Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ აბულაძე - 80 (ნაწილი მეორე)


დღეს დავასრულებთ საუბარს თენგიზ აბულაძეზე,

რომელსაც 31 იანვარს 80 წელი შეუსრულდებოდა. გავიხსენებთ "პერესტროიკის მერცხლად" წოდებული ფილმის, "მონანიების", შექმნის ისტორიას.

"მე ერთი მეწისქვილე კაცი ვარ, ჩემი დღე და მოსწრება წისქვილში მაქვს გატარებული. ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ, ჩემი აზრით, საჭიროა ეს ფილმი ყველამ ნახოს. რა თქმა უნდა, მას ყველა ვერ გაიგებს, მაგრამ არ შეიძლება ამ ფილმის ნახვის შემდეგ ადამიანი ცოტა უკეთესი არ გახდეს."

ასეთი წერილი მიიღო თენგიზ აბულაძემ ქუთაისიდან, 1986 წელს, "მონანიების" პრემიერის შემდეგ. ასეთი წერილები მიიღო მან მოსკოვიდან, ნოვოსიბირსკიდან, დაბა ტალაჟაიდან... საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან, სადაც 86-87 წლებში "მონანიებას" უჩვენებდნენ. მას სწერდნენ ფილმის პირველი, მეორე, მეხუთე ნახვის შემდეგ... როგორც "მონანიების" სცენარის თანაავტორი ნანა ჯანელიძე იგონებს, სწერდნენ სატელეფონო ბლანკებზე, შემთხვევით ხელში მოხვედრილ ქაღალდებზე. ნანა ჯანელიძის თქმით, სიმართლეს მოწყურებულმა ადამიანებმა კონკრეტული, საკუთარი სისხლით გამოვლილი ისტორიული წარსული დაინახეს და თავიანთი ბედი შეიცნეს ეკრანზე... მათ შორის, მოსკოვშიც, სადაც "მონანიების" პრემიერა 1986 წლის სექტემბერში შედგა.

[ნანა ჯანელიძის ხმა] "იქ იყო ასამდე პრემიერა სხვადასხვა დარბაზებში და მართლა საოცრება ხდებოდა - ხელებს უკოცნიდნენ, მუხლს იყრიდნენ მის წინაშე... მე რომ ჩავედი, მივხვდი, რომ ამის არნახვა არ შეიძლება."

მაგრამ "მონანიების" პრემიერას უამრავი წინააღმდეგობა ახლდა. ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში, როცა თენგიზ აბულაძემ ფილმზე მუშაობა დაიწყო, ედუარდ შევარდნაძეს მოსკოვში ჰკითხეს, რა ანტისაბჭოთა ფილმს იღებენ საქართველოშიო. შევარდნაძემ კრემლს განუცხადა, რომ იღებენ ფილმს ჭეშმარიტ კომუნისტზე, რომელიც უკანონობას დაუპირისპირდა... ე.ი. დაახლოებით ისეთ ფილმს, რომელსაც თენგიზ აბულაძის მეგობარი, "მაგდანას ლურჯას" თანაავტორი, რეზო ჩხეიძე იღებდა მაშინ - "რაიკომის მდივანს"... რეზო ჩხეიძემ მოახერხა და კრემლის ყურადღება სწორედ "რაიკომის მდივანზე" გადაიტანა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ჩხეიძე და აბულაძე ისევ ერთად მუშაობდნენ, ერთი მიზნისთვის, ოღონდ განსხვავებულ ფილმებზე. მაგრამ ქართულ სუკს და მის მაშინდელ შეფს, ინაურს, არაფერი გამოეპარებოდა. ინაურმა მოსკოვში წერილი აფრინა... სწორედ კაგებემ შეატყობინა კრემლს, რომ საქართველოში ანტისაბჭოთა "კინოაქცია" მზადდებოდა:

[ნანა ჯანელიძის ხმა] "ეს იყო ინაურის მეორე "დანოსი", მეორე წერილი... პირველად გეგას დაჭერის შემდეგ, როცა ჭორი გავრცელდა თბილისში, რომ თენგიზი უნდა დაიჭირონ. ატყდა ერთი ამბავი - ფილმის ასლების დამალვა, ანტისაბჭოთა ლიტერატურის დამალვა... მერე, 31 იანვარს, თენგიზი გახდა სამოცი წლის...მთელი კინოს სამყარო ურეკავდა, "ჩვენ შენთან მოვალთ", მხარდაჭერა იყო... ეს იყო გვერდზე დგომა."

მოგვიანებით საქართველოში გავრცელდება ხმა, რომ "მონანიების" სცენარზე მუშაობაში პირადად მიიღო მონაწილეობა საქართველოს კომპარტიის ცეკას მაშინდელმა თავკაცმა, ედუარდ შევარდნაძემ...

[ნანა ჯანელიძის ხმა] "ბათუმში გადაღებებს მოვრჩით - 5000 მეტრი ფირი აღმოჩნდა წუნი, გეგა გაიქცა, ოპერატორი მოხსნა და ნულზე ვიჯექით, ფილმი დაიხურა და გავრცელდა ჭორი, რომ თენგიზს იჭერენ. დილას დაურეკა შევარდნაძემ და დაბადების დღე მოულოცა, რაც ნიშნავდა, რომ ფილმს მწვანე გზა აქვს... მერე დაიწყო ამ ფილმის ახალი ერა და 2 თვეში გადავიღეთ."

რატომ დაუჭირა მხარი შევარდნაძემ ანტისტალინური ფილმის გადაღებას? საეჭვოა, შევარდნაძე, რომელიც ბავშვობაში სტალინზე ლექსებს წერდა, მერე კი, 90-იან წლებში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სტალინის ძეგლს გორში ყვავილებით ამკობდა, "მონანიებაში" პირადად სტალინის კრიტიკით მოხიბლულიყო. მართალია, აბულაძის თხრობის მანერა განზოგადებულია და ეს ფილმი-იგავი მხატვრული მთლიანობითა და "კონკრეტიკით" ნამდვილად არ გამოირჩევა, ცხადია, ვარლამ არავიძე მაინც სტალინის ასოციაციას აღძრავს. უნდა ვიფიქროთ, რომ შევარდნაძემ იცოდა - "მონანიება" მისი, როგორც პოლიტიკოსის, აღმასვლას შეუწყობდა ხელს... იგი გრძნობდა, რა მოხდებოდა ქვეყანაში, ამიტომ, უბრალოდ, ხელს აძლევდა, რომ სურათის პრემიერის შემდეგ საზოგადოებას "მონანიების", და ე.ი. "პერესტროიკის", და ე.ი. კომუნისტური სისტემის ნგრევის, თანაავტორად მოეხსენებინა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მაშინდელმა ცეკას პირველმა მდივანმა, "მონანიების" პრემიერის დროს კი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დროს დაასწრო... განსხვავებით თავისი კოლეგებისგან, რომლებმაც "მონანიება" თავიდანვე ანტისაბჭოთა ფილმად აღიქვეს.

[ნანა ჯანელიძის ხმა] "არის ელემ კლიმოვის მოგონება ძალიან საინტერესო - როგორ აჩვენა რაისა გარბაჩოვას, ჯერ კრემლის ჩინოვნიკების ცოლებს, იქ რა საშინელი ამბავი ატყდა, კინაღამ კლიმოვი გახლიჩეს შუაზე, ვერ წარმოედგინათ, რომ ასეთი რაღაც შეიძლება გავიდეს, რადგან ეს იყო მათი ცხოვრების გაბათილება, თავლაფის დასხმა... ელემ კლიმოვი პარალელურად მუშაობდა ალექსანდრ იაკოვლევთან, რომელიც აღტაცებული იყო ფილმით, ამბობდა, როგორ უნდა გავუშვათო... ელემ კლიმოვი ამბობდა... ჩვენ ახალ ეპოქას შევქმნით ამ ფილმის გამოშვებითო."

"მონანიების" პრემიერით, მართლაც, დაიწყო ახალი ეპოქა - "ბოროტების იმპერიის" ნგრევის ეპოქა. აბულაძე ხალხს შეახსენებდა, რომ ბოროტებისთვის ყველაფერი დასაშვებია, ყველა ხერხი და საშუალება ერთნაირად მისაღები. ამიტომაცაა ბოროტების მუდმივი თანამგზავრი ძალადობა, შური, დაბეზღება, შეუწყნარებლობა. თავად თენგიზ აბულაძე იმასაც აღნიშნავდა, რომ "მნიშვნელოვანია გულმხურვალე ვედრებითა და მონანიებით მოშუშება იმ წყლულებისა და იარების, რაც საუკუნეების მანძილზე მიაყენა ბოროტებამ კაცობრიობას" - ე.ი. რეჟისორს არც კი უფიქრია გადაეღო ფილმი კონკრეტულ ეპოქაზე, კონკრეტულ დიქტატორზე... მან გადაიღო ფილმი "ვარლამიზმზე", როგორც, ზოგადად, კაცობრიობის სენზე... ამან განაპირობა სწორედ ფილმის სწორხაზოვნება, რასაც, თენგიზ აბულაძე არც უარყოფდა. ერთ-ერთ ინტერვიუში იგი აღნიშნავდა:

"ჩვენი, და არა მარტო ჩვენი, ნებისმიერი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, საბედისწერო დანაშაული ისაა, რომ საზოგადოების ძალზე დიდი ნაწილი განსხვავებას ბოროტსა და კეთილს შორის შეფარდებითად მიიჩნევს, სინამდვილეში კი ეს განსხვავება აბსოლუტურია."

ფილმის მოსკოვური პრემიერის შემდეგ თენგიზ აბულაძეს ჰკითხეს: "არიან მაყურებლები, რომლებიც თვლიან, რომ არ არის საჭირო წარსულის გახსენება, რას ფიქრობთ ამის შესახებო." აბულაძემ ლევ ტოლსტოის სიტყვებით უპასუხა, გაიხსენა ტოლსტოის წერილი "ნიკოლოზ პალკინი":

"როგორ თუ რატომ გავიხსენოთ? მე თუ რაიმე მძიმე და საშიში ავადმყოფობა მქონდა, განვიკურნე და ვიხსენ თავი ჩემი იმ სენისგან, ყოველთვის სიხარულით გავიხსენებ ჩემს გადარჩენას, ხოლო არ გავიხსენებ მაშინ, როცა ავად ვარ და მინდა თავი მოვიტყუო, ვითომ არ ვიყო ავად."

"მონანიების" ტრიუმფის შემდეგ თენგიზ აბულაძემ ისევ წარსულზე დაიწყო ფიქრი. გარდაცვალებამდე, 1994 წლის 6 მარტამდე, იგი ახალ პროექტზე მუშაობდა. ნანა ჯანელიძე, რომელმაც თენგიზ აბულაძეს დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა, შენიშნავს, რომ, სამწუხაროდ, აბულაძემ სცენარის დაწერა ვერ მოასწრო, თორემ იგი, როგორც "მონანიების" თანაავტორი და თენგიზ აბულაძის ახლობელი ადამიანი, ამ ფილმის გადაღებას აუცილებლად შეეცდებოდა:

[ნანა ჯანელიძის ხმა] "ხედავდა ორ პლასტს ფილმისას, რომელიც დაიწყებოდა ილიას მკვლელობით და უნდა დამთავრებულიყო გალაკტიონის თვითმკვლელობით და მათ შორის ხაზი უნდა ყოფილიყო, როგორც, ფაქტობრივად, ერთი მოვლენა - მკვლელობა და თვითმკვლელობა, რადგან ილიას მკვლელობაც ხომ თვითმკვლელობა იყო ერის... სულ ამბობდა, ჩვენ ახლა დავიწყებთ ამაზე მუშაობასო, მაგრამ აღარ დასცალდა."

არის თუ არა "მონანიებაც" - ერის მკვლელობისა და თვითმკვლელობის ამბავი? ხომ ფაქტია, რომ "მონანიების" ტრიუმფიდან რამდენიმე წელი გავიდა მხოლოდ, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ფილმის "თანაავტორად" აღიარებულმა ედუარდ შევარდნაძემ კი სტალინის ძეგლი ყვავილებით შეამკო... ხომ ფაქტია, რომ ეს ძეგლი ისევ დგას საქართველოში?
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG