Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავლენიან ამერიკელ ბიზნესმენთა ჯგუფის სამხედრო-დიპლომატიური მისია საქართველოში


დონორი ქვეყნების წარმომადგენლების გარდა, ორშაბათს საქართველოს " ბენსის" ჯგუფში გაერთიანებული ამერიკელი ბიზნესმენებიც ესტუმრნენ.

3/1/04
ბიზნესის აღმასრულებელი პირები, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უკვე მრავალი წლის განმავლობაში იყენებენ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ამოცანების გადასაჭრელად, საქართველოში "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის დეტალების შესასწავლად ჩამოვიდნენ. "ბენსის" ჯგუფის წევრებმა ოპტიმისტური განწყობით დატოვეს საქართველო და განაცხადეს, რომ "წვრთნისა და აღჭურვის" მსგავსი პროგრამა საქართველოსთვის მომავალშიც გაგრძელდება.

"ბენსის" ჯგუფის წევრები, იგივე "ბიზნესის აღმასრულებელი პირები ეროვნული უსაფრთხოებისათვის", ამერიკის შეერთებული შტატებიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ფეხდაფეხ ჩამოჰყვნენ საქართველოში. დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და მასში რამდენიმე მსხვილი ამერიკული კორპორაციის ხელმძღვანელი და გადამდგარი სამხედრო პირი შედიოდა. "ბენსის" ჯგუფის სახელს რამდენიმე შთამბეჭდავი მიღწევა უკავშირდება. გავლენიანმა ამერიკელმა ბიზნესმენებმა თავის დროზე აქტიურად დაუჭირეს მხარი ბირთვული საფრთხის შემცირებისთვის თანამშრომლობის ნან-ლუგარისეულ პროგრამას, რომელმაც რუსეთის ბირთვული იარაღის განადგურების პროცესი დააფინანსა. "ბენსმა" დიდი როლი ითამაშა აგრეთვე მოძველებული სამხედრო ბაზების დახურვის პროცესში, რამაც ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ორი რუსული სამხედრო ბაზის პრობლემა გაახსენა. თუმცა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ამერიკელ ბიზნესმენთა დელეგაციის ხელმძღვანელმა ჩარლზ ბოიდმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის საკითხი თავდაპირველად დიპლომატებმა უნდა გადაწყვიტონ:

[ჩარლზ ბოიდის ხმა] "ამ შეხვედრის დროს ჩვენ ეს საგანი არ განგვიხილავს. თუმცა ამ პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს რიგი მექანიზმები, რომელთა ამოქმედებას მე დიპლომატებს მივანდობდი."

ამას გარდა, როგორც გაირკვა, "ბენსის" ჯგუფი გაცილებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქრთველოს უსაფრთხოების სისტემის მდგრადობისათვის ორმხრივი, ქართულ-ამერიკული, თანამშრომლობის ისეთ პროგრამას, როგორიც არის "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა, რომელიც მიმდინარე წლის 22 აპრილს მთავრდება. 64 მილიონი დოლარის მოცულობის ორმხრივი პროგრამის ფარგლებში, აღიჭურვა და გაიწვრთნა 1500-ზე მეტი ქართველი სამხედრო მოსამსახურე. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ბრიგადის გენერალ გივი იუკურიძის თქმით, "ბენსის" ჯგუფის წევრების საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რამდენად სწორად დაიხარჯა ამერიკელი გადამხდელების ფული.

[გივი იუკურიძის ხმა]

"წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის დეტალების გაცნობით ამერიკელი ბიზნესმენები კმაყოფილნი დარჩნენ. როგორც "ბენსის" ჯგუფის ხელმძღვანელმა ჩარლზ ბოიდმა განაცხადა, ისინი ოპტიმისტური გრძნობით ტოვებენ საქართველოს:

[ჩარლზ ბოიდის ხმა] "მინდა აღვნიშნო, ვაშინგტონში ეს წარმატება იმის საფუძვლად და გარანტიად მიაჩნიათ, რომ ასეთი ან მსგავსი პროგრამა მომავალშიც განხორციელდეს."

დახმარების პროგრამის გაგრძელების შესახებ გარანტიები პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროსაც მიიღო. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის დასრულების შემდეგ ამერიკის მხარე საქართველოში ორი მოტომსროლელი ბრიგადის მომზადებას დაიწყებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG