Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა


გასულ კვირაში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში

წარმოთქმულ სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ "ქართველები ევროპისა და ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ"... მნიშვნელოვანია, რომ "ევროპულ ოჯახზე" საუბარი პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს გააგრძელა, უფრო მეტიც, თავის გამოსვლაში აღნიშნა: "მათ, ვისაც ჰგონია, რომ რევოლუციას მალულად განსაკუთრებული ამერიკული ინტერესები მართავდა, მსურს ვუთხრა, რომ მათ ქართული კულტურა და ღირებულებები არ ესმით"... პრეზიდენტს ამჯერადაც არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ შეჰყავს ქართველები "ევროპულ ოჯახში" და რას ნიშნავს "ქართული ღირებულებები", მთავარი აქ, ალბათ, ის იყო, რომ აქცენტი კულტურაზე გაკეთდა - საქართველოს ახალი ხელისუფლება ქართულ კულტურას "ევროპულის" ნაწილად აღიქვამს, მაშინ, როდესაც ევროპელი კულტუროლოგები და სოციოლოგები სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ ცნება "ევროპული კულტურა", ისევე როგორც "დასავლური" თუ "აღმოსავლური კულტურები" გლობალიზაციის ეპოქაში აზრს კარგავს; საკმარისია დღეს "დასავლური" თუ "აღმოსავლური" ფასეულობების დახასიათება მოვინდომოთ, უმალვე ჩიხში აღმოვჩნდებით - გაირკვევა, რომ დასავლური ფასეულობები, განსხვავებული ფორმით, არც აღმოსავლეთისთვის იყო უცხო და, პირიქით... უბრალოდ, კაცობრიობა ამ ინფორმაციას არ ფლობდა, ან იცოდა, მაგრამ "არ ახმაურებდა" -"კულტურული სქემები" კაცობრიობას კომფორტს უქმნიდა.

დღევანდელი საქართველო მსოფლიო კულტურაში მიმდინარე პროცესებს არ ჩამორჩენია. მიუხედავად იმისა, რომ სქემას "ჩვენ უძველესი ევროპელები ვართ" ქვეყნის ხელისუფლება აქტიურად ამკვიდრებს, თანამედროვე ქართული კულტურა კვლავაც ცდილობს გაემიჯნოს სქემებსა და ფორმულებს. ამ თვალსაზრისით, კვლავაც აქტიურობენ აღმოსავლეთმცოდნეები, იმ სკოლის წარმომადგენლები, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში მოახერხა კომუნისტური იდეოლოგიის მარწუხებისგან განთავისუფლება.

გამომცემლობა "დიოგენემ", რომელსაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების იდეოლოგებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნეს სექსუალური აღზრდის სახელმძღვანელოს გამოცემის გამო, მკითხველს სთავაზობს ქართულ თარგმანს ჯიბრან ხალილ ჯიბრანის წიგნისა "იესო ძე კაცისა". გიორგი ლობჟანიძის მიერ, არაბულიდან თარგმნილი ეგრეთ წოდებული "პოეტური რომანის" პრეზენტაცია ამ ცოტა ხნის წინ შედგა "კავკასიურ სახლში". აქ შეკრებილ საზოგადოებაშიც კი ბევრი იყო ისეთი, ვისაც ჯიბრანი
მუსულმანი, უფრო მეტიც, სუფისტი ეგონა. თუმცა გიორგი ლობჟანიძემ გაგვახსენა, რომ ლიბანელი მწერალი მარონიტი ქრისტიანის ოჯახში დაიბადა:

[გიორგი ლობჟანიძის ხმა] "ჯიბრანი, მოგეხსენებათ, იყო ორენოვანი არაბი მწერალი, რომელიც ერთნაირი წარმატებით წერდა როგორც ინგლისურ, ასევე არაბულ ენებზე... ამ ემიგრანტი მწერლების წარმომადგენელი იყო იგი."

დღეს ქრისტიანი არაბების უმრავლესობა სწორედ მარონიტების, ე.ი. მეხუთე საუკუნეში დაარსებული ერთ-ერთი კათოლიკური განშტოების, მიმდევარია. ჯიბრან ხალილ ჯიბრანი სახარების სიუჟეტებს დაესესხა, თუმცა იგი არ იყო "ეკლესიური ადამიანი" და კატეგორიულად უარყოფდა რწმენის შეზღუდვას რომელიმე კონფესიის ფარგლებში. ასეთია 1923 წელს გამოქვეყნებული მისი ერთ-ერთი პირველი ნაწარმოების, "მოციქულის", გმირი - მას სწამს, მაგრამ არც ეჭვია მისთვის უცხო. სწორედ "მოციქულმა" შეუწყო ხელი ბოსტონელი არაბის, ჯიბრანის, პოპულარობას ამერიკაში. ხოლო 1928 წელს გამოქვეყნებულმა წიგნმა "იესო ძე კაცისა", რომელიც ჯიბრანმა ინგლისურად დაწერა, მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. გიორგი ლობჟანიძეს, ახალგაზრდა მწერალს, რომელიც "ყურანის" ქართულ თარგმანზე მუშაობს, ჯიბრანის წიგნი შემთხვევით ჩაუვარდა ხელში:

[გიორგი ლობჟანიძის ხმა] "2001 წელს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ყოფნისას, ხელთ ჩამივარდა ამ წიგნის არაბული თარგმანი... წავიკითხე და მაშინვე შევუდექი თარგმნას, თუმცა როცა დავასრულე წიგნი, აღმოვაჩინე მეორე თარგმანი... შედარებების შედეგად აღმოჩნდა გარკვეული უზუსტობები და რადგანაც ბევრი რამ იყო კითხვის ნიშნის ქვეშ, მოვიძიეთ ინგლისური დედანი და ასე გავასწორეთ. ასე რომ, ეს სამუშაო დიდხანს გაგრძელდა... ასეთი მცირე მოცულობის წიგნის თარგმნა სამი წელი გაგრძელდა."

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ დღესდღეობით მზადაა ჯიბრანის ტექსტის ინგლისური ვარიანტი, რომელიც მანანა გიგინეიშვილმა თარგმნა. გამომცემლობა "დიოგენეს" ხელმძღვანელმა თამარ ლებანიძემ აღნიშნა, რომ "დიოგენეს" სურდა ეს ორი ვარიანტი ერთად გამოეცა, მაგრამ კოლეგებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა:

[თამარ ლებანიძის ხმა] "ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი აქტი ორი გამომცემლობის თანამშრომლობისა, კრიტიკული "ტალღის სტიმულირებისა", მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი ერთობლივი პრეზენტაცია არ შედგა."

ასეა თუ ისე, თავად ფაქტი - საქართველოში თითქმის ერთდროულად დასრულდა ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი მწერლის ერთი და იმავე წიგნის თარგმანი - მრავლისმეტყველია და უბრალო დამთხვევას არ უნდა ჰგავდეს. როგორც ჩანს, ქართულ საზოგადოებაში დიდია "მულტიკულტურულ სივრცეში" შექმნილი ლიტერატურის მოთხოვნილება, განსაკუთრებით დღეს, როდესაც არსებობს რელიგიური იზოლაციონიზმი და ამ პრობლემის გადაწყვეტას არც საქართველოს ახალი ხელისუფლება ჩქარობს. წიგნის ბოლოსიტყვაობაში გიორგი ლობჟანიძე აღნიშნავს კიდეც, რომ ჯიბრანის ამ წიგნის თარგმანს უკვე მოჰყვა იმ ადამიანების გულისწყრომა, რომელთაც, გიორგის სიტყვებით რომ ვთქვათ, "იესოს სიცოცხლეში სიცოცხლის ძიებას ქრისტეს მზამზარეული ხატის არაჯანსაღი რწმენა და მონობა ურჩევნიათ, რომლებიც საკუთარ ეკლესიურობას ბაირაღივით დააფრიალებენ და ქრისტიანობა ლოცვით გადატყაული მუხლები, ფანატიზმით დანისლული თვალები და საკუთარ მორწმუნეობასა და ღვთისმოსაობაზე ბრტყელ-ბრტყელი ღაღადისი ჰგონიათ."

[გიორგი ლობჟანიძის ხმა] "ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ტექსტის ადაპტაციის პერიოდები, როცა მისი ცალკეული ფრაგმენტები იბეჭდებოდა ქართულ პერიოდიკაში, ჟურნალებში "არილი", "ომეგა", "ჩვენი მწერლობა"... იესოს თანამედროვეთა მოთხრობები, აღდგენილი, რასაკვირველია, მწერლის ფანტაზიით, გვიყვება არაერთგვაროვან დამოკიდებულებაზე იმ ხალხისა, ვინც პირადად იცნობდა იესოს... მთავარი შეკითხვაა: "განა ყოველთვის ადეკვატურია თანამედროვეთა დამოკიდებულება ადამიანთან, მის ნამდვილ არსთან? რომანიდან ჩანს, რომ არა... ეს რომ ასეა, დამიდასტურა რეაქციამ ხალხისა, რომელიც ამ წიგნის ფრაგმენტების გამოქვეყნების შემდეგ წარმოჩნდა. ერთი ამტკიცებდა, რომ ეს მკრეხელობაა... მე ვფიქრობ, რომ ესაა რომანის ღირსება, რომ ამდენი წლის შემდეგ ტექსტი იწვევს აზრთა სხვადასხვაობას და შეუძლია იმოქმედოს საზოგადოებაზე."

როგორც ჩანს, სწორედ ამ დისკუსიის პროვოცირება იყო წიგნის გამომცემელთა მიზანიც. თავად გიორგი ლობჟანიძემ უარი თქვა ჰონორარზე და თანადგომა გამოხატა გამომცემლობა "დიოგენეს" მიმართ სწორედ მაშინ, როდესაც, დეპუტატ გურამ შარაძის ინიციატივით, "დიოგენეზე" სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გიორგი ლობჟანიძე, რომელმაც აქამდე საზოგადოებას სპარსული პოეზიის შესანიშნავ მთარგმნელად გააცნო თავი, ჯიბრანის პოეტურმა ენამ იმდენად მოხიბლა, რომ არ შეუშინდა ამავე საზოგადოების მხრიდან აგრესიას:

[გიორგი ლობჟანიძის ხმა] "ძალიან პოეტური წიგნია, ესაა პოეტური პროზა, შევეცადე, რომ ეს ნიუანსები ასახულიყო თარგმანში... ორი ხაზი იყო აქ მთავარი: ჯიბრანის პოეტური ენა, მისი არაბული პროზის თავისებურებანი და სახარების ძველი თარგმანების მხატვრული სტილისტიკა."

"დიოგენეს" ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე აღნიშნავს, რომ ჯიბრან ხალილ ჯიბრანის პოეტურმა ენამ, შესაძლებელია, ის ხალხიც მოხიბლოს, ვინც ქრისტეს ცხოვრების ამგვარ ინტერპრეტაციას მკრეხელობად მიიჩნევს. ბოლოს და ბოლოს, ამ ნაწარმოების გამოქვეყნებიდან 85 წელი გავიდა უკვე... ბოლოს და ბოლოს, დღეს ყველაზე მკაცრი და კატეგორიული მორწმუნეების უმრავლესობასაც კი ესმის, რომ მხატვრული ლიტერატურა არ შეიძლება რომელიმე იდეოლოგიას ემსახურებოდეს:

[თამარ ლებანიძის ხმა] "შეიძლება წიგნის სახელწოდებამ სხვადასხვა კატეგორიის ხალხი მიიზიდოს, ორთოდოქსი მართლმადიდებლები, მაგალითად... მაგრამ მერე, ვინც დაიწყებს ამ წიგნის კითხვას და ჩასწვდება მის ენობრივ ქსოვილს, მის წინაშე გაცოცხლდება ის, რაც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა ქართულ კულტურაში."

1961 წელს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ინაუგურაციის ცერემონიაზე აღნიშნა: "ნუ იკითხავთ, სამშობლომ თქვენთვის რა გააკეთა, იკითხეთ, თვითონ რა გააკეთეთ თქვენი სამშობლოსთვის"... ბევრმა არ იცის, რომ ეს ჯიბრანის სიტყვებია, გამოქვეყნებული ერთ არაბულ გაზეთში მეოცე საუკუნის დასაწყისში. ბევრმა არ იცის, რა არის აღმოსავლეთი. ბევრს ისევ ჰგონია, რომ "დასავლეთი და აღმოსავლეთი ვერასდროს შეხვდებიან ერთმანეთს."
XS
SM
MD
LG