Accessibility links

logo-print

''ყველა ჩვენგანი თავს თურქად მიიჩნევს'' - ე.წ. ''თურქი მესხები'' კრასნოდარში


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მიგრაციის საერთაშორისო

ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დაიწყო პროგრამის განხორციელება კრასნოდარში მყოფი "თურქი მესხებისთვის". პროგრამა გულისხმობს ამ ჯგუფის სტატუსის გარეშე მყოფი წარმომადგენლების ნებაყოფლობით გადასახლებას შეერთებულ შტატებში ლტოლვილის სტატუსით. ვინაიდან ე.წ. "თურქი მესხების" საკითხი საქართველოს უკავშირდება, მან ჩვენი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამიტომ დავუკავშირდი ტიანშან სვანიძეს, რომელიც კრასნოდარში მყოფი ე.წ. "თურქი მესხების" ერთ-ერთი ლიდერია:

- როგორ გგონიათ, კრასნოდარში უსტატუსოდ მცხოვრები 11 ათასამდე ე.წ. "თურქი მესხის" რა ნაწილს სურს შტატებში წასვლა?

- მიჭირს ზუსტად თქმა, მაგრამ უმეტესობას უნდა, რომ წავიდეს. უბრალოდ, აქ უდიდეს დაბრკოლებას წარმოადგენს ის, რომ ადგილობრივი ხელისუფლებას არ სურს ჩვენი სახლების შესყიდვა. აი, რამ შეიძლება შეგვაფერხოს. თორემ, წასვლის მოსურნე ბევრია.

- ანუ, თქვენ გსურთ გაყიდოთ, რაც გაგაჩნიათ, არა?

- რა თქმა უნდა. ჩვენ ისედაც არაფერი გაგვაჩნია, ყოველთვის ყველაფერს გვართმევდნენ. ასე კი, რომ გაგვაყიდინა, ცოტა შეღავათი იქნებოდა.

- მე "რადიო თავისუფლების" ქართულენოვან რედაქციას წარმოვადგენ და ბუნებრივია, მაინტერესებს ამ ხნის მანძილზე რაიმე როლი თუ შეუსრულებია საქართველოს ხელისუფლებას თქვენს ცხოვრებაში?

- სამწუხაროდ, მხოლოდ უარყოფითი.

- სახელდობრ, რას გულისხმობთ. მე გეკითხებით - მას შემდეგ, რაც თქვენ კრასნოდარის მხარეში მოხვდით.

- არაერთხელ ჩავსულვართ თბილისში იმის სათხოვნელად, რომ სამშობლოში დაბრუნების უფლება მოეცათ, მაგრამ ყოველ ჯერზე უარს ვღებულობდით. არავითარი გადაწყვეტილება ამის თაობაზე საქართველოს ხელმძღვანელობას არ მიუღია. მართალია, 1995-96 წლებში შევარდნაძემ თავისი დადგენილებით, თუ ბრძანებულებით განსაზღვრა რამდენიმე წლის პერსპექტივა - ჩვენი ხალხის შესაძლო დაბრუნებაზე, მაგრამ ყველაფერი ქაღალდეზე დარჩა.

- გაქვთ კიდევ დაბრუნების სურვილი?

- სურვილი ყოველთვის გვაქვს, რა თქმა უნდა. ეს წმიდათაწმიდა რამ არის ჩვენთვის.

- მე ვკითხულობ, რაც ხელში ჩამივარდება, ვგულისხმობ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ გამოკვლევებს. სხვადასხვა დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ადამიანები, რომლებიც 1944 წელს იყვნენ დეპორტირებული საქართველოდან და მათი შთამომავლები თავიანთ თავს სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ. რას უწოდებთ თქვენ საკუთარ თავს და საერთოდ რა შეგიძლიათ მითხრათ ამ საკითხზე?

- ყველა ჩვენგანი - აბსოლუტურად ყველა - თავს მიიჩნევს თურქად. მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიუღებლად მიაჩნია სიტყვა "თურქი", ამ ადამიანთა ერთი ნაწილი, რომელსაც ძალიან უნდოდა სამშობლოში დაბრუნება, დათანხმდა იმაზე, რომ ისინი მესხებად ჩაეწერათ. წარმოგიდგენიათ, ეს იმისათვის, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. არასდროს არც ერთ ჩვენგანს თავი ქართველად არ მიაჩნდა, ვერც ადრე მოიქცეოდა ასე და ვერც ახლა ჩათვლის თავს ქართველად.

- მაგრამ მე თბილისში მისაუბრია რამდენიმე მათგანთან და მახსოვს მათ პირიქით - შეურაცხყოფილადაც კი იგრძნეს თავი, როცა "თურქ მესხებად" მოვიხსენიე.

- მე ასეთ ადამიანებს უბრალოდ არ ვიცნობ. შეიძლება, იმის გამო, რომ საქართველოში იმყოფებიან, იძულებულნი არიან ასე მოიქცნენ. ეს სამარცხვინოა. სამარცხვინოა საკუთარ ეროვნებაზე უარის თქმა. ასეთი ადამიანები ვერც საქართველოს და ვერც ვერავის ხეირს ვერ მოუტანენ. ისინი, უბრალოდ, მოღალატეები არიან.

- როგორ არის, რომ თქვენ - გვარად სვანიძეს გინდათ დაამტკიცოთ, რომ თურქი ხართ?

- მე არ მჭირდება ამის მტკიცება. უბრალოდ, როცა მამა ჯარში გაიწვიეს, ის იყო მევლუდ ოღლი მურატი. სამხედრო კომისარიატში ის როგორღაც სვანიძედ იქცა. ყველა, ვისაც გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოსა და 40-იანების დასაწყისში გაიწვიეს, ყველას გვარი ქართულად გადააკეთეს. ადამიანებს არ ჰქონდათ დოკუმენტები, ისინი წერა-კითხვის უცოდინრები იყვნენ და არ შეეძლოთ წინ აღდგომოდნენ ამ პროცესს.

- როგორ გგონიათ, დეპორტირებული ხალხის რა ნაწილის აზრს გამოხატავთ?

- აბსოლუტური უმრავლესობის. ალბათ, იცით, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება მკაცრად შეუდგა იმის მოთხოვნას, რომ თავი ქართველებად გვეღიარებინა, ანუ - ბოლო ათი წლის მანძილზე მარტო თურქეთში ახალციხელი თურქებიდან 35 ათასი ადამიანი წავიდა.

- რამდენი ადამიანი ისურვებდა დღეს საქართველოში დაბრუნებას?

- ზუსტი რაოდენობა არავინ იცის.

- მეტ-ნაკლებად ზუსტი?

- დაახლოებით 300 ათასამდე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არ შეიძლება რიცხვებზე ჩაციება. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს დადგენილება თურქების რეაბილიტაციისა და მათი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების შესახებ, რის შემდეგაც ყველა მსურველს შეეძლება სამშობლოში დაბრუნება. აი, მაშინ კი ახალციხის რაიონი აყვავდება.

- როგორც ჩემთვის არის ცნობილი, თქვენ გსურთ მაინცდამაინც ახალციხის რაიონში დაბრუნება.

- დიახ. ჩვენი პრინციპული პოზიცია ასეთია - უნდა დავბრუნდეთ იქ, საიდანაც გაგვასახლეს.

- რამდენი ადამიანი გაასახლეს მაშინ?

- 46 ათასი ადამიანი მაშინ უკვე ფრონტზე იმყოფებოდა. დაახლოებით 90 ათასი თურქი, ხიმშინებთან და ქურთებთან ერთად გაასახლეს. იმ 46 ათასიდან კი 26 ათასი არ დაბრუნებულა.

- იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პროცესი დაიძვრება, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ყველა დეპორტირებულის ერთსა და იმავე ადგილას კომპაქტურად ჩასახლება, სულაც რომ გამოვრიცხოთ ამ საკითხისადმი პოლიტიკური მიდგომა. თუკი განვიხილავთ ვარიანტს, როცა საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას და ამ ხალხს შესთავაზებს საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ჩასახლებას, როგორ გგონიათ, იმუშავებს ეს ვარიანტი, თუ თქვენ და თქვენი თანამემამულეები ამის წინააღმდეგი იქნებით?

- წინააღმდეგობის გაწევას ჩვენ ვერაფრით ვერ შევძლებთ. ეს თითოეული ჩვენგანის ნებაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ეს ძალიან უხეირო ვარიანტი იქნება. რადგან 80-იან წლებში საქართველო, თუ გახსოვთ, შეეცადა ამ ადამიანების ჩასახლებას მახარაძეში, ზუგდიდში, სამტრედიაში... იქ მხოლოდ ერთეულები - ათეულობით ოჯახი წავიდა. მაგრამ თუკი იქნება დადგენილება ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების შესახებ, მაშინ, ჩემი აზრით, უმეტესობა წავა.

- წავლენ იქ, სადაც იქნება ჩასახლების საშუალება, არა?

- არა. სახელდობრ ახალციხის რეგიონში.

- პირადად თქვენ თუ აპირებთ ახლა შეერთებულ შტატებში წასვლას?

- დიახ, ვაპირებთ, რადგან ჩვენს ხალხს აქ არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია. ხორციელდება მუდმივი ზეწოლა, დისკრიმინაცია სწორედ ნაციონალური ნიშნით. კრასნოდარის მხარის გუბერნატორი მუდმივად ახსენებს თავის ხალხს, რომ ჩვენ სტუმრები ვართ, რომ თურქები უცხო ტომია და უნდა წავიდნენ.

- როგორ გგონიათ, ადამიანების იმ ნაწილმა, რომელიც შტატებში გამგზავრებას აპირებს, მაგალითად - თქვენ დაკარგეთ საქართველოში დაბრუნების იმედი?

- სამშობლოში დაბრუნების იმედს ჩვენ არასდროს დავკარგავთ. შტატებში ყოფნის დროსაც შევეცდებით მივაღწიოთ იმას, რომ საქართველომ ჩვენს ხალხს სამშობლოში დაბრუნების ნება დართოს. სადაც უნდა ვიყოთ, სამშობლო ჩვენთვის წმიდათაწმიდად რჩება.

- როგორც სახელმწიფო დეპარტამენტიდან შევიტყვე, შტატებში 5 წლიანი ცხოვრების შემდეგ ამ ადამიანებს შეეძლება მოქალაქეობის მიღება. განა ბევრი შეძლებს წინ აღუდგეს ამ, თუ შეიძლება ითქვას, ცდუნებას?

- როგორც გვპირდებიან, როცა ხუთი წლის შემდეგ მივიღებთ მოქალაქეობას, ამ პასპორტებით შეგვეძლება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ცხოვრება. სურვილის შემთხვევაში კი, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით ვესტუმროთ საქართველოს და მოლაპარაკება ვაწარმოოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ ეს საკითხი გადაწყდეს როგორც გასახლებული ხალხის, ისე საქართველოს საკეთილდღეოდ.

- ბატონო სვანიძე რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ საქართველოში და კონკრეტულად ახალციხის რაიონში დაბრუნებით თქვენ და თქვენი თანამემამულეები აყვავდებით? ეს უფრო მორალური მიდგომაა საკითხის მიმართ, თუ რაღაც სხვა?

- ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. მაშინ, როცა ჩვენი მამა-პაპა ახალციხის რეგიონში ცხოვრობდა, მხოლოდ თოხითა და ბარით, ახერხებდნენ საკუთარი თავისა და მთელი რეგიონის გამოკვებას. როცა 1998 წელს დელეგაციასთან ერთად ახალციხეში ჩავედი, შევხვდი ხალხს. ის მოხუცები, რომლებსაც ახსოვთ ჩვენი წინაპრები, გვთხოვდნენ, რომ დავბრუნებულიყავით, რომ ჩვენი შრომის შედეგად იქ ისევ გაჩენილიყო პროდუქტი, სამუშაო და ახალციხის რეგიონი აყვავებულიყო. ამას გვეუბნებოდა ხალხი ქუჩაში: ბევრი მათგანი იყო სომეხი, ქართველი, აჭარელი... თქვენ იკითხეთ, დავეტევით თუ არა ჩვენ იქ. საქმე ის არის, რომ, ალბათ, თავადაც მოგეხსენებათ, 84 სოფელი აღგვილია პირისაგან მიწისა. იქ არავინ ცხოვრობს. ჩვენ ვთავაზობდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ დაცარიელებულ სოფლებში დასახლების უფლება მაინც მოეცა. არ ვიცი, რით ხელმძღვანელობს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით ამის წინააღმდეგია. ეს ძალიან მცდარი ნაბიჯია საქართველოს მხრიდან.
XS
SM
MD
LG