Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა პროტესტი პატიმრობით დასრულდა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 3 მარტს, დასვენების დღის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტის დღის განრიგი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. გამთენიისას შინაგანი ჯარის ერთ-ერთი ნაწილის დაუგეგმავი ინსპექტირების შემდეგ

მიხეილ სააკაშვილი პენსიონერებთან შეხვედრას გეგმავდა, თუმცა დილით მოულოდნელად გუდაურში გაემგზავრა. უკვე საღამოს თბილისში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა უშიშროების საბჭო მოიწვია, რომელზეც ძალოვანებმა უშიშროების სამინისტროს ზუგდიდის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომელთა მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობის ფაქტი განიხილეს. როგორ ვითარდებოდა მოვლენები ზუგდიდში 3 მარტს?



ის, რომ უშიშროების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ზუგდიდის განყოფილების პირადი შემადგენლობა გადადგა, 3 მარტს დილით გახდა ცნობილი. უშიშროების თანამშრომელთა ეს გადაწყვეტილება საკადრო დანიშვნამ გამოიწვია - რამდენიმე დღის წინ სამეგრელო-ზემო სვანეთის უშიშროების სამხარეო სამმართველოს უფროსად თემურ გაბუნია დაინიშნა. საერთო კრებაზე ახალმა უფროსმა თანამშრომლებს კორუფციასა და მექრთამეობაში დასდო ბრალი და საკუთარი სურვილით თანამდებობიდან წასვლის განცხადების დაწერა ურჩია. თანამშრომლებმა ეს განცხადება კი დაწერეს, მაგრამ ახალ უფროსს არაპროფესიონალი უწოდეს და შენობაში არ შეუშვეს.
თემურ გაბუნიას, რა თქმა უნდა, არაპროფესიონალს ნამდვილად ვერ უწოდებს კაცი. ჯერ ერთი, იგი 1996-98 წლებში ხელმძღვანელობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის უშიშროების სამხარეო სამმართველოს. და მეორე - 3 მარტს მან ჩეკისტისთვის დამახასიათებელი თვისებების დემონსტრირება მოახდინა: ჩვენი ზუგდიდელი თანამშრომლის ლაშა ბერულავას ცნობით, საპტროტესტო აქციის დასრულების შემდეგ თემურ გაბუნიამ ყოფილი თანამშრომლები შეხვედრისთვის სამმართველოს შენობაში დაიბარა, სადაც რამდენიმე წუთში აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა დააკავა:
[ ლაშა ბერულავას ხმა] " სპეცოპერაციის წინ, რამდენიმე წუთით ადრე, უშიშროების სამხარეო სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა ახლად დანიშნული უფროსის, თემურ გაბუნიას, კაბინეტში. გავრცელებული ინფორმაციით, ეს შეხვედრა თავად თემურ გაბუნიას ინიციატივით შედგა."
ზუგდიდში ჩატარებულ ოპერაციას ოპერატიულად გამოეხმაურა უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობა. უშიშროების მინისტრის მოადგილის გიგი უგულავას განცხადებით, დაკავებული უშიშროების თანამშრომლები შემჩნეულნი არიან კრიმინალურ წრეებთან კავშირში. მისი თქმით, ასეთი თანამშრომლებისგან უშიშროების სამინისტროს რიგების წმენდა კვლავაც გაგრძელდება:
[ გიგი უგულავას ხმა] " უშიშროების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა მონაწილე პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფებისა და უშიშროების სამინისტროს სპეციალური დანაყოფების მონაწილეობით დაკავებულია და დღეს საღამოს მოხდება მათი გადმოყვანა თბილისში."(სტილი დაცულია)
დაკავებულთა შორისაა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსი გოგი ნაჭყებია, რომელიც უშიშროების სფეროში ერთ-ერთ კარგ პროფესიონალად ითვლება. საერთოდ კი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა პროტესტს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები აცხადებენ. როგორც გახსოვთ, ქართულ ჯარში უკმაყოფილება ადრეც გამოთქმულა და მცირე ბუნტიც ბოლო წლების მანძილზე არაერთგზის მომხდარა. ამ ეტაპზე ზუგდიდში დაკავებული უშიშროების ყოფილი თანამშრომლები დუმილის უფლებას იყენებენ. სისხლის სამართლის საქმე მათ მიმართ ჯერ აღძრულიც არ არის.
XS
SM
MD
LG