Accessibility links

"სააკაშვილმა ამერიკიდან საქართველოს ფული და რეკომენდაციები ჩამოუტანა," "სამაგალითო რევოლუცია ამერიკის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი "სააკაშვილმა ამერიკიდან საქართველოს ფული და რეკომენდაციები ჩამოუტანა," "სამაგალითო რევოლუცია ამერიკის პრეზიდენტისთვის", "ამერიკა ახალგაზრდა იურისტის სწრაფვას მიესალმება"

- ასეთი სათაურებით გამოეხმაურა გასული კვირის ქართული პრესა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირველ სამუშაო ვიზიტს აშშ-ში. ქართველ ჟურნალისტთა აღიარებით, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი, უდავოდ, წარმატებული იყო, რაზეც მეტყველებს ვაშინგტონის მზადყოფნა, გაზარდოს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების პროგრამა, და ჯორჯ ბუშის დაპირება, მონაწილეობა მიიღოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარების პროცესში. 27-29 თებერვლის გაზეთ "ახალი ვერსიის" აზრით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ამერიკის პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კვლევითი ცენტრის "ჰეთირიჯ ფაუნდეიშენ"-ის მიერ მომზადებული რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებისთვის. კერძოდ:



როგორც ცენტრის რეკომენდაციებშია აღნიშნული, ბუშის ადმინისტრაციას ბევრი ამოცანა აქვს საქართველოში, რომელიც სამხრეთ კავკასიის საკვანძო ადგილია. რეკომენდაციების კონკრეტული ნუსხა კი ასე გამოიყურება: 2004 წლის გაზაფხულზე თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება; კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან კანონიერ ფორმატში ბრძოლა; ადამიანის უფლებების დაცვა; აღდგენა იმ სამთავრობო და სახელმწიფო სამსახურებისა, რომელიც შევარდნაძის მმართველობისას დაიშალა ან ცუდად ფუნქციონირებდა; მთავრობაში პატიოსანი, კომპეტენტური და განათლებული ადამიანების მოზიდვა; პენსიებისა და სხვა სოციალურ დახმარებათა თანხების დროულად გადახდა, ეკონომიკური ზრდის და უცხოური ინვესტიციებისთვის კლიმატის უზრუნველყოფა; რუსეთთან ურთიერთობის წარმართვა; ტერიტორიული რეინტეგრაციის მცდელობა.
ცენტრი აქვე მიუთითებს: "ბუშის ადმინისტრაცია დაინტერესებულია თბილისის ადმინისტრაციის წარმატებაში. ამ უკანასკნელის წარუმატებლობის შემთხვევაში, საქართველოში ანარქია დაისადგურებს და განხორციელდება შეიარაღებული კონფლიქტები, რომელმაც 1990-იან წლებში რესპუბლიკა გააჩანაგა. ასეთი სცენარი კატასტროფა იქნებოდა სამხრეთ კავკასიის და ევრაზიისთვის ამ რეგიონის უსაფრთხოების კუთხით."



სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი ვაშინგტონში იყო, საკმაოდ დრამატულად წარიმართა მოვლენები თბილისში.
27 თებერვლის "დილის გაზეთის" შენიშვნით, მართლდება არაერთგზის გამოთქმული ვარაუდი, რომ რევოლუციური სამეული ერთმანეთს დაუპირისპირდებოდა. ფარულმა დაპირისპირებამ და ინტრიგებმა თავი უკვე იჩინა - სამეულის სუსტი სქესის წარმომადგენელი ნინო ბურჯანაძე პირველია, ვინც ლიდერთა შორის დადებული შეთანხმების დარღვევასა და კულუარულ შანტაჟზე ალაპარაკდა.
27 თებერვლის გაზეთ "24 საათის" ცნობით, საარჩევნო სიებზე მუშაობამ დაადასტურა, რომ სამეულში სერიოზული დაპირისპირება არსებობს. გაზეთი წერს:




