Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''თურქი მესხები'' - ამჯერად აშშ-სკენ


არც ისე დიდი ხნის წინ რუსეთის პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრასნოდარის მხარეში მცხოვრები ე.წ. "თურქი მესხების" ერთი ნაწილი - რამდენიმე ათასი ადამიანი - საერთაშორისო დახმარებით სულ მალე შეერთებულ შტატებში წავა საცხოვრებლად.

სტატიაში ისიც იყო აღნიშნული, რომ ამ ფაქტმა ძლიერ გაახარა ადგილობრივი ხელისუფლება. თუმცა, უფრო საინტერესო ის არის, თუ ვისი ინიციატივით ხდება "თურქი მესხების" ოკეანის გაღმა გასახლება და ენიჭება თუ არა რაიმე როლი ამ პროცესში საქართველოს.

საქართველოს ახალ ხელისუფლებას ევროპის საბჭომ ვალდებულებათა შესრულება გადაუვადა. სხვაგვარად ვერც მოიქცეოდა, რადგან ვალდებულებების შესრულების ვადები ისედაც დარღვეული იყო. თუმცა, გადავადება ვალდებულებების მოხსნას არ ნიშნავს. ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებათა შორის არის ერთი, რომელიც ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს ეხება. ჯგუფს, რომელმაც უკვე დღემდე დიდი სახეცვლილება განიცადა და რაც დრო გავა, მით უფრო გართულდება ე.წ. "თურქი მესხების" პრობლემის მოგვარება, უფრო გართულდება მათი რეპატრიაციაცა და ინტეგრაციაც საქართველოში. შეშფოთებას იწვევს არა რეპატრიაციის პროცესის ნელი ტემპი, არამედ ის, რომ ეს პროცესი საერთოდ არ მიმდინარეობს. დეპორტირებული მესხების პრობლემის მოგვარების აუცილებლობის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას ამას წინათ, "ჰიუმან რაითს უოჩ"-მაც შეახსენა.

როგორც მოგახსენეთ, საქმე ეხება კონკრეტულ ადამიანებს. და იმის გამო, რომ უკვე მეთხუთმეტე წელიწადია მათ ერთ ნაწილს მოქალაქეობის გარეშე უხდება ცხოვრება რუსეთის სამხრეთში, კრასნოდარის მხარეში, ისინი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

სახელმწიფო დეპარტამენტში მოქმედებს მოსახლეობის, ლტოლვილებისა და მიგრაციის ბიურო, რომლის ფუნქციასაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი მილიონობით ლტოლვილისთვის დახმარების გაწევა წარმოადგენს. დახმარება გულისხმობს იმასაც, რომ შეერთებული შტატები ყოველწლიურად ათიათასობით ლტოლვილს აძლევს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების უფლებას. სწორედ ამ კატეგორიაში მოხვდნენ წელს კრასნოდარის მხარეში მცხოვრები ე.წ. "თურქი მესხები".

სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მათი გასახლების პროგრამას ახორციელებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. მე დავუკავშირდი ამ ორგანიზაციის რუსეთის ოფისს, რომლის ხელმძღვანელმა - მარკ გეტჩელმა განმიმარტა:

[გეტჩელის ხმა]
"ეს არის შეერთებული შტატების მთავრობის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. თავის დროზე ამ საკითხზე შეთანხმება მოხდა შტატებისა და რუსეთის მთავრობებს შორის. და ჩვენ 16 თებერვლიდან ფაქტობრივად დავიწყეთ კიდეც ეს პროცესი კრასნოდარის მხარეში".

მარკ გეტჩელმა მითხრა, რომ ინიციატივა წამოვიდა არა რუსეთის, არამედ შტატების მთავრობიდან:

[გეტჩელის ხმა]
"საიდუმლო არ არის, რომ კრასნოდარის მხარეში მცხოვრები "თურქი მესხების" საკითხმა საერთაშორისო, მათ შორის შეერთებული შტატების ყურადღება დაიმსახურა. შტატების ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანებისთვის თავშესაფრის შეთავაზებით მთლიანად არა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც გადაჭრიდა პრობლემას და უფრო რეალურს გახდიდა მის სრულად მოგვარებას".

რატომ დაინტერესდა სახელმწიფო დეპარტამენტი კრასნოდარში მყოფი "თურქი მესხების" საკითხით, ამაზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმაც მიპასუხა და მოგვიანებით თავად დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოვილებისა და მიგრაციის ბიუროს თანამშრომელმაც მითხრა, რომ ინტერესის ერთადერთი კრიტერიუმი იყო ის, რომ ადამიანების ეს ჯგუფი უკვე მეთხუთმეტე წელიწადია სტატუსის გარეშე იმყოფება. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი არ იღებენ იმ სოციალურ შემწეობასაც კი, რასაც რუსეთის მოქალაქეები. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ტელეფონით ასეთი განმარტება მომცა:

[სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ხმა]
"ჩვენ ამ გამოსავალს ვთავაზობთ დაინტერესებული მესხების ნაწილს, რადგან კრასნოდარის ხელისუფლებამ ლეგალური სტატუსის მიცემაზე უარი უთხრა დაახლოებით 11 ათასამდე "თურქ მესხს" და იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციამ არ ისურვა ადგილობრივი ხელისუფლების იძულება მიეცათ ამ ხალხისთვის ლეგალური სტატუსი. სტატუსისა და მუდმივად ცხოვრების უფლების გარეშე კი ეს "თურქი მესხები" სრულიად დაუცველნი არიან".

სად არის ამ დროს საქართველოს ხელისუფლება? არა, ეს კითხვა მინდა პათოსის გარეშე აღიქვათ. რადგან, როგორც ჩემს რესპონდენტებთან საუბარში გავარკვიე, საქართველოს როლი ათასობით მაჰმადიანი მესხის შტატებში წასვლის პროცესში ფორმალურადაც კი არ ჩანს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი რუსეთში მარკ გეტჩელი აღნიშნავს, რომ არავინ გამორიცხავს კონკრეტულად კრასნოდარის მხარეში მესხების ყოფნის გამო არსებული დაძაბულობის მოხსნის იმ გზას, რომელსაც მათი წინაპრების სამშბოლოში - საქართველოში დაბრუნება ჰქვია. მაგრამ ამ ეტაპზე საუბარია მათი მხოლოდ ერთი ნაწილის ნებაყოფლობით წასვლაზე შტატებში.

საინტერესოა, რამდენი მაჰმადიანი მესხი პოვებს თავშესაფარს შტატებში? მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის ეს იდუმალებით არის მოცული, თუ რატომ - თავად მარკ გეტჩელისგან მოისმინეთ:

[გეტჩელის ხმა]
"ამაზე პასუხი არ არსებობს. არავინ იცის ამის შესახებ, რადგან ერთი - პროგრამა არის სრულიად ნებაყოფლობითი და მეორე - არსებობს განსაზღვრული კრიტერიუმები, რომლებიც შტატებში წასვლის მსურველმა უნდა დააკმაყოფილოს. ამის დადგენას მომავალში შეეცდებიან შეერთებული შტატების საშინაო უსაფრთხოების ოფისის თანამშრომლები, რომლებიც ჩავლენ კრასნოდარის მხარეში და ინდივიდუალურად გაესაუბრებიან ყველა მსურველს".

შეერთებულ შტატებში წასვლის მსურველმა კრასნოდარში მცხოვრებმა ე.წ. "თურქი მესხების" წარმომადგენლებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 16 აგვისტომდე. ამის შემდეგ, რასაკვირველია, გაგრძელდება გასაუბრებისა და შერჩევის პროცესი. სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6-12 თვეში კი უკვე არაერთგზის დეპორტირებული მაჰმადიანი მესხი პირი, თუ ოჯახი შტატებში გაემგზავრება. რა ელით შეერთებულ შტატებში რუსეთის სამხრეთიდან ჩასულ მესხებს. მათი მიღების პირობების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომცა:

[სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ხმა]
"ჩვენ ნაწილობრივ ვაფინანსებთ შტატებში ნებაყოფლობით ჩასახლებულებთან მომუშავე სააგენტოებს იმისათვის, რომ ისინი პირველი 30-90 დღის განმავლობაში მოემსახურონ ჩამოსულ ლტოლვილებს. ასე რომ, ეს სააგენტოები დახვდებიან ლტოლვილებს აეროპორტში, შეასახლებენ მათ ავეჯით გაწყობილ სახლებში, უზრუნველყოფენ საკვებითა და ტანსაცმლით. ამის შემდეგ კი შტატების მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ ჩამოსული ლტოლვილები რაც შეიძლება სწრაფად იქცნენ ეკონომიკურად დამოუკიდებლებად. ჩვენ ხელს ვუწყობთ ლტოლვილებს, რომ შეიტანონ წვლილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ისევე, როგორც ამას სხვა ახალჩამოსულები აკეთებდნენ მთელი ისტორიის მანძილზე. შტატებში 5 წლის მანძილზე ცხოვრების შემდეგ კი ეს ლტოლვილები უფლებამოსილნი არიან გააკეთონ განაცხადი შეერთებული შტატების მოქალაქეობაზე".

ათიოდე დღის წინ ჩემს კოლეგას - თამარ ჩიქოვანს საქართველოში მცხოვრებმა მაჰმადიანმა მესხმა ამირ ყურაძემ უთხრა, რომ ე.წ. "თურქმა მესხებმა" დაკარგეს საქართველოში დაბრუნების იმედი. კრასნოდარიდან მესხების შტატებში წასვლის პროცესზე კი თქვა:

[ყურაძის ხმა]
"ეს ხომ დეპორტაციის დეპორტაციაა. არ ეკითხებიან, უნდათ თუ არა საქართველოში დაბრუნება. არავინ არ ეკითხება. დახმარება არის განა ეგა? ამერიკაში რომ ასახლებენ. ეს არის დეპორტაცია მეტი კი არაფერი. იყვნენ დეპორტირებულები შუა აზიაში და ახლა ასახლებენ ამერიკაში".

უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ინტერვიუს ე.წ. "თურქი მესხების" ერთ-ერთ ლიდერ ტიან-შან სვანიძესთან, რომელიც კრასნოდარის მხარეში ცხოვრობს და თავადაც აპირებს შტატებში გამგზავრებას. მისი საუბრიდან მსმენელი პასუხს მიიღებს მრავალ შეკითხვაზე, რომელიც დღემდე ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება გასჩენოდა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG