Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი და ახალი სახელისუფლო პარტია პარლამენტში


ნაციონალებისა და დემოკრატების ერთიანმა საარჩევნო სიამ საქართველოს ბევრ მოქალაქეს მოქალაქეთა კავშირი გაახსენა. მსგავსება, პირველ რიგში, ისაა,

რომ წინა ორ საპარლამენტო არჩევნებშიც და ახლაც სახელისუფლო პარტია გაცილებით ძლიერია, ვიდრე მისი ოპონენტები. რას მოუტანს ახალ ხელისუფლებას საპარლამენტო უმრავლესობა?

საქართველოში ასეთი პოლიტიკური ტრადიციაა: ყველა საპარლამენტო არჩევნებს სახელისუფლო პარტია დიდი უპირატესობით იგებს. დღემდე ეს ტრადიცია ხელოვნური იყო, რადგან 1995 წლიდან 2003 წლამდე საქართველოში ცხოვრების დონე ჯერ ოდნავ გაუმჯობესდა, შემდეგ კი - მკვეთრად და ხანგრძლივად გაუარესდა; თუმცა, ამის მიუხედავად, არჩევნებში ყოველთვის მოქალაქეთა კავშირი იმარჯვებდა.

სახელისუფლო პარტიის გამარჯვებას თან სდევდა ერთი და იგივე იმედი, რომ პრეზიდენტი ძლიერ საპარლამენტო საყრდენს რეფორმების ჩასატარებლად გამოიყენებდა. მართლაც, თუკი ედუარდ შევარდნაძე სამართალდამცავი სისტემის თუ სხვა სფეროების გარდაქმნას მოინდომებდა, პარლამენტი მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, რადგან 118 პულტს სწორედ მისი პარტია ფლობდა.

2004 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანა ისევ საწყის წერტილს უბრუნდება: გასატარებელია რეფორმები, შესაცვლელია კანონმდებლობა და მისაღებია ბევრი რთული გადაწყვეტილება. ამიტომ დღესაც ისევე, როგორც მრავალი წლის წინ, ხელისუფლებას ძლიერი და ერთიანი საპარლამენტო დასაყრდენი სჭირდება.

როგორც ვხედავთ, არგუმენტი უცვლელია, მაგრამ უცვლელია ის საფრთხეც, რომელიც თავიდანვე ახლდა მოქალაქეთა კავშირის მაღალ საარჩევნო ციფრებს: არც პრეზიდენტი და არც პარლამენტი გასულ წლებში მზად არ აღმოჩნდნენ რეალური ცვლილებებისთვის. რეფორმების გატარების საშუალება იყო, სურვილი კი - არა. შესაბამისად, ხელისუფლებამ ხალხს ვერ აუხსნა, რატომ არ შეასრულა მან თავისივე დაპირებები. სწორედ ამ ვითარებამ - სიტყვის და საქმის დაშორიშორებამ - გამოიწვია ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის უნდობლობა, შევარდნაძის ძველი გუნდიდან ოპოზიციის გამოყოფა და, საბოლოოდ, ხალხის მხარდაჭერით, ოპოზიციის გახელისუფლება.

თუ ამჟამინდელი მთავრობა ნამდვილად გადაწყვეტს თავისი დაპირებების შესრულებას, ცხადია, ძლიერი საპარლამენტო საყრდენი რეფორმებს დააჩქარებს. მაგრამ, გამორიცხული არ არის, კიდევ ერთხელ გამეორდეს ის, რაც გასულ წლებში უკვე მოხდა: სიტყვა და საქმე ერთმანეთს დაშორდეს და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ცენტრმა პარლამენტიდან კანცელარიაში გადაინაცვლოს. ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას პირველი ოპოზიცია პარლამენტში გაუჩნდება და ეს ოპოზიცია დასაყრდენს საქართველოს მოსახლეობაში იპოვის.

ასე რომ, ძლიერი საპარლამენტო უმრავლესობა, შეიძლება, კარგიც აღმოჩნდეს სახელისუფლო პარტიისთვის და ცუდიც. ეს დამოკიდებული იქნება პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტის ავ-კარგზე, რასაც, პოლიტიკის ლოგიკასთან ერთად, ახლო წარსულის გამოცდილებაც ადასტურებს.
XS
SM
MD
LG