვენ ხომ, ასე ვთქვათ, ევროპულ სახეს ვიღებთ. ხდება ამ მიზნით ქალის ინსტრუმენტალიზაცია. საარჩევნო ტრიუკიც არის, რასაკვირველია, მაგრამ არის, ამავდროულად, იმის დემონსტრაცია, რომ ჩვენ რაღაც გენდერულ საკითხებსაც ევროპულად ვაყენებთ. ...ქალი, შეიძლება, -ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, - იყოს რაღაც სამკაული პარტიის საარჩევნო სიის." (სტილი დაცულია)

უნდა ითქვას, რომ საქართველოში საარჩევნო სიების სამკაულებით გამდიდრება-გალამაზება ჯერჯერობით ნებაყოფლობითია. საქმე ის არის, რომ ოთხმოცდაცხრამეტი წლის მოწვევის პარლამენტმა ვერ მოასწრო მიეღო საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც პარტიულ სიებში ქალთა სავალდებულო კვოტირებას ითვალისწინებს.

[ირინა ჟვანიას ხმა] "ეს კანონი, რომელიც ივნისში მომზადდა, გულისხმობს, პოლიტიკური პარტიების სიებში ყოველი მეოთხე იყოს ქალი - იმდენად, რამდენადაც, ჩვეულებრივ, გამსვლელ ადგილებზე ქალები ვერ ხვდებიან."

გენდერული ასოციაციის წევრის, ფსიქოლოგ ირინა ჟვანიას ამ ნათქვამს დავამატებ, რომ ბოლო მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა შვიდ მთელ ექვს მეათედ პროცენტს არ აღემატებოდა. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, ეს მაჩვენებელი გაიზარდოს 28 მარტის შემდეგ. ცხადია: ერთ, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის რჩეულ, მერცხალს გაზაფხულის მოყვანა გაუჭირდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG