Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს ასლან აბაშიძისადმი ლოიალურად და შეურიგებლად განწყობილი ქართველი ახალგაზრდები?


დავით პაიჭაძე, თბილისი დღევანდელ ახალგაზრდულ პროგრამაში მოგითხრობთ,

თუ რა ემოციებით დაუბრუნდნენ მშობლიურ ქალაქს ბათუმელი ახალგაზრდები, რომლებიც თბილისში ამას წინათ დააპატიმრეს. შევეხებით დედაქალაქში მათი დაპატიმრებისა და აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების მიუხედავად, ბათუმში გაშვების მიზეზებს. ვიმსჯელებთ, როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს ასლან აბაშიძისადმი ლოიალურად და შეურიგებლად განწყობილი ქართველი ახალგაზრდები. შემდეგ კი ქართველი სტუდენტების ერთ ანტიკორუფციულ ინიციატივაზე გიამბობთ.

ამ რამდენიმე დღის წინ თბილისს ბათუმელი ახალგაზრდები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები ეწვივნენ. აქ ისინი შეხვდნენ თანატოლებს - სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. მისია იყო მშვიდობიანი და ცენტრსა და აჭარას შორის არსებულ მოუგვარებელ პრობლემებთან დაკავშირებით თბილისელ და ბათუმელ ახალგაზრდებს შორის დიალოგის გამართვას ისახავდა მიზნად. ბათუმელი ახალგაზრდების ჯგუფის წევრები მიიჩნევდნენ და მიიჩნევენ, რომ აქ ცალმხრივად შუქდება აჭარაში მიმდინარე პროცესები. მათ სურთ ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრა და აფიქრებთ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოსდა, ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში სპეცდანიშნულების რაზმისა და მძიმე ტექნიკის შეყვანას გეგმავს. ბათუმელმა ახალგაზრდებმა თბილისში ჩამოსვლით გადაწყვიტეს საკუთარი ხმა მიეწვდინათ აქაურებისთვის. საუბარია აჭარის ხელისუფლების მიმართ ლოიალურად და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ახალგაზრდათა ჯგუფზე, რომლის წევრებსაც თბილისში გადახდენილმა ამბებმა დედაქალაქში სამომავლო სტუმრობის სურვილი დააკარგვინა.

ჯგუფის 2 წევრი, ლაშა ჩახვაძე და მერაბ მიქელაძე, თბილისელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის მიზეზად იარაღის უკანონო ტარება დასახელდა, თუმცა ლაშას და მერაბის მეგობრები ირწმუნებიან, რომ დაკავება უკანონო გზით - იარაღის ჩადებით -მოხდა. ცნობილია, რომ ახალგაზრდების დაკავებამდე გენერალურ პროკურატურას მათმა თანატოლებმა, მოძრაობა "კმარას" აქტივისტებმა, მიაკითხეს და იქ მიიტანეს ინფორმაცია კმარელების დამარბეველი ბათუმელი სტუდენტების თბილისში ყოფნის თაობაზე. ამის შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა:

[სულხან ხაბაძის ხმა] "ჩვენ გვითვალთვალებდნენ, დაგვდევდნენ, ჩვენს ტელეფონებს ისმენდნენ. ის პროცედურები, რაც ჩვენი მეგობრების მიმართ გამოიყენეს სამართალდამცველებმა, იყო აბსოლუტურად უკანონო. ჩვენი მოწმეები არ დაიკითხნენ, მოიყვანეს ცრუმოწმეები. ჩვენ განვიცდიდით დევნას, გვეძინა ტელევიზიაში, ვერ ვმოძრაობდით ადვოკატების და ტელეკამერების გარეშე, იმიტომ რომ გვეშინოდა, ჩვენც არ დავეკავებინეთ. "

ეს იყო ბათუმელი ახალგაზრდა სულხან ხაბაძე. მისი ნათქვამი თუ სიმართლეს შეეფერება, გამოდის, ბათუმელებს თბილისში ისეთი პრობლემები შეხვედრიათ, როგორიც აქამდე უფრო აჭარაში შეიმჩნეოდა. სულხან ხაბაძე წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთიან საქართველოს". მას ჩვენ დავუკავშირდით ბათუმში, სადაც ის და მისი მეგობრები - მათ შორის, ლაშა ჩახვაძე და მერაბ მიქელაძე - პარასკევს გვიან ღამით, ახლა უკვე თბილისის აეროპორტში გადახდენილი მორიგი უსიამოვო ამბით შეშფოთებულები, დაბრუნდნენ. ლაშა ჩახვაძე და მერაბ მიქელაძე ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ თბილისიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლა. მოგვიანებით გამომძიებელმა მათ ბათუმში გამგზავრების ნებართვა მისცა იმ პირობით, რომ დაკითხვისთვის გამოძახებისთანავე უკან დაბრუნდებოდნენ. ბათუმში გასაფრენად თბილისის აეროპორტში მისულ ახალგაზრდებს უშიშროების სამსახურის თანამშრომლების სოლიდურმა წარმომადგენლობამ მიაკითხა. ჩახვაძე და მიქელაძე ისევ დააკავეს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. კარგი იყო ეს თუ ცუდი, ამაზე მოძრაობა "კმარაში" საკუთარი წარმოდგენა აქვთ.

[თეა თუთბერიძის ხმა] "ეს არის ძალიან ცუდი. თუ ეს მისი ჩარევით მოხდა, ამას მოჰყვება ძალიან ცუდი რეაქცია ჩვენი მხრიდან. მაშინ მე ჩავთვლი, რომ ჩვენ ბევრი არაფერი შეგვიცვლია ამ ქვეყანაში. "

"კმარას" აქტივისტი თეა თუთბერიძე, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოითხოვა თბილისში ჩამოსული ბათუმელი სტუდენტების დაკავება, იმ გამომძიებლის დასჯას ითხოვს, რომელმაც ჩახვაძეს და მიქელაძეს ბათუმში წასვლის ნება დართო. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული ბათუმელი ახალგაზრდები ბათუმში დაკავებულ კმარელებში გაიცვალნენ, რომ ახალგაზრდების გაცვლის პირობა ასლან აბაშიძეს პირადად ზურაბ ჟვანიამ შესთავაზა. ეს ინფორმაცია დაადასტურა ასლან აბაშიძემ. ბათუმში ჩასულმა სულხან ხაბაძემ კი შაბათს ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მის მეგობრებს, ჩახვაძეს და მიქელაძეს, სასწრაფოდ თბილისში დაბრუნება მოსთხოვეს:

[სულხან ხაბაძის ხმა] "ეს ბიჭები რამდენიმე დღით გაუშვეს, მაგრამ დღესვე დაურეკა მათ გამომძიებელმა და თბილისში ჩასვლა მოსთხოვა. თქვა, რომ მასზე არის ზეწოლა. დაემორჩილებიან თუ არა გამომძიებლის მოთხოვნას, არ ვიცი; მე პირადად კი დედაქალაქში ჩასვლის სურვილი აღარ მაქვს, იმიტომ რომ 5 დღის მანძილზე განვიცდიდი დევნას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე არ ჰქონდათ ინფორმაცია. ჩვენ გვითვალთვალებდნენ, გვდევნიდნენ. ჩვენ მართლაც გადავიტვირთეთ ემოციურად ამ დღეების განმავლობაში. "

რა იქნება შემდგომ? რას ნიშნავს თბილისს და ბათუმს შორის დაკავებული ახალგაზრდების გაცვლა, თუ ეს მართლაც მოხდა ? ან რას მოასწავებს ცენტრალურ და რეგიონის ხელმძღვანელობებს შორის დავაში ახალგაზრდების ჩართვა და მათ შორის დაპირისპირების გამძაფრებისთვის ხელშეწყობა? ამ შეკითხვების არსებობა, ალბათ, სერიოზულ ანალიზს საჭიროებს. კმარელი ახალგაზრდებისგან განსხვავებით, უფროსი თაობის სხვადასხვა წარმომადგენლები კმაყოფილნი არიან ბათუმელი სტუდენტების გათავისუფლებაში ზურაბ ჟვანიას როლით. ამით კმაყოფილია ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიაც:

[გოგი ხოშტარიას ხმა] "ეს არის ძალიან რთული კომპლექსი საკითხებისა აჭარასთან ურთიერთობაში: პოლიტიკური საკითხი, სამართლებრივი საკითხი, მორალური საკითხი, ახალგაზრდების საკითხი. რაც აჭარაში ხდება, ამ დაპატიმრებას არ ამართლებს, თუმცა რაც აჭარაში ხდება, ისიც უნდა აღინიშნოს, უნდა აღინიშნოს როგორ ირღვევა იქ ადამიანის უფლებები. ამ მხრივ, იქ ხომ გაცილებით უარესი მდგომარეობაა. მე კმაყოფილი ვარ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელების დონეზე ამ ახალგაზრდების პრობლემა მოიხსნა.

[მუსიკა]

განვაგრძობთ "ახალგაზრდულ პროგრამას". ახლა სტუდენტთა ერთ ანტიკორუფციულ ინიციატივაზე მოგითხრობთ.

[მუსიკა]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ახალი ინიციატივით გამოდის. უნივერსიტეტში ყალიბდება სტუდენტთა ანტიკორუფციული ჯგუფი. მისი წევრები აცხადებენ, რომ კარგად ხედავენ, რა პირობებში უწევთ სწავლა და შეეცდებიან, გაერკვნენ, სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად რა თანხა იხარჯება ტექნიკურ უნივერსიტეტში. ანტიკორუფციული ჯგუფის სახელით სატრანსპორტო ფაკულტეტის მაგისტრი ლევან კიკვაძე გველაპარაკა:

[კიკვაძის ხმა] "ჩვენი დიდი სურვილია, ვითანამშრომლოთ რექტორატთან და, საერთოდ, ყველა იმ ადამიანთან, ვინც ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს. ჩვენ გახსნილი ვართ იდეებისათვის და ჩვენი მხრივაც შევთავაზებთ რექტორატს იდეებს პრობლემათა მოსაგვარებლად. ჯგუფი, ძირითადად, ანტიკორუფციულ სფეროში იმუშავებს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, დავაკვირდეთ სტუ-ში მიმდინარე ფინანსურ, საბუღალტრო, სასწავლო-სამეცნიერო პროცესებს. ინიციატივა გულისხმობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასაც და რექტორატს შევთავაზებთ იდეებს ამასთან დაკავშირებით."

სტუდენტებს სურთ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გამოსთხოვონ საბუთები, რომელთა შესწავლით დაადგენენ, მიზნობრივად ხარჯავენ თუ არა ფულს ფაკულტეტებზე. დღეს ისეთი სურათია, რომ ფული აუდიტორიების კეთილმოსაწყობადაც არ რჩებათ, მითხრა ლევან კიკვაძემ, არადა, ფასიან განყოფილებებზე თითოეული სტუდენტი წლიურად 300-დან 600 დოლარამდე იხდის.

კავშირგაბმულობის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი საური მისაღები გამოცდების არსებულ სისტემას აკრიტიკებს:

[საურის ხმა] "მისაღები გამოცდები შეიძლება ჩატარდეს ტესტირების სახით. ის უნდა იყოს გამჭვირვალე. ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს დასწრების საშუალება. ჩვენ ვიცით, რომ ტელევიზიებს აქვთ უფლება, გააშუქონ გამოცდები, მაგრამ ამ უფლებას მაინცდამაინც არ იყენებენ."

გამოცდების გამჭვირვალობის გარდა, სტუდენტები, ცოდნასა და ზოგად განათლებასთან ერთად, უნარ-ჩვევების შემოწმებასაც ითხოვენ. შესაძლოა, ამ საკითხზე დისკუსიები მალე დაიწყოს ქართულ სინამდვილეში: წელს მისაღებ გამოცდებს არაფერი დაემუქრება, მაგრამ მომავალი წლიდან, თუ განათლების სისტემაში რეფორმა დაიძრა, მისაღებ გამოცდებს საერთო გამოცდები შეცვლის.

მაგრამ დავუბრუნდეთ სტუდენტთა ანტიკორუფციულ ჯგუფს. ხარჯთაღრიცხვის, ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმებას, დროის გარდა, ალბათ, საგანგებო ცოდნაც სჭირდება. ლევან კიკვაძე ირწმუნება, რომ ასეთი ცოდნა ჯგუფში აკუმულირებულია: მისი წევრები არიან არა მხოლოდ მომავალი ინჟინრები, არამედ ეკონომისტები და იურისტებიც.

და მაინც, საინტერესოა, რამ გაუჩინა სტუდენტებს კორუფციის საწინააღმდეგო მოქმედებათა სურვილი? რა საფუძველი აქვს მათ კრიტიკას? მე ვთხოვე ლევან კიკვაძეს, ჩამოეთვალა პიროვნებები, რომელთა მიმართ კორუფციული ეჭვი არსებობს, ფაკულტეტები, სადაც, სტუდენტების აზრით, ფეხმოკიდებულია კორუფცია, აგრეთვე კორუფციულ ურთიერთობათა ძირითადი ფორმები. პასუხად კი აი, რა მივიღე:

[კიკვაძის ხმა] "კონკრეტული სახელებისა და ფორმების ჩამოთვლა გამართლებული ვერ იქნება, რადგან დოკუმენტაცია არ გვაქვს, რომლის საფუძველზეც ვილაპარაკებდით. ჩვენი პირველი ნაბიჯი სწორედ დოკუმენტაციის მოთხოვნაა, რომლის გაცნობის შემდეგ დავადგენთ ხარჯების მიზანშეწონილობას და, შესაძლოა, კორუმპირებულ ლექტორებსაც."

მოკლედ, განწყობა ასეთია: რექტორატი უმაღლესი ინსტანციაა, რომელიც კეთილ ნებას გამოიჩენს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში კორუფციის გამოვლენით დაინტერესებულ სტუდენტებთან ითანამშრომლებს. თუმცა არ არის არავითარი გარანტია, რომ რექტორატი სტუდენტების კანონიერ მოთხოვნას სრულად უპასუხებს და ყველა ფინანსურ საბუთს დაულაგებს. სტუდენტები ამბობენ, ინფორმაცია რომც დაგვიმალონ, ჩვენ იოლად მივხვდებითო. ლევან კიკვაძესთან საუბრისას დავუშვი, რომ სტუდენტებს, რექტორატთან თანამშრომლობის ნაცვლად, შეიძლება, მასთან დაპირისპირება მოუწიოთ.

[კიკვაძის ხმა] "კი, შეიძლება მოგვიწიოს, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ არ მოგვიწიოს და იყოს თანამშრომლობა. თუ მაინც მოგვიწია, ყველაფრისთვის მზად ვართ."

ანტიკორუფციული ჯგუფის წარდგენისას სტუდენტებმა რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ საეჭვო ფაქტებისა და დოკუმენტების გამოვლენისას რექტორს მიმართავენ საქმის გამოსასწორებლად. იოლი წარმოსადგენია, თუ მხოლოდ უნივერსიტეტის შიგნით იტრიალებს ინფორმაცია შესაძლო კორუფციის შესახებ, რა ეფექტი მოჰყვება მასთან ბრძოლას - ალბათ, ნულოვანზე ოდნავ მეტი. კორუფციის სამხილებლად არსებობს სხვა ფორმებიც: ფაქტების გახმაურება მასმედიის საშუალებით, ჩივილი სასამართლოში, ინფორმაციის მიწოდება საგამოძიებო ორგანოებისათვის. მე ვკითხე ლევან კიკვაძეს, რამდენად აპირებენ ამ და სხვა ფორმათა გამოყენებას მიზნების მისაღწევად.

[კიკვაძის ხმა] "ჩვენ ამაზეც გვიფიქრია. როცა ვამბობთ, რომ დარღვევის შემთხვევაში მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, ეს ნიშნავს, რომ მივმართავთ ყველანაირ ფორმას. გადავწყვეტთ, როგორც საჭირო იქნება."

შესაძლოა, ვცდებით და, სასურველია, ვცდებოდეთ, მაგრამ სტუდენტთა ანტიკორუფციული ჯგუფის მომავალი საქმიანობა ძალიან შედეგიანად არ გვესახება, თუ, რა თქმა უნდა, ისინი მოისურვებენ, გასცდნენ აუდიტორიათა კეთილმოწყობის კეთილშობილურ მიზანს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG