Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი შეერთებულ შტატებში და ტრაგედია ბალკანეთში

- მაკედონიის პრეზიდენტის, ბორის ტრაიკოვსკის დაღუპვა 26 თებერვალს მომხდარ ავიაკატასტროფაში - ამ ორ საკითხს დაეთმობა უცხოეთის პრესის დღევანდელი მიმოხილვა.

როგორც გაზეთი "ვაშინგტონ ტაიმსი" აღნიშნავს, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადააყენა გასული წლის ბოლოს, აღფრთოვანებული გამოიყურებოდა თეთრი სახლის თაღებიან დარბაზში პრეზიდენტ ბუშთან შეხვედრის შემდეგ. გაზეთი წერს:

"საქართველოს ახალი მთავრობის თითქმის ყოველ წევრს შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული განათლება, ან კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები აქვს გავლილი; ამდენად, ეს ახალი გუნდი დასავლეთის და შეერთებული შტატების მოკავშირე ხდება თავისდა უნებლიედ. თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, მაგალითად, ქალაქ დალასში, სამხრეთის მეთოდისტური უნივერსიტეტის, აგრეთვე ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებული ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის კურსდამთავრებულია. სახელმწიფო დეპარტამენტმა საგანგებოდ აღნიშნა ის ფაქტი, რომ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები სავსებით სამართლიანი და თავისუფალი იყო, რაც სრულიად უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში განვლილი 12 წლის მანძილზე."

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოუთქვა მიხეილ სააკაშვილის სწრაფვას - დააჩქაროს საქართველოში დემოკრატიზააცის პროცესი, ააღორძინოს ეკონომიკა და აღმოფხვრას კორუფცია, - წერს გაზეთი "მოსკოუ ტაიმსი" და განაგრძობს:

"ჯორჯ ბუშმა ქებით მოიხსენია ეგრედ წოდებული "ვარდების რევოლუცია", რომელიც მშვიდობიანად მოხდა ყოველგვარი ძალადობის გარეშე, და ედუარდ შევარდნაძის გადადგომით დამთავრდა გასულ ნოემბერს. ამ რევოლუციას ჯორჯ ბუშმა უწოდა მისაბაძი მაგალითი ხალხისთვის მთელს მსოფლიოში; იმ ადამიანებისთვის, ვინც თავისუფლებაზე ოცნებობს და სურს, რომ პატიოსანი მთავრობა ჰყავდეს".

გაზეთი "თურქიშ დეილი ნიუსი" აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რომ რუსეთს დღემდე არ გაუტანია საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ორი სამხედრო ბაზა, რაც 1999 წელს ივალდებულა მოსკოვმა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ლიდერთა უმაღლესი დონის შეხვედრაზე სტამბოლში.

ფართოდ გამოეხმაურა დასავლეთის პრესა ხუთშაბათს დილით მომხდარ ტრაგედიას, როცა ბოსნიაში კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომელშიც მაკედონიის პრეზიდენტი ბორის ტრაიკოვსკი იმყოფებოდა. ტრაიკოვსკისთან ერთად თვითმფრინავში მყოფი რვავე ადამიანი გარდაიცვალა. როგორც გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" შენიშნავს, 26 თებერვალს მომხდარმა ტრაგედიამ "ავტორიტეტული და საზრიანი" ხმა გააჩუმა ბალკანეთის მშფოთვარე რეგიონში. გაზეთი წერს:

"ის, რომ ბოსნიის ომი მეზობელ მაკედონიას არ მოედო, ამაში უწინარესად ბორის ტრაიკოვსკის მიუძვის წვლილი. დაძაბულობა მაკედონიელ სლავებსა და ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ ალბანელებს შორის სამოქალაქო ომის ზღვარზე იყო მისული, მაგრამ ტრაიკოვსკიმ შესძლო სისხლისღვრის თავიდან აცილება. მისმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, და ეთნიკურ ალბანელთა 7-თვიანი აჯანყება მავკედონიაში, ზავით დამთავრდა. ნაცვლად იმისა, შური ეძია და რეპრესიები განეხორციელებინა ურჩი ალბანელების წინააღმდეგ, ტრაიკოვსკიმ სიმშვიდისაკენ მოუწოდა მეამბოხეებს და სამშვიდობო შეთანხმებაზეც დაიყოლია. ტრაიკოვსკის გარდაცვალებით, ბალკანეთის მშფოთვარე რეგიონმა დაკარგა ენერგიული პოლიტიკოსი, რომლის მთელი ძალისხმევა რეგიონში სტაბილური მშვიდობის დამყარებისკენ იყო მიმართული".

გაზეთი "მონდი" ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ 2001 წელს, როცა შეიარაღებული კონფლიქტი მაკედონიაში სამთავრობო ძალებსა და ალბანელ მეამბოხეებს შორის სამოქალაქო ომში უნდა გადაზრდილიყო, ბორის ტრაიკოვსკიმ შემწყნარებლობა გამოიჩინა ეთნიკური ალბანელების მიმართ, და ნატოსა და ევროკავშირის თანადგომით იმას მიაღწია, რომ დღეს მშვიდობიანად ცხოვრობენ მაკედონიაში სლავები, ალბანელები და ყველა სხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG