Accessibility links

logo-print

პოლიტიკურ პროცესებში საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა მონაწილეობის პრობლემები


ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორისაა ეროვნულ უმცირესობათა კონვენციის რატიფიკაცია, რომელიც ჯერჯერობით შეუსრულებელია.

ასევე შეუსრულებელია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები სახელმწიფო მართვის პროცესებში ეროვნულ უმცირესობათა ჩართვის შესახებ. ამ საერთაშორისო ინსტიტუტებს იმედი აქვთ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ამ ხარვეზების გამოსწორებას დაუყოვნებლივ შეუდგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ არსებული ნდობის კრედიტი სულ მალე ამოიწურება.

ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპის მიხედვით, საქართველოში ეროვნულ უმცირესობებს მხოლოდ ისეთივე პრობლემები აწუხებთ, როგორიც ეროვნული უმრავლესობის წარმომადგენლებს:

[ბესიკ ლაგვილავას ხმა] "საქართველოში მძაფრი და მწვავე პრობლემები, დაკავშირებული სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა თანაცხოვრებასთან, ამ საზოგადოებაში არ არსებობს.."

ეს იყო საქართველოს პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბესიკ ლაგვილავა, რომლის პოზიციას ძალიან ბევრი სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის პარლამენტარიც იზიარებს. რეალობა კი საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ქართულენოვან აზერბაიჯანელთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ემილია ხალილოვამ რადიო "თავისუფლებისათვის" მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეროვნულ უმცირესობებს საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვა ძალიან უჭირთ:

[ემილია ხალილოვას ხმა] "თუ არ იცი ენა, თუ ცხოვრობ მხოლოდ აზერბაიჯანელების გარემოში - და ასეთი სოფლები საკმაოდ ბევრია - და თუ არა გაქვს, ყოველდღიური თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც კონტაქტი ქართველთან, თუ არა გაქვს საშუალება უყურო საქართველოს ტელევიზიას, არა გაქვს საშუალება წაიკითხო ქართული გაზეთი, სად უნდა ისწავლოს ამ ადამიანმა ეს ენა?"

ანალოგიური პრობლემები აწუხებთ საქართველოში მცხოვრებ სომხებს, ბერძნებს, ოსებს, რუსებს და ასე შემდეგ. არადა, ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ხელშეწყობა ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას ნაკისრი ერთ-ერთი პირობაა. თუმცა საქართველოს პარლამენტმა ბოლო სამი წლის მანძილზე ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიკაციისთვისაც კი ვერ მოიცალა, არათუ კონვენციის პრინციპების შესაბამისი კანონმდებლობის შესამუშავებლად. ამ მხრივ, თავი არც შიდაპოლიტიკური ინტრიგებით დაკავებულ ახალ ხელისუფლებას გამოუჩენია.

[დენის სამმუტის ხმა] "მას შემდეგ, რაც საქართველოში მთავრობა შეიცვალა, ჩევნ ოპტიმიზმი გაგვიჩნდა, მაგრამ ეს ოპტიმიზმი შეიძლება იოლად გაიფანტოს, თუ არ გამართლდება თქვენს მთავრობასთან დაკავშირებული მოლოდინი. ეს განსაკუთრებით შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვას, კანონის უზენაესობის პატივისცემას, განსაკუთრებით ამ ქვეყნისათვის დამახასიათებელი მრავალეროვნულობის პირობებში."

ეს იყო ბრიტანული ორგანიზაცია "ლინკსის" აღმასრულებელი დირექტორი დენის სამუტი. იგი 27 თებერვალს გამართულ კონფერენციაზე სხვა ექსპერტებთან და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებთან ერთად იმის გარკვევას ცდილობდა, ძირითად პოლიტიკურ პარტიათა წინასაარჩევნო პროგრამები ეხება თუ არა ეროვნულ უმცირესობათა პრობლემატიკას. გაირკვა, რომ ამ პრობლემატიკაზე სპეციალური პროგრამა არ გააჩნია კონფერენციაზე მიწვეული 7 პარტიიდან სამ ოპოზიციურ ორგანიზაციას. დანარჩენი ოთხი კი კონფერენციაზე საერთოდ არ გამოცხადდა, მათ შორის, მმართველი პოლიტიკური ძალაც.
XS
SM
MD
LG