Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი სააკაშვილი თბილისში დაბრუნდა. ყოფილი პრეზიდენტის სიძე ციხეში რჩება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 28 თებერვალს, 16 საათზე, პრეზიდენტ სააკაშვილის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. მოლოდინის მიუხედავად, პრეზიდენტმა აეროპორტის შენობა კომენტარების გარეშე დატოვა.

აშშ-ში 5 დღიანი წარმატებული შეხვედრების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის საშინაო პრობლემების მოგვარება მოუწევს. პრობლემები კი საკმაოდ ბევრი დაგროვდა - იქნება ეს აჭარასთან ურთიერთობის გაუარესება თუ ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევების გახშირება.

აშშ-დან დაბრუნებულ მიხეილ სააკაშვილს უახლოეს დღეებში რამდენიმე გადაწყვეტილების მიღება ოპერატიულად მოუწევს. უპირველესად, მან უნდა გადაწყვიტოს, დანიშნოს თუ არა პარლამენტის საგანგებო სხდომა, რომელზეც განხილული იქნება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და საკონსტიტუციო ცვლილება. შეგახსენებთ: ევროსაბჭო გადაჭრით მოითხოვს 28 მარტის არჩევნებამდე როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლას, ისე საარჩევნო ბარიერის 7-იდან 5 ან 4 პროცენტამდე შემცირებას.
ერთ-ერთი პირობა, რომელიც განსაზღვრავს აშშ-ის მხრიდან საქართველოს დახმარების ზრდას, 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების ღიად და დემოკრატიულად ჩატარებაა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოუწევს, იმის მიუხედავად, რომ თავად სააკაშვილს საარჩევნო ბარიერის დაწევის იდეა დიდად არ მოსწონს.
კიდევ ერთი პირობა, რომელიც განმსაზღვრელი იქნება დასავლეთის მხრიდან საქართველოს ახალი ხელისუფლების მხარდაჭერისა, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვაა. ამ ფონზე, ფიჭური კავშირის კომპანია "მაგთიკომის" ერთ-ერთი მფლობელის, ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის სიძის გია ჯოხთაბერიძის საქმე თავისებურ ტესტად იქცევა, შეძლებს თუ არა ახალი ხელისუფლება სამართლიანობის შენარჩუნებას. 28 თებერვალს, მას შემდეგ, რაც საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა მთწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჯოხთაბერიძისთვის სამთვიანი წინასწარი პატიმრობის მისჯის შესახებ, გია ჯოხთაბერიძის მეუღლე მანანა შევარდნაძე აცხადებს, რომ მისი ქმარი პოლიტიკური პატიმარია:
[ მანანა შევარდნაძის ხმა] " მომიწევს იმის განცხადება, რომ გია არის პოლიტიკური პატიმარი."
საოლქო სასამართლოს აზრით, ვინაიდან გია ჯოხთაბერიძემ ერთხელ სცადა ქვეყნის დატოვება, არ არის გამორიცხული, იგივე განმეორდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედა ადვოკატის შუამდგომლობამ, გირაოს სახით 2 მილიონი ლარის გადახდის შესახებ. შეგახსენებთ: პროკურატურა ჯოხთაბერიძეს 740 ათასი ლარის ოდენობის გადასახადის დამალვაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე თვის წინ დაახლოებით იმავე თანხის დამალვაში ბრალდებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე მერაბ ჟორდანია სასამართლომ პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ, ჯოხთაბერიძის მსგავსად, მერაბ ჟორდანიაც თბილისის აეროპორტში, პარიზში გამგზავრებისას, დააკავეს.
XS
SM
MD
LG