" კონსულტაციები იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ ის ადამიანებიც კი, რომელთაც ხელისუფლების გაერთიანებულ სიაში მოხვედრის გარანტია ჰქონდათ, აქეთ ეკითხებოდნენ ჟურნალისტებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს, იყვნენ თუ არა პარტიულ სიაში.
ასე რომ, სრული კონფიდენციალურობის პირობებში, მედიას მხოლოდ კულუარული ინფორმაციებით უხდებოდა გარკვეული დასკვნების და ანალიზის გაკეთება. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვერსიის თანახმად, ჯერ კიდევ გუშინ არსებობდა მეორე, ე.წ. სათადარიგო, პარტიული სია, რომელიც მთლიანად "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო დაკომპლექტებული. ეს სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მაშინ შევიდოდა, თუკი ჟვანია და ბურჯანაძე საერთო ენას ვერ გამონახავდნენ.
მაგრამ ეს "საერთო ენა" მაინც გამოიძებნა. სხვა საქმეა, რამდენად კმაყოფილი დარჩა ამით პარლამენტის თავმჯდომარე. მისი გუშინდელი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, იგი საკმაოდ გაღიზიანებულია, რადგან კვოტები მის სასარგებლოდ არ განაწილებულა."




როგორც 27 თებერვლის გაზეთი "რეზონანსი" წერს, არაფორმალურ საუბრებში გაერთიანებული დემოკრატების ერთი ნაწილი აღიარებს, რომ ნინო ბურჯანაძეს უსამართლოდ მოექცნენ. მეტიც, ბოლო დროს კეთდება აქცენტები, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ სხვა კანდიდატურა ჰყავს. თავად ნინო ბურჯანაძის განცხადებით:



" შთაბეჭდილება მრჩება, ცდილობენ, ისეთ მდგომარეობაში ჩამაყენონ, გამოვაცხადო, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობა აღარ მინდა, რადგან ჩემს აზრს ანგარიშს არ უწევენ. ჯერ კიდევ ვფიქრობ, რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღო. ამის გაკეთება გაუჭირდებათ. იმიტომ, რომ მე ძალიან კარგად მესმის, ჩემზე რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა დაკისრებული. ჩემი ნერვების გამოცდას თუ ვინმე აპირებს, ჯობს, არ გამოცადოს", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
კულუარებში უკვე აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ არც სააკაშვილს და არც ჟვანიას არ სურთ ნინო ბურჯანაძის, როგორც პოლიტიკური ლიდერის, გაძლიერება და ამის გამო ცდილობენ, მის სიაში საკუთარი ერთგული ადამიანები ჩასვან. თუმცა იქნებ სწორედ ამან უბიძგოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მომავალში პოზიციების გამყარებასა და ჟვანიასთან დისტანცირებაზე იფიქროს."



28 მარტის მოახლოებასთან ერთად, აქტუალურობას იძენს საპარლამენტო არჩევნების თემა. გასულ კვირას ქართული პრესა დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტს. 28 თებერვლის "მთავარი გაზეთის" ცნობით, წინასაარჩევნო მონიტორინგის კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილე თბილისში იმის გასარკვევად ჩამოვიდნენ, თუ რატომ არ შეასრულა მთავრობამ ევროსაბჭოს რეკომენდაციები. გაზეთი წერს:



ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ სასტუმრო "მარიოტში" გამართულ ბრიფინგზე იორშმა განაცხადა, რომ არის საშიშროება, საქართველომ მიიღოს ერთპარტიული პარლამენტი. ამიტომ იგი იტოვებს იმედს, რომ ამ საკითხის გადასაჭრელად პარლამენტის საგანგებო სესიის მოწვევაც რომ გახდეს საჭირო, საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი ამას გააკეთებს.
"ჩვენ არ გვაქვს გამარჯვების პრობლემა და დაინტერესებული ვართ, ოპოზიცია იყოს პარლამენტში," - განაცხადა ზურაბ ჟვანიამ მათიას იორშთან შეხვედრის შემდეგ. ამაში, სახელისუფლებო პარტიასთან ერთად, საზოგადოებაც დარწმუნებულია და სწორედ ამიტომ იწვევს გაუგებრობას, რატომ ამბობს უარს ხელისუფლება საარჩევნო ბარიერის დაწევაზე და რატომ არ თმობს უმრავლესობას ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ქვედა დონის კომისიებში. თუკი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპოზიცია ბარიერს, თუნდაც 5 პროცენტიანს, ვერ გადალახავს და დარწმუნებულია, რომ ნაციონალ-დემოკრატთა ერთობა საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, მაშინ რაღა ქმნის პრობლემას, უკვირთ ევროსაბჭოს წარმომადგენლებს. ეტყობა, ასეთია ქართული დემოკრატიის თავისებურებები, - აცხადებს ოპოზიცია, რომელიც მათიას იორშთან შეხვედრაზე არ მალავდა თავის პესიმიზმს მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG