Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენი ვაკანსია გაჩნდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაბლოკების პროცედურის შემდეგ და ვინ აცხადებს მათზე პრეტენზიას


საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების კვოტები და პრინციპები, ტრადიციულად, ერთი ძირითადი მიზეზის გამო ხდება პოლემიკისა და უთანხმოების საგანი. ეს მიზეზი არჩევნების შედეგებზე

ზეგავლენის შესაძლებლობაში გამოიხატება, ერთი მხრივ, გარიგებების, მეორე მხრივ კი, გაყალბების გზით. მოქმედი კანონმდებლობით, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებას საფუძვლად ეგრეთ წოდებული ბეიკერის ფორმულა უდევს. ფორმულა საარჩევნო კომისიების ფორმირებას 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული პარტიების წარმომადგენლებით გულისხმობს, ანუ ადმინისტრაციებიდან რიყავს ისეთ ცნობილ და მრავალწლიანი ტრადიციების პარტიებს, როგორებიცაა ეროვნულ-დემოკრატები, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი და სხვები. ამ დღეებში ედეპე-ტრადიციონალისტთა კოალიციას საარჩევნო ადმინისტრაციებში არსებული ვაკანსიის დაკავების პრეტენზია კიდევ ერთხელ გაუჩნდა. თუმცა, როგორც ჩანს, უსაფუძვლოდ.

პარტიული ვაკანსია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიათა დაბლოკების შემდეგ გაჩნდა. კერძოდ, "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსა" და "ახალი მემარჯვენეების" ერთ საარჩევნო ბლოკად ფორმირების შემდეგ გამოთავისუფლდა ერთი ადგილი, რომელიც უკვე დაიკავა "სპორტული საქართველოს წარმომადგენელმა". "ედეპე-ტრადიციონალისტი" მიუთითებს მეორე ვაკანსიაზეც, რომელიც, აკაკი ასათიანის თქმით, ქრისტიანულ-კონსერვატიული პარტიის წევრის ჟვანია-სააკაშვილის საარჩევნო სიაში შეყვანის შედეგად გაჩნდა. ხელისუფლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ფაქტობრივად, 10 ადგილს ფლობს და არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის ემზადება - ასე ჟღერს ედეპე-ტრადიციონალისტთა კოალიციის წარმომადგენელთა აღშფოთება, რომელიც ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებსაც გაუზიარეს:

[ბაჩუკი ქარდავას ხმა] "რამდენიმე ადგილი საარჩევნო ადმინისტრაციაში უკვე იურიდიული, კანონიერი გზით გამოთავისუფლდა და კანონიერად ეკუთვნის ოპოზიციას, ამ შემთხვევაში - "ერთობასა" და "ედეპე-ტრადიციონალისტებს". აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებამ გარიგების გზით შემოგვთავაზოს ჩვენ რაღაც კომისიების მიღება ან კანონი შეცვალოს. ჩვენ უარს ვაცხადებთ გარიგების გზით შემოთავაზებულ კომისიის წევრებზე, რამეთუ მიგვაჩნია, რომ კომისიის წევრი ედეპე-ტრადიციონალისტებს, ჩვენს ბლოკს, ეკუთვნის, კანონის ძალითაც კი."

გარიგებებში ედეპე-ტრადიციონალისტი ბაჩუკი ქარდავა პრეზიდენტ სააკაშვილის იმ ინიციატივას გულისხმობს, რომლის ძალითაც პრეზიდენტის კვოტით ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციებში ორი ადგილი უნდა დაეთმოს ოპოზიციას. ამ შეთავაზებაზე მემარჯვენე კოალიცია უარს აცხადებს. რაც შეეხება "ედეპე-ტრადიციანლისტებისა" და "ერთობისთვის" გაჩენილ ეგრეთ წოდებულ კანონიერ შანსს, მას ცესკოს იურისტები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. ლელა დევრისაშვილი აცხადებს, რომ ქრისტიან-კონსერვატორების წარმომადგენლის სხვა ბლოკის საარჩევნო სიაში მოხვედრით პარტიას კუთვნილი კვოტა არ დაუკარგავს, დაბლოკების შემდეგ გაჩენილი ვაკანსიის დაკავება კი "სპორტული საქართველოს" მიერ სავსებით კანონიერად მოხდა.

[ლელა დევრისაშვილის ხმა] "კანონშია ის მექანიზმი, რომ ბლოკის ჩამონათვალში შემდეგ პარტიაზე გადადის დანიშვნის უფლება. ისე რომ, აბსოლუტურად კანონიერად მოხდა, პრინციპში, ეს დანიშვნა. სასამართლოშიც რომ გაასაჩივრო, ვერც ერთი სასამართლო ვერ იტყვის საწინააღმდეგოს, იმიტომ რომ ზედმიწევნით კანონის ფარგლებშია ჩამჯდარი ესეთი მონაცვლეობა."(სტილი დაცულია)

ცესკოს იურისტის შეფასებით, მორალური თვალსაზრისით, გარკვეულწილად, უსამართლობაა ის, რომ ტრადიციულ პარტიებს საარჩევნო ადმინისტრაციებში წარმომადგენელი არ ჰყავთ. თუმცა, ამის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა უძლურია მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ამ ლოგიკით, მემარჯვენე კოალიციის პრეტენზია მოქმედი ხელისუფლების მისამართით გამოთქმული მორიგი პოლიტიკური განცხადებაა, რომელსაც რეალიზება არ უწერია.
XS
SM
MD
LG