Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოემბრის არჩევნებში პრეზიდენტ ბუშს დემოკრატი სენატორი ჯონ კერი დაუპირისპირდება


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს ორ მარტს, რომელიც შეერთებულ შტატებში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ "სუპერსამშაბათის" სახელითაა ცნობილი,

პირველად არჩევნებში, რაც ათ შტატში გაიმართა, სენატორმა ჯონ კერიმ ცხრაში, მათ შორის ორ უდიდეს შტატში, ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში გაიმარჯვა და ამდენად, დემოკრატიული პარტიის სახელით დაუპირისპირდება ნოემბრის არჩევნებში მოქმედ რესპუბლიკელ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს.


[ჯონ კერის ხმა]: "მადლობთ, მადლობას გიხდით ყველას! მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს ერთი სანაპიროდან მოერემდე, ვინც დღეს, ამ "სუპერსამშაბათს", მხარი დამიჭირა. უღრმესი მადლობა" -განაცხადა ჯონ კერიმ ვაშინგტონში გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე.

ადრე კერიმ, პირველადი არჩევნები, 20-დან 18 შტატში მოიგო. კერის მთავარმა მეტოქემ დემოკრატიული პარტიიდან, სენატორმა ჯონ ედუარდსმა ჯორჯიის შტატში მოიპოვა ერთადერთი გამარჯვება.

ვერმონტი იყო ის ერთადერთი შტატი, სადაც კერიმ მარცხი იგემა 2 მარტს. თუმცა არც ჯონ ედუარდსს გაუჯმარჯვია იქ. ამომრჩევლებმა ნდობა გამოუცხადეს ამ შტატის ყოფილ გუბერნატორს ჰაუარდ დინს, რომელიც კარგა ხნის წინათ გამოეთიშა პაექრობას.

პირველი განაცხადი საბოლოო გამარჯვებისა კერიმ გააკეთა ამ 6 კვირის წინათ, როცა პირველადმა არჩევნებმა აიღო სტარტი და სენატორმა კერიმ აიოვას შტატში მოიპოვა გამარჯვება. მას შემდეგ, ვიეტნამის ომის გმირსა და ვეტერან სენატორს მასაჩუსეტსის შტატიდან სულ უფრო მეტი მომხრე უჩნდება. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას კერი პრეზიდენტ ბუშის საქმიანობას აკრიტიკებდა [ჯონ კერის ხმა]: "ჩვენს ოპონენტებს არაფერი აქვთ სათქმელი სამუშაო ადგილების, ჯანდაცვისა თუ ფისკალური მდგომარეობის შესახებ. ნაცვლად ამისა, ჯორჯ ბუში, რომელიც დაგვპირდა, რომ "გამაერთიანებელი" გახდებოდა, დიდი "დამყოფი" გახდა".

კერის მთავარმა მეტოქემ დემოკრატიული პარტიიდან, სენატორმა ჯონ ედუარდსმა ჩრდილოეთი კაროლინის შტატიდან, ამომრჩეველთა წინაშე გამოსვლისას, სამშაბათს ჯორჯიის შტატში, დამარცხება აღიარა და ჯონ კერის მიულოცა პირველად არჩევნებში გამარჯვება [ჯონ ედუარდსის ხმა]: "მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამარჯვება მივულოცო ჩემს მეგობარს, სენატორ ჯონ კერის. მან წარმატებით წარმართა კამპანია. ის, რისთვისაც კერი იღწვის, თვითეული ჩვეგანის მიზანიცაა: მეტი სამუშაო ადგილები, უკეთესი ჯანდაცვა, უფრო სუფთა გარემო, უფრო მეტდ უსაფრთხო მსოფლიო. ესაა ჩვენი პარტიის, ჩვენი ქვეყნის მიზნები, და სწორედ ეს მიზნები მოგვიტანს ჩვენ ნოემბერში გამარჯვებას" - განაცხადა სენატორმა ედუარდსმა.

პრეზიდენტ ბუში ტელეფონით დაუკავშირდა სამშაბათს ღამით ჯონ კერის და მიულოცა პირველად არჩევნებში გამარჯვება. ბუშმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ "უკომპრომისო ბრძოლას" მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში.
XS
SM
MD
LG