Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად მოძრაობენ დალუქული მანქანები?


დავით პაიჭაძე, თბილისი განუბაჟებელ ან არასწორად განბაჟებულ ავტომანქანებზე "დევნა" საქართველოში ორიოდე კვირის წინ გამოცხადდა და მალე სკანდალური სიტუაციაც წარმოიშვა:

ერთი ასეთი, "საეჭვო" წარმომავლობის, ავტომანქანა, რომელიც საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" ყოფილ ფეხბურთელს რატი ალექსიძეს ეკუთვნის, ნაცვლად იმისა, რომ გენერალური პროკურატურის ეზოში დალუქული მდგარიყო, თბილისში, "მშრალ ხიდთან", აღმოაჩინეს. გაგაცნობთ ამ საქმის რამდენიმე დეტალსა და საგზაო პოლიციაში არასწორ განბაჟებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

რატი ალექსიძეს კუთვნილი ავტომანქანა "BMW X5" თვენახევრის წინ პოლიციამ პირდაპირ ავტოსადგომიდან წაიყვანა იქ, სადაც დალუქულ-დაყადაღებულ მანქანებს ათავსებენ. ამ დროს რატი ალექსიძე საქართველოში არ იმყოფებოდა. სადგომზე დაყენებამდე პატრონმა მანქანას ნომრები მოხსნა.

მანქანის დალუქვა განაპირობა ეჭვმა, რომ ის მოპარულია. უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ დააზუსტა, რომ "BMW" მოპარულია ესპანეთში. რატი ალექსიძეს მოპარვასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ის ავტომანქანის კეთილსინდისიერი მყიდველია. მეორე ვერსიით, რომელსაც პროკურატურა ავითარებს, მანქანა უკანონოდ არის განბაჟებული.

თავისთავად, ძვირფასი ავტომობილების მოპარვა და მათი გაყიდვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ცნობილი ბიზნესია. რუსულ საინფორმაციო საშუალებებში არცთუ იშვიათად წააწყდებით მტკიცებას, რომ ამ ქვეყნის კულტურული ბომონდის საგრძნობი ნაწილი სწორედ დასავლეთში მოპარული და რუსეთში გაყიდული მანქანების საჭეს უზის.

მაგრამ დავუბრუნდეთ რატი ალექსიძის BMW-ს. ის თბილისში, მშრალ ხიდთან, აღმოაჩინეს ალექსიძის მეგობრებმა, რომელთაც უმალ დაურეკეს ფეხბურთელს. მანქანას უშიშროების მინისტრის მოადგილის გიგი უგულავას მძღოლი მართავდა. ალექსიძემ და მისმა მეგობრებმა მძღოლი საჭიდან გადმოსვეს, ხოლო მანქანა საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოში წაიყვანეს. თავად უგულავამ განმარტა, რომ მანქანა უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოდან გენერალურ პროკურატურაში გადაჰყავდათ ოპერატიული ნომრებით. თუმცა წევრი არასამთავრობო ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის", გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც რატი ალექსიძესა და მის მეგობრებს ახლდა პროკურატურაში მათი დაკითხვისას, გადმოსცემს ამ უკანასკნელთა ნათქვამს:

[ნიკოლაიშვილის ხმა] "ესენი აცხადებენ, რომ მშრალ ხიდთან მანქანის ნახვა - ეს ერთი ამბავია, მაგრამ წინა პერიოდშიც, რამდენიმე დღის განმავლობაში, მაქანას თბილისში სხვადასხვა ადგილას ხედავდნენ. მე ვკითხე, დაკითხვისას დაადასტურებდნენ თუ არა, რომ მანქანას ხედავდნენ. მიპასუხეს, რომ დაადასტურებდნენ და სხვა ადამიანებიც ჩამოთვალეს, რომლებიც იმავეს იტყოდნენ. იმასაც ამბობენ (ოღონდ არა რატი ალექსიძე), რომ მანქანას დედა ჰქონდა ნატირები: სადგომზე დატოვებული გაწკრიალებულ-გასისინებული მანქანა მომსპარი იყო: ღრჭიალებდა ახლად დაყენებული სამუხრუჭე ხუნდები (ე.წ. "კალოდკები"), იყო ტექნიკურად გაუმართავი და ა.შ. მძღოლს ხომ შეუძლია შეატყოს მანქანას, რა მდგომარეობაშია ის?"

კიდევ ერთი საშუალება იმის დასადგენად, დააქროლებდნენ თუ არა დალუქულ ავტომანქანას ძალოვან სტრუქტურათა თანამშრომლები დედაქალაქში, ამ მანქანის სპიდომეტრია - თუ, რა თქმა უნდა, რატი ალექსიძეს ახსოვს, რამდენი კილომეტრი ჰქონდა მის BMW-ს გავლილი ავტოსადგომზე დაყენებამდე. უშიშროების მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ მანქანა არავის გამოუყენებია, ხოლო თბილისში მისი მსგავსი კიდევ 3-4 BMW დადის.

ფაქტია, რომ უკანონოდ განბაჟებული მანქანები პრობლემას არაერთ მაღალჩინოსანს შეუქმნის; თან გაცილებით მძიმე პრობლემას, ვიდრე გიგი უგულავას პიკანტური სიტუაციაა: ორშაბათს, 1 მარტს, თანამდებობები უკვე დატოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით თოდუამ და რესპუბლიკის საგზაო პოლიციის უფროსმა შალვა ოგბაიძემ. ორივე გადადგომის მიზეზი სწორედ უკანონო განბაჟებასთან დაკავშირებული ეჭვებია.
XS
SM
MD
LG