Accessibility links

logo-print

არჩევნების წინ პრემიერ-მინისტრი საარჩევნო ბარიერის დაწევის ინიციატივით გამოდის. შეუძლია თუ არა ამას რაიმეს შეცვლა?


არჩევნების წინ საქართველოს პრემიერ -მინისტრი 7 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევის ინიციატივით გამოდის. ზურაბ ჟვანია მომხრეა ბარიერის დაწევისა

და პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის, რათა საარჩევნო კომისიების პარიტეტის პრინციპით დაკომპლექტება გადაწყდეს. ეს ყველაფერი თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტის შემდეგ ხდება. ამ ჯგუფის ხელმძღვანელმა საქართველოს ხელისუფლება ევროსაბჭოს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა. შეუსრულებელ რეკომენდაციებში კი, პირველ რიგში, სწორედ 7 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის და საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების ძველი წესის დატოვება იგულისხმება. 28 მარტის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება. შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეს არჩევნები ჩაატაროს ისე, როგორც მისგან მოითხოვენ, ძნელი სათქმელია. ხელისუფლების ოპოზიციურ ძალებს ჟვანიას გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ.

ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევისა და საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლის საჭიროებაზე ალაპარაკებით პრემიერ-მინიტრი საქართველოს ევროპელი მეგობრების გულის მოგებას ცდილობს და მეტს არაფერს. მათ არ სჯერათ, რომ ზურაბ ჟვანია გულწრფელად ცდილობს მიაღწიოს 7 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევას. და აი, რატომ:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] "თავის დროზე, როცა 5 პროცენტიანი 7 პროცენტიანით შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ეს წამოვიდა ირინა სარიშვილ-ჭანტურიასგან, იდეა ეკუთვნოდა ჟვანიას. ამიტომ ეჭვი მეპარება მის გულწრფელობაში."

ეს იყო დეპუტატი ვახტან ხმალაძე. მის მსგავსად, არც სოციალისტ ზაქარია ქუცნაშვილს სჯერა ზურაბ ჟვანიას გულწრფელობის. ამას გარდა, 28 მარტამდე მას ამ ინიციატივის რეალიზაციის შესაძლებლობაშიც ეჭვი ეპარება.

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] "აქაც პროცედურულად ერთი თვეა საჭირო განხილვისთვის. ასე რომ, ნუ მოვიტყუებთ თავს ილუზიით, თითქოს ხელისუფლებას ეს სურდეს. ხელისუფლებას ეს არ სურს. მას სურს ერთპარტიული პარლამენტი."

საარჩევნო ბარიერის დაწევისთვის ცვლილება სწორედაც კონსტიტუციაშია შესატანი, რაც პროცედურულად ცვლილების პროექტის საჯარო განხილვაზე გამოტანას მოითხოვს, თანაც - ერთი თვის ვადით. ახლახან განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებისას ეს მოთხოვნა დაირღვა, რის გამოც პარლამენტში ადრე შეტანილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დასახელდა. ადრე დაწუნებული პროექტის განხილვის შემდეგ მისგან ცოტა განსხვავებულ პროექტზე საჯარო მსჯელობა საჭიროდ აღარ ჩაითვალა. ანალოგიურის განმეორებისთვის ძნელი იქნება პროცედურის დარღევის გამამართლებელი მიზეზის პოვნა. შარშან განხილულ იქნა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი პროექტი, რომლის ინიციატორებიც ლეიბორისტები იყვნენ, თუმცა როგორც ამ პარტიაში ამიხსნეს, მათ პროექტში საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საუბარი არ ყოფილა. ყოველივე აქედან გამომდინარე, მართლაც ბუნდოვანია, 28 მარტის არჩევნების წინ როგორ უნდა მოესწროს ევროსაბჭოს მოთხოვნით საარჩევნო ბარიერის დაწევა. თანაც, აღსანიშნავია, რომ სახელისუფლებო ძალაში ამ მოთხოვნას სერიოზული მოწინააღმდეგეები ჰყავს. მათი არგუმენტი ასეთია:

[მაია ნადირაძის ხმა] "5 პროცენტით გამოდის 70000 ხმა. მე გეკითხებით, პარტიას, რომელიც შეიძლება მოხვდეს პარლამენტში 70000 ხმით, ექნება ძალა, რომ ხალხის სახელით ილაპარაკოს?"

სახელისუფლებო ძალის საარჩევნო სიის პირველი ნომერი მაია ნადირაძე, რეალურად, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლის და არა საარჩევნო ბარიერის დაწევის ინიციატივას განიხილავს. ევროსაბჭო კი საარჩევნო ბარიერის დაწევასაც ითხოვს და საარჩევნო კომისიების პარიტეტის წესით დაკომპლექტებასაც. მისი წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სხვაგვარად საქართველო ერთპარტიულ პარლამენტს მიიღებს.

პრემიერ- მინისტრი მზად არის საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხზე ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართოს; საკითხის გადაწყვეტაში ის, ტექნიკურის გარდა, სხვა პრობლემებს ვერ ხედავს.
XS
SM
MD
LG