Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს უშიშროების საბჭოში


საქართველოს პრეზიდენტმა დაასრულა თავისი ვიზიტი ოკეანის გადაღმა. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილს მოუხდა გამოსვლა ნიუ იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე.

რაზე უნდა ელაპარაკა საქართველოს პრეზიდენტს იქ, თუ არა აფხაზეთის აგერ უკვე 11 წლის გაყინულ, მაგრამ მაინც მწვავე კონფლიქტზე? მინდა გაგაცნოთ უშიშროების საბჭოში სააკაშვილის გამოსვლის მთავარი პასაჟები:

მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში თავისი ვიზიტის ბოლო დღეს უშიშროების საბჭოსგან მოითხოვა, რომ მეტი ზეწოლა მოახდინოს სეპარატისტებზე, რათა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. მან, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ფართო ავტონომიას მიანიჭებს საქართველოს ამ ნაწილს. საქართველოს პრეზიდენტი გაეროს სთხოვს თანადგომას აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხშიც: დაასრულოს რუსეთმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მცხოვრებთათვის მოქალაქეობის მიცემისა და გაიოლებული სავიზო რეჟიმის პრაქტიკა. უშიშროების საბჭოს წინაშე მან კმაყოფილება გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გამო, მაგრამ იქვე განუმარტა დამსწრეთ, რომ ვლადიმირ პუტინი მძიმე ამოცანის წინაშე დგას, ორი ქვეყნის ხანგრძლივი ურთიერთუნდობლობის გამო: [სააკაშვილის ხმა]
"ბატონ პუტინს კონფლიქტის მოგვარების და მშვიდობის დამყარების სფეროში მოუწევს ურთიერთობა ახალ პოლიტიკურ ნებასთან და ლიდერებთან, და მან მტკიცედ განაცხადა, რომ აპირებს ამ მიმართულებით მოქმედებას." შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭომ, რომელშიც რუსეთს მუდმივი წარმომადგენელი ჰყავს, არაერთი რეზოლუცია მიუძღვნა აფხაზეთის კონფლიქტს - მათში ყოველთვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე იყო ლაპარაკი. ამ დროს, მეტ ყურადღებას ნდობის მოსაპოვებლად საჭირო ზომებს აქცევდა, რადგან სეპარატისტებს არ სურდათ მოლაპარაკება. მიხეილ სააკაშვილმა ნიუ იორკში იძულებით ადგილნაცვალ პირებზეც ილაპარაკა და განაცხადა, დროა უშიშროების საბჭომ გაითვალისწინოს, რომ ასეული ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ ვერ უბრუნდება საკუთარ სახლს და იმოქმედოსო.
[სააკაშვილის ხმა]
"უშიშროების საბჭომ ყველას უნდა გააგებინოს, რომ ის, ვინც არ არის მშვიდობის მომხრე, პასუხს აგებს. რომ ისინი დაისჯებიან, მათ ვიზებს არ მისცემენ, რომ სამართალში მისცემენ მათ, ვინც ეთნიკურ ნიადაგზე ხელყოფს ადამიანთა უფლებებს. მე მეამაყება აქ თქვენს წინაშე დგომა და იმის თქმა, რომ ახალი მთავრობა თბილისში და ჩემი გუნდი, ჩემი ხელმძღვანელობით, მზად არის ამ პასუხისმგებლობისთვის." მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, აფხაზეთი გადაიქცა სასოწარკვეთილების კუთხედ, რომელსაც მისი თავდაპირველი მოსახლეობის მხოლოდ ნაწილიღა შერჩა და რომელსაც ცხოვრების უკიდურესად დაბალი დონე აქვს. მან უშიშროების საბჭოს მიმართა რჩევით: [სააკაშვილის ხმა] " საქმე გვაქვს ვითარებასთან, როცა ეთნიკურ ქართველს მაშინვე მოგკლავენ, თუკი ამ ტერიტორიაზე შეხვალ, და ეს არის ის ვითარება, რომელთან შეგუებაც არ შეიძლება ამ პატივსაცემი უწყების არანაირი დიპლომატიური მოსაზრებებით. თქვენ კარგად იცით, რომ ეს არის ზუსტად ის ვითარება, ეთნიკური წმენდის ის კლასიკური სურათი, რომელიც ჰუმანიზმის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება."
XS
SM
MD
LG