Accessibility links

logo-print

რა იწვევს ქალთა საზარელ თვითმკვლელობებს ავღანეთში?


დღეს აღარ ვისაუბრებთ დედის დღეზე,

რომლის შესახებ ჩვენს გადაცემაში, ვფიქრობთ, უკვე საკმარისი ითქვა. რაც შეეხება დედის დღეს უცხოეთში - მას უთუოდ დავუთმობთ პროგრამას მაისში, როცა ამ თარიღს დასავლეთის ქვეყნებში აღნიშნავენ. ახლა კი სულ სხვა თემაზე. თუმცა, თხრობას ერთი ახალგაზრდა დედის ტრაგიკული ბედით დავიწყებთ.

ეს ახალგაზრდა ქალი დასავლეთ ავღანეთში, ჰერათის პროვინციაში ცხოვრობდა და მეხუთე ბავშვზე ორსულად იყო, როცა თავის მოკვლა სცადა. რატომ? ამის შესახებ გვიამბობს გურჩარან ვირდე, ორგანიზაცია "მედიკა მონდიალეს" თანამშრომელი, რომელსაც კრიზისით მოცულ რეგიონებში ქალებთან მუშაობა უწევს. [ვირდეს ხმა] "ერთ-ერთი ქალი, რომელიც გავიცანი, 29 წლის იქნებოდა. უკვე 4 შვილი ჰყავდა და მეშვიდე თვეში იყო, როცა ცეცხლი წაიკიდა. პრობლემები ჰქონდა ქმართან და მის ოჯახთან - ქალს თავისიანების სანახავად არ უშვებდნენ. მანაც ცეცხლი წაიკიდა. მერე ბავშვი გააჩინა - ყოველგვარი გამაყუჩებლის გარეშე. ჩვილი გოგონა მოსავლელად დეიდამ წაიყვანა, დედა კი მშობიარობიდან 3 კვირაში გარდაიცვალა".

ამ ქალის თვითმკვლელობა გამონაკლისი როდია: "მედიკა მონდიალეს" თანამშრომელს ავღანეთში ხშირადა აქვს შეხება ქალებთან, რომლებმაც თავის მოკვლა სცადეს. და მისი მონათხრობი ჩვენი რადიოს კორესპონდენტ გოლნაზ ესფანდიარისთან საუბარში, სხვა წყაროებითაც დასტურდება.

ავღანეთის სამთავრობო დელეგაცია გასულ კვირაში ჰერათში მოგზაურობის შემდეგ იუწყებოდა, რომ ბოლო თვეებში ამ პროვინციაში თავი დაიწვა სულ ცოტა 52-მა ქალმა. გასული წლის მანძილზე კი ჰერათის რეგიონულმა საავადმყოფომ თვითმკვლელობის 160 მცდელობა აღრიცხა გოგონებსა და ქალებს შორის (მათი ასაკი 12-დან 50 წლამდე მერყეობს).

გურჩარან ვირდე, რომელიც წეღან მოგვითხრობდა თვითმკვლელ ორსულ ქალზე, ვარაუდობს, რომ რეალური სტატისტიკა გაცილებით უფრო მაღალია: [ვირდეს ხმა] "საავადმყოფოებში ოფიციალური სტატისტიკით აღრიცხულია ქალები, ვინც საავადმყოფოში მივიდა, ვისაც უმკურნალეს. მაგრამ არის კიდევ ბევრი შემთხვევა, როცა ცეცხლს იკიდებენ ქალები სოფლებში, პროვინციებში. ამ ქალებზე სტატისტიკა არ ვრცელდება. ნაწილობრივ იმის გამო, რომ ან საავადმყოფოში არ მიდიან, ან სოფელშივე იხოცებიან. ეს შემთხვევები ოფიციალური უწყებების ყურადღების მიღმა რჩება".

სიღატაკე, იძულებითი ქორწინებები, უარი განათლების მიღებაზე - ავღანელი ექსპერტების ინფორმაციით, ასეთია მთავარი მიზეზები, რომლებიც ჰერათში ქალებს შორის თვითმკვლელობებს იწვევს.კიდევ ერთ მიზეზად ოჯახში ძალადობას ასახელებენ [ვირდეს ხმა] "ბევრი ქალი ამბობს, რომ ქმარი არ უშვებს თავისიანებთან. მათი გადაადგილება მკაცრად არის შეზღუდული და გავრცელებულია მათდამი ძალადობაც - ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური. ხშირია დაშინება და იზოლაცია".

