Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს რეკომენდაციებს არც საქართველოს ახალი ხელისუფლება ასრულებს


ევროსაბჭოს რეკომენდაციებს არც საქართველოს ახალი ხელისუფლება ასრულებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი მატიაშ იორში შოკირებულია იმის გამო,

რომ საქართველომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების შეცვლის პირობა დაარღვია. ხუთი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფი თბილისს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის შესაფასებლად ეწვია. ამ ჯგუფის ხელმძღვანელი მატიაშ იორში ხუთშაბათს ყოფილ და მოქმედ თანამდებობის პირებს, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ამ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ საარჩევნო სამზადისთან დაკავშირებულ პრეტენზიებს ის საზოგადოებას პარასკევს, 27 თებერვალს, გააცნობს, თუმცა მანამდეც ცნობილია, რომ მატიაშ იორში საქართველოს მიერ ევროსაბჭოს რეკომენდაციების შეუსრულებლობით უკმაყოფილოა.

თბილისში მყოფ მატიაშ იორშს ხუთშაბათს საკმაოდ დატვირთული სამუშაო დღე ჰქონდა. ის შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს რუსუდან ბერიძეს და ცენტრალური საარჩვენო კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ნანა დევდარიანს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და სხვებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი ამ შეხვედრებით ეცნობა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ყველა საინტერესო პროცესს და, მათ შორის, არჩევნებისთვის მზადებას, რაც ევროსაბჭოს რეკომენდაციების იგნორირებით მიმდინარეობს. მატიაშ იორშთან შეხვედრის და მასთან საუბრის დეტალები ჟურნალისტებს არ გაუმხილეს ნანა დევდარიანმა და რუსუდან ბერიძემ. მათგან განსხვავებით, "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" თანამშრომელს დავით დარჩიაშვილს არ დაუმალავს, რისი გაგება აინტერესებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელს მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან:


[დავით დარჩიაშვილის ხმა] "მას აინტერესედა, რა კრიტიკული საკითხებია ხელისუფლების ქმედებაში, რას ფიქრობს არასამთავრობო სექტორი ამ ქმედებებზე, როგორ იქნა მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ პოზიცია ამასთან დაკავშირებით. "

არჩევნებთან დაკავშირებული საინტერესო საკითხებისადმი მესამე სექტორის წარმომადგენლების დამოკიდებულება ერთმანეთისგან განსხვავებულია. გარკვეული ნაწილისთვის გაუგებარია ხელისუფლებამ რატომ არ შეცვალა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი ისე, როგორც ამას თუნდაც შევარდნაძის ხელისუფლებისგან მოითხოვდა. ამის გასამართლებლად დროის დეფიციტის არგუმენტის მოშველიება მისთვის მიუღებელია, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ მოინდომა და ელვის სისწრაფით შეცვალა კონსტიტუცია. 7 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დატოვებას, აგრეთვე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის შეცვლაზე უარის თქმას ეს ნაწილი მოქმედი ხელისუფლების პრობლემებით ხსნის, მეორე ნაწილი კი - არასახარბიელო ობიექტური რეალობით:

[ლევან რამიშვილის ხმა] " ფუნდამენტური პრობლემა ამ არჩევნების არის ის, რომ არსებითად არჩევანი არც არის. პოლიტიკური კონკურენციის ნაკლებობა არის განმაპირობებელი იმ შედეგის, რაც არის. ძალაუფლება არასდროს არ არის საკმარისი და მოულოდენელი იქნებოდა, რომ ვიღაცას ნებაყოფლობით დაეთმო ის. თავისუფლება ბრძოლით მოიპოვება, ბრძოლისუნარიანი ოპოზიციის არარსებობა არის ერთ-ერთი მიზეზი იმ შედეგის, რაც მივიღეთ. "

ეს გახლდათ "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენლის ლევან რამიშვილის კომენტარი. საკუთარი შეხედულება მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელსაც გაუზიარა, ის კი უაღრესად უკმაყოფილოა იმის გამო, რომ საქართველომ დაარღვია დადებული პირობა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი არ შეცვალა.

ერთია არსებული რეალობა - ბრძოლისუნარიანი ოპოზიციის დეფიციტი, მეორეა ამ რეალობის განმტკიცებისკენ სწრაფვა. 7 პროცენტიანი ბარიერის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების მოქმედი წესის გათვალისწინებით, ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი ემუქრება. გასულ კვირაში თბილისში მყოფმა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა კი არაერთხელ გაუსვა ხაზი ოპოზიციის მნიშვნელობას. როგორც მან თქვა, ამჟამად საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვაა საჭირო, მაშინ როცა ევროპული მაჩვენებლები 4-5 პროცენტს აღწევს. ვალტერ შვიმერის შემდეგ საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფი ეწვია. მატიაშ იორშმა თბილისში ჩამოსვლისთანავე აეროპორტში განმარტა, რისი გაგება აინტერესებდა აქ: " ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომელთა უმრავლესობაც არ შესრულებულა. შევთანხმდით, რომ საარჩევნო კომისიების შემადგენლობა შეიცვლებოდა, ამის გაკეთებას დიდი დრო არ სჭირდებოდა, გვაინტერესებს რატომ არ შესრულდა შეთანხმება," - თქვა მან. დღეს მონიტორიგნის ჯგუფის წევრებს მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია აქვთ.

[მონიტორინგის ჯგუფის წევრის ხმა] " ჩვენ ვახდენთ კონცენტრირებას შეკითხვაზე, განმეორდება თუ არა ის, რაც აქამდე ხდებოდა. იქნება თუ არა ეს არჩევნები სამართლიანი. ვესაუბრეთ ბევრ ადამიანს. დასკვნების გამოტანა, ვფიქრობ, ნაადრევია, თუმცა გარკვეული შეშფოთება, აშკარად, შეიმჩნევა. "

მონიტორიგნის ჯგუფი საქართველოში სამუშაო ვიზიტს 28 თებერვალს ამოწურავს. 28 მარტს კი, არჩევნების დღეს, კენჭისყრის პროცედურას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციაც დააკვირდება.
XS
SM
MD
LG