Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამოიწურა თუ არა უთანხმოება რევოლუციურ სამეულს შორის?


სახელისუფლო ძალის საარჩევნო სიაში კვოტების განაწილებაზე დავა დასრულდა, თუმცა ამით ამოიწურა თუ არა კონფლიქტი, რომელიც რევოლუციურ სამეულს შორის წარმოიშვა, ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

"ნაციონალური მოძრაობის" 186 კაციანი საარჩევნო სია უკვე გამოქვეყნებულია, მასში ყველაზე მცირე წარმომადგენლობა ნინო ბურჯანაძეს ჰყავს. 40 პროცენტიანი კვოტის გადანაწილების პროცესში ჟვანიამ ბურჯანაძე, აშკარად, დაჩაგრა. ხუთშაბათს ამასთან დაკავშირებით წარმოქმნილ კონფლიქტურ სიტუაციას პრემიერ-მინისტრი და მისი თანაგუნდელები სერიოზულ კრიზისად განიხილავდნენ და არჩევნების ჩაშლის საშიშროებაზეც საუბრობდნენ; ჟვანიას - და არა მარტო მისი - მისამართით სერიოზული კრიტიკული განცხადებები გააკეთა ნინო ბურჯანაძემ. პარასკევს ის მონაკოში გაემგზავრა, ჟვანიას თანაგუნდელებმა კი რევოლუციურ სამეულს შორის უთანხმოება ამოწურულად მიიჩნიეს. რა მოხდა და რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ, თითქოსდა, ამოწურულ უთანხმოებას?

მძიმე და სტრესული დღის შემდეგ პარასკევს პარლამენტის თავმჯდომარე მონაკოში გაემგზავრა, სადაც ის მონაკოს კლუბის ორდღიან კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ამ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის იქიდან გამოეხმაურა უთანხმოებას, რომელიც საარჩევნო სიაში 40 პროცენტიანი კვოტის გადანაწილებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძეს შორის, რეალურად კი, "ნაციონალებს","გაერთიანებულ დემოკრატებსა" და ბურჯანაძის გუნდს შორის უთანხმოების ხასიათს ატარებდა. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ხელმძღვანელობას შორის უთანხმოება უარყო და თქვა, რომ სამშობლოში დაბრუნებისთანავე შეხვდება ბურჯანაძეს და ჟვანიას და სიტუაციაში გაერკვევა. შეგახსენებთ, ხუთშაბათს წარმოქმნილ კონფლიქტურ ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენჯერმე სცადა პრეზიდენტთან დაკავშირება, მაგრამ ამაოდ. მაინც, რა იყო და ვის და ვის შორის იყო ეს კონფლიქტი, რომელსაც ჟვანიას გუნდის წარმომადგენლები დღეს უკვე გაუგებრობას უწოდებენ?

"გაერთიანებული დემოკრატების" წარმომადგენელმა მიხეილ მაჭავარიანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ კვოტების გადანაწილებაში მონაწილეობას მთელი გუნდი იღებდა და ამ პროცესში "გაერთიანებულ დემოკრატებსა" და "ნაციონალებს" ერთი პოზიცია ჰქონდათ. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ დავაში, რომელშიც მხარეებს, ერთი შეხედვით, ბურჯანაძე და ჟვანია წარმოადგენდნენ, სერიოზულ და, შესაძლოა, გადამწყვეტ როლს "ნაციონალების" პოზიცია თამაშობდა. სარწმუნო წყაროების ცნობით, გადამწყვეტ მითითებებს უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი იძლეოდა.

ნინო ბურჯანაძე ყველაზე მეტად საარჩევნო სიიდან გიორგი ხელაშვილის ამოგდებამ გააღიზიანა. პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობდა, რომ მომავალი პარლამენტისთვის ხელაშვილი კარგი შენაძენი იქნებოდა. ნინო ბურჯანაძე შეაშფოთა არგუმენტმა, რომელიც გიორგი ხელაშვილის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების მოტივად დასახელდა. კერძოდ, ითქვა: ხელაშვილი "ნაციონალური მოძრაობისა" და პრეზიდენტის პრინციპებს შინაგანად არ იზიარებსო.

კიდევ ერთი გაუგებრობის შესახებ: სიის დაზუსტებისას წარმოქმნილ სერიოზულ დავაში "ნაციონალებმა" და "გაერთიანებულმა დემოკრატებმა" ბურჯანაძე მწვავედ გააკრიტიკეს სიაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის ვენედი ბენიძისა და დავით სალარიძის შეტანის გამო. სხვადასხვა წყაროებით, დავის დაწყების მომენტში ეს პირები ბურჯანაძის სიაში აღარ ფიგურირებდნენ. იყო თუ არა ეს ასე, მიხეილ მაჭავარიანმა არ იცის და შეკითხვას, ამოწურულია თუ არა კონფლიქტი, გნებავთ, უთანხმოება ან გაუგებრობა, რაც რევოლუციურ სამეულს შორის წარმოიშვა, პასუხობს:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] "მე მგონი, ეს გაურკვევლობა ამოწურულია. ქალბატონი ნინო იქნება პარლამენტის თავმჯდომარე. ეს გარანტირებულია. ჩემთვის ერთი რამ იყო გაუგებარი: ნინო ბურჯანაძე არის ლიდერი არა მარტო იმ ჯგუფის, რომელსაც რეკომენდაციას უწევდა, დანარჩენი ჯგუფიც აღიარებს მას ლიდერად და არ შეიძლება პოლიტიკაში გამოყოფა ეს ჩემი და ეს არ არის ჩემი. " (სტილი დაცულია)

ხუთშაბათს ტონი სხვაგვარი იყო. საბოლოოდ ამოწურულია თუ არა დავა რევოლუციურ სამეულს შორის, ამის თქმა მაინც ნაადრევია. სახელისუფლებო ძალის სია, რომელიც უკვე გამოქვეყნდა და რომელიც არცთუ შთამბეჭდავად გამოიყურება, ქმნის იმის საფუძველეს, რომ სიის გამსვლელ ნაწილში ხელისუფლების სამომავლო ოპოზიციაც ვივარაუდოთ.
XS
SM
MD
LG