ჩვენს გადაცემებში არაერთხელ გვქონია საუბარი ავღანეთში თალიბანის მმართველობაზე, რომლის დროსაც (1996-2001 წლებში) ქალებს სწავლასა და მუშაობას, შინიდან ბურკის (თავიდან ფეხებამდე შემმოსველი მოსასახამის) გარეშე და ნათესავი მამაკაცის თანხლების გარეშე გასვლა უკრძალავდნენ. მაგრამ თალიბანის რეჟიმის დამხობიდან უკვე 2 წელიწადზე მეტია გასული და, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალავები ოფიციალურად გაუქმდა, ავღანეთის ბევრ რეგიონში, მათ შორის ჰერათში, ქალებისათვის ბევრი არაფერი შეცვლილა. გურჩარან ვირდე განმარტავს: [ვირდეს ხმა] "ქალებს არა აქვთ უფლება, ტაქსით მარტო იმგზავრონ. მათ საზოგადოება, ასე ვთქვათ "უთვალთვალებს", თუ უცხო მამაკაცს ესაუბრებიან. ქალებისაგან ბურკით სიარულს მოითხოვენ, შეზღუდულია მათი უფლება, იმუშაონ. სულ ახლახანს ჰერათში დახურეს ქალთა მაღაზია, რომელშიც ბევრი ქალი მუშაობდა. დაიხურა ქალთა ავტოსკოლაც".

ჩვენი რადიოს ჰერათელი კორესპონდენტი, აჰმად ბასირი სამწუხარო დასკვნას აკეთებს:ქალებს დღეს ისევე უჭირთ, როგორც თალიბანის რეჟიმის წლებში. [ბასირის ხმა] "ქალები ამბობენ, რომ იმედი ჰქონდათ: თალიბანის დამხობის, ხელისუფლების სათავეში დროებითი მთავრობის ჩადგომის შემდეგ ქალების მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, ბევრი შეზღუდვა მოისპობოდა. მაგრამ ცვლილებები არ ჩანს და ქალები მიმართავენ საკუთარი თავისადმი ძალადობის უკიდურეს ფორმას - პროტესტის ნიშნად თავს იწვავენ. ამ ქალების უმრავლესობა წერა-კითხვის მცოდნეა, ზოგი მათგანი - სტუდენტიც."

თუ სასოწარკვეთილ ადამიანებს შორის განსაკუთრებით სასწარკვეთილები შეიძლება იყვნენ, ასეთებს ავღანეთში ემიგრაციიდან დაბრუნებულებს შორის შეხვდებითო, იუწყება ჩვენი კორესპონდენტი. მას ახალგაზრდა ჰერათელი ქალი მინა მოუყვა თავის დაზე, რომელმაც თავი მოიკლა სამშობლოში ირანიდან დაბრუნების შემდეგ. [მინას ხმა] "ადრე ირანში ვცხოვრობდით, მივეჩვიეთ იქაურობს, მოგვწონდა იქ ყოფნა. მაგრამ ჰერათში დაბრუნების შემდეგ, ძალიან შეგვავიწროვეს. ჩემი და სულ ამბობდა: ნეტა არასოდეს დავბრუნდეთ ავღანეთში, ნეტა ჰერათში არ ამოვიხუთოო. მას არც ოჯახში აკლდა პრობლემები: საქმრო არ მოსწონდა, არადა აიძულებდნენ მასზე დაქორწინებას".

თვითმკვლელობის და თან თვითმკვლელობის, ალბათ, ყველაზე საზარელი ფორმის - თავის დაწვის გახშირება, შეუძლებელია, საზოგადოებაში შეშფოთებას არ იწვევდეს. ჰერათის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ შარშან საგანგებო პროგრამით მოუწოდა მამაკაცებს, მეტი გულისხმიერება გამოიჩინონ ქალებთან ურთიერთობაში. გოგონებისა და ქალებისადმი ძალადობის სიმახინჯეზე ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მაგრამ გურჩარან ვირდე - შეგახსენებთ, ჰუმანიტარულ ორგანიზაცია "მედიკა მონდიალეს" თანამშრომელი - ფიქრობს, რომ ეს საკმარისი არ არის: [ვირდეს ხმა] "მიუხედავად იმისა, რომ ქალთა ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და ქალთა საკითხების დეპარტამენტი ცდილობენ, საზოგადოებას გააგებინონ, რამდენად მძიმეა თვითმკვლელობის პრობლემა, საქმე ის არის, რომ ქალები ბევრი აკრძალვით არიან შეზღუდული: ზოგჯერ შინიდან ვერ გადიან და ისიც უჭირთ, დახმარების თხოვნით ვინმეს მიმართონ".

საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ქალებს სამკურნალოდ ექიმთან, საავადმყოფოში არ უშვებენ. თუმცა, ეს უკვე სხვა საუბრის თემაა. ერთ-ერთ შემდეგ გადაცემაში ამაზეც გიამბობთ.
XS
SM
MD
LG