Accessibility links

ეკონომიკური საქმიანობის ნაწილობრივმა ლეგალიზაციამ სტატისტიკური მაჩვენებლები გააუმჯობესა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირა საქართველოსთვის, საგარეო დახმარებების მხრივ, საკმაოდ უხვი გამოდგა. ამას, პირველ რიგში, სააკაშვილის ამერიკულმა ვიზიტმა შეუწყო ხელი.

ვიზიტის პირველსავე დღეებში ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ბანკი არ დაელოდება სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს თაობაზე და უკვე უახლოეს დღეებში განაახლებს თავისი პროგრამების დაფინანსებას. აქამდე მსოფლიო ბანკი, როგორც წესი, სავალუტო ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამის პარალელურად ახორციელებდა თავის საქმიანობას და ეს ტრადიცია მყარად იყო დაცული. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ჯეიმს ვულფენსონის ეს "ვადამდელი" გადაწყვეტილება სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტისთვისაც, რადგან ამ საფინანსო ინსტიტუტის პროგრამის აღდგენა, უკეთეს შემთხვევაში, წლის მეორე ნახევარში იყო ნავარაუდევი.

ვულფენსონის "საჩუქარს" აშშ-ის ადმინისტრაციის გულუხვი ჟესტიც მოჰყვა - ამერიკა საქართველოს ჰუმანიტარული პროგრამებისა და დემოკრატიის მშენებლობისთვის 116 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ვაშინგტონში ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ ხდება ცნობილი.

ექსპერტები აფიქსირებენ, რომ ასეთი ოდენობის დახმარება აშშ-ს ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთი ქვეყნისთვის არ გაუწევია. საქართველო აქამდეც ლიდერი ქვეყანა იყო, ერთ სულ მოსახლეზე ამერიკული დახმარების ოდენობით, ხოლო ამჟამინდელმა "მონაგარმა" ეს პოზიცია კიდევ უფრო გაამყარა. ის, რომ დასავლეთი უპრეცედენტო გულუხვობას იჩენს ჩვენი ქვეყნის მიმართ, ბუნებრივია, არ შეიძლება არ გვახარებდეს, თუმცა ორმაგად სასიხარულო იქნება, თუ ეს დახმარებები რაციონალურად იქნება გამოყენებული ქვენის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად და მომავალში ჩვენ დახმარების მიმღები ქვეყნის რეპუტაციას პირიქით შევცვლით. თუმცა ეს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა და ის გრანტები თუ კრედიტები, რასაც დონორები იმეტებენ, მართლაც, მნიშვნელოვანი შეღავათია საქართველოსათვის, რომელსაც საკუთარი რესურსების ქრონიკული დეფიციტი აქვს.

იმისათვის, რომ ქვეყანა საგარეო დახმარებებზე არ იყოს მუდამ დამოკიდებული და შიდა რესურსებით შეძლოს თავისი სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულება, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორი ეკონომიკური პროგრამის შემუშავებას და პრიორიტეტების გამოყოფას. ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტროს დატვირთვას ზრდის. სხვათა შორის, ამ უწყების ფასადს გრძელი დასახელება მოშორდა და ამიერიდან, კანონის თანახმად, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უფლებამონაცვლე, უბრალოდ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო იქნება. ირაკლი რეხვიაშვილის უწყებამ სახელი კი "დაიმოკლა", მაგრამ კომპეტენცია გაიფართოვა. ეკონომიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცა სტატისტიკის, ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტები.

გასულ კვირას ირაკლი რეხვიაშვილმა მისდამი მინდობილ სამინისტროს სამოქმედო გეგმა გააცნო - ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობა 5 ძირითადი მიმართულებით წარიმართება.

რეხვიაშვილის თქმით, პირველ რიგში, ყურადღება დაეთმობა ეკონომიკურ განვითარებას, დაგეგმვასა და ეკონომიკურ ანალიზს, ქონების მართვას და პრივატიზებას, ვაჭრობას, საინვესტიციო და საინოვაციო პოლიტიკას, რეგიონალურ ეკონომიკურ განვითარებასა და პოსტკონფლიქტური ზონების ეკონომიკურ რეაბილიტაციას.

"სამინისტრო იქნება ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი, შემქმნელი და განმახორციელებელი უწყება, სადაც, შესაბამისად, გატარდება სტრუქტურული და სხვა სახის რეფორმები, გაიზრდება ეკონომიკური საკითხების ანალიზის შესაძლებლობა", - აცხადებს მინისტრი. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ამ ფუნქციებით ფორმალურად ეს სამინისტრო აქამდეც იყო აღჭურვილი.

სამინისტროში დაგეგმილია ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს ჩამოყალიბება, რომლის მიზანიც იქნება ინვესტიციებისათვის ხელის შეწყობა, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაძლერება და ექსპორტზე ორიენტირებული ქართული პროდუქციის პოპულარიზება-ლობირება.

ირაკლი რეხვიაშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა მიმდინარე წელს ეკონომიკის სფეროში საკმაოდ წარმატებული განვითარება გამოიწვია.კერძოდ, იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, წარმოების მოცულობა გაიზარდა 17,3 %-ით, სავაჭრო ქსელის საქონელბრუნვა 18,3%-ით, ფარმაცევტული და სამედიცინო საქონლის რეალიზაცია - 40%-ით, რესტორნების შემოსავლები - 37%-ით, ხოლო სასტუმროებისა - 80%-ით.

თუმცა ეს ციფრები რეალურ ეკონომიკურ აქტივობაზე მეტად ეკონომიკური ქმედებების ლეგალიზაციით არის განპირობებული, ანუ მეწარმეებმა გადასახადის გადახდა დაიწყეს და ნელ-ნელა "ჩრდილიდან" გამოდიან. ეს პროცესი ადეკვატურად უნდა აისახოს სახელმწიფო ბიუჯეტზეც, რომელიც აქამდე, ძირითადად, ქაღალდზე თუ სრულდებოდა და რეალური ფული ხაზინაში, როგორც წესი, არ იყო. თუმცა საგადასახადო ადმინისტრირებაში გამოკვეთილი პოზიტიური სიმპტომები მეტ-ნაკლებად მაინც შორს არის რეალური მდგომარეობისგან და საქართველო, მთლიან შიდა პროდუქტში გადასახადების წილით, ჯერ კიდევ აუტსაიდერ ქვეყნად რჩება.
XS
SM
MD
